Thumbnail
  • ‘სასწრაფოდ შევთანხმდით, გამოსასყიდი თანხა 250 მილიონამდე აგვეწია’
  • ჟოან ლაპორტამ გაიხსენა, როგორ ჩაიშალა ლეოს მილანში გადაბარგება 

ბარსელონას ვარსკვლავი ლიონელ მესი ძალიან ახლოს იყო მილანის ინტერში გადასვლასთან. იტალიური კლუბის არგენტინელის სანაცვლოდ დიდ ფულს იხდიდა და მაშინ კატალონიელებმა დიდ ცდუნებას გაუძლეს. 2006 წელს მომხდარი საინტერესო ამბავი ბარსას ექს-პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ გაიხსენა. ის კლუბს 2003-2010 წლებში ხელმძღვანელობდა.

“ინტერმა წინადადებით 2006 წელს მოგვმართა და ეს სერიოზული თემა გახლდათ, რადგანაც ისინი მზად იყვნენ მესის გამოსასყიდი თანხა სრულად გადაეხადათ. საუბარი 150 მილიონ ევროზე იყო და ტრანსფერი ძალიან რეალური გახლდათ. ფაქტობრივად, ეს ფული მაგიდაზე გვედო. იმ დროს მთავარი ლეოს მამასთან ურთიერთობა იყო, რომელთანაც საერთო ენა უკვე გამონახული მქონდა. ამდენად, სწრაფადვე შევთანხმდით, რომ მისი შვილის გამოსასყიდი თანხა 250 მილიონამდე აგვეწია. ჩვენი საუბრები ახლაც კარგად მახსოვს. ვუთხარი: არ მინდა მილანში მისი გაშვება, რადგანაც ჩვენთან უფრო ბედნიერი იქნება და მეტსაც მიაღწევს. შესაძლოა, ინტერში მეტი გადაუხადონ, მაგრამ ტიტულების მოგება გაუჭირდება. ლეოს მისიაა მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს და გუნდი, რომელიც მას ამაში დაეხმარება, სწორედ ბარსელონაა”.

დაზუსტებით ვერ ვიტყვით, არგენტინელი ვარსკვლავის ინტერში გადაბარგების შემდეგ რა მოხდებოდა, თუმცა, ფაქტია, რომ ბარსაში მან მთელი ეპოქა შექმნა. ლიონელი კატალონიელთა მთავარ გუნდში 2003 წლიდან თამაშობს და უამრავი ტიტულის მფლობელია. სხვათაგან ესპანეთის ლა ლიგის 10-გზის ჩემპიონობა და ჩემპიონთა ლიგის 4 ტიტული უნდა გამოვარჩიოთ. მას “ოქროს ბურთი” 6-ჯერ აქვს დასაკუთრებული.

კომენტარები

ბოლო ამბები