Thumbnail
  • ‘ძალიან განიცდის, რადგანაც ბოლომდე სჯეროდა, რომ თამაშის უფლებას მოგვცემდნენ’
  • თემურ ქეცბაიას ანორთოსისს ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი წაართვეს

ფამაგუსტას ანორთოსისის მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება და ჯერაც ვერ გადაუტანია, რომ კვიპროსის პირველობის ნაადრევად შეწყვეტის გამო, მისმა გუნდმა ჩემპიონობის შანსი დაკარგა. ამ თემაზე კომენტარი ანორთოსისის გენერალურმა დირექტორმა იანოს კონსტანტინუმ გააკეთა.

“თემური დეპრესიაშია. ძალიან განიცდის, რადგანაც თვლის, რომ უსამართლოდ მოექცნენ. მას ბოლომდე სჯეროდა, რომ თამაშის უფლებას მოგვცემდნენ და ანორთოსისი პირველ ადგილს ღირსეულ ბრძოლაში მოიპოვებდა. უეფას პოზიციებიც თითქოს ჩვენს მოსაზრებას ამყარებდა, მაგრამ კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციამ გაუგებარი გადაწყვეტილება მიიღო”.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ვერდიქტის თაობაზე ორიოდ დღის წინ გახდა ცნობილი. მის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის გამო, კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატი დასრულებულად გამოცხადდა. შედეგად, ანორთოსისი, რომლის ღირსებასაც რამდენიმე ქართველი ლეგიონერი იცავს, ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა, გამარჯვებულად კი ომონია გამოცხადდა.

ახლაღა გახდა ცნობილი, რომ ანორთოსისი აშკარა უმცირესობაში გახლდათ, რადგანაც კვიპროსის პირველი და მეორე დივიზიონებიდან სეზონის გაგრძელებას მხარი მხოლოდ ორმა კლუბმა დაუჭირა, 18 კი წინააღმდეგი იყო. ფამაგუსტელთა გარდა, თამაშის განახლებას ლარნაკას აეკ-იც ითხოვდა.

აღსანიშნავია, რომ ომონიას და ანორთოსისს 23 ტურის შემდეგ ქულათა ერთნაირი რაოდენობა ჰქონდათ – 46-46, თუმცა ცხრილში პირველ ადგილზე ომონია იყო, რომელსაც ქეცბაიას გუნდთან ურთიერთშეხვედრებში უკეთესი მაჩვენებელი (ფრე და მოგება) ჰქონდა. ახლა, ომონია კვიპროსს ჩემპიონთა ლიგაში წარადგენს, ანორთოსისი, აპოელ-ი და აპოლონი კი ევროპალიგაზე ითამაშებენ.

იუწყებიან, რომ კვიპროსული უმაღლესი ლიგიდან არავინ დაქვეითდება, 2020/21 წლების სეზონში კი ქვედა დივიზიონიდან ორი გუნდი დაემატება და ტურნირი 14-გუნდიანი გახდება.

2019/20 წლების სეზონში თემურ ქეცბაიასა და სოსო ჭედიას მიერ გაწვრთნილი ანორთოსისის ღირსებას გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, ჯანო ანანიძე და ნიკა კაჭარავა იცავდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები