Thumbnail

კვერკველიას ფასი ცნობილია - ლოკომოტივი ქართველის სანაცვლოდ მილიონებს ელის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'იმ პუნქტით ისარგებლებენ, სადაც გამოსასყიდ თანხად 4 მილიონი ევროა მითითებული'
  • რუსული კლუბი 28 წლის ქართველი მცველის იჯარის წესით გასხვისებას არ აპირებს

ცნობილი გახდა სავარაუდო თანხა, რომლის სანაცვლოდაც მოსკოვის ლოკომოტივი ქართველ მცველ სოლომონ კვერკველიას შეელევა. საუბარია 4 მილიონ ევროზე, რომელიც რუსულ კლუბს ჩვენებურის გამოსასყიდ ღირებულებად აქვს მითითებული.

შეგახსენებთ, რომ კვერკველიას შესაძლო გასხვისების შესახებ მორიგი ცნობა გუშინ გავრცელდა, ახლა კი, დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც ირკვევა, ლოკომოტივი სოლომონის იჯარის წესით გაშვებას არ გეგმავს და მხოლოდ გაყიდვაზეა თანახმა, რადგანაც ფინანსური კრიზისის ჟამს, რეალური ფული სჭირდება.

28 წლის კვერკველიას მოსკოვურ კლუბთან კონტრაქტი კიდევ 1 წელი აკავშირებს, ქართველი ლეგიონერის ხელფასი კი 1.8 მილიონი ევროა. გუშინ დაიწერა, რომ კვერკველიას თავის რიგებში ხილვა კრასნოდარს, როსტოვსა და როტორს სურთ, დამატებით დეტალებს კი Metaratings.ru ავრცელებს.

“ჩვენი ინფორმაციით, კრასნოდარის ინტერესი მართლაც რეალურია, როტორთან მოლაპარაკებას კვერკველიას აგენტი მამუკა ჯუღელი აწარმოებს, როსტოვი კი ამ ამბავში ჩარევას არ აპირებს. მოსალოდნელია, ქართველი მცველის მსურველი კლუბები მის კონტრაქტში არსებული პუნქტით ისარგებლებენ, სადაც გამოსასყიდ თანხად 4 მილიონი ევროა მითითებული”.

შეგახსენებთ, რომ სანამ კორონავირუსის გამო თამაშები შეწყდებოდა, კვერკველიას ამ სეზონში ლოკომოტივის მაისურით 6 მატჩი ჰქონდა ჩატარებული, საერთოდ კი, რუსულ გუნდში 2017 წლიდან ირიცხება. პრემიერლიგის 22 ტურის თავზე მოსკოვურ კლუბს 41 ქულა აქვს და მე-2 ადგილზეა, ამდენად, ჩემპიონთა ლიგაში თამაშის კარგი შანსი გააჩნია.

კომენტარები

ბოლო ამბები