Thumbnail
  • 'ციციპასი და ზვერევი ერთმანეთს ვერ იტანენ, არადა, თავს მეგობრებად გვაჩვენებენ'
  • 'ჯოკოვიჩი ჩემს მოწოდებას ემალებოდა, შენ კი მას ლომივით ხვდებოდი, ყველას სჯობიხარ'
  • ნიკ კირიოსი ღვინოს სვამდა და ისე საუბრობდა, ამდენად, თავი არაფერზე შეუკავებია

ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა ნიკ კირიოსმა შოტლანდიელ ენდი მარეისთან ერთად ინსტაგრამ-ლაივი გამართა და საინტერესო განცხადებებიც გააკეთა. კირიოსი თავშეკავებულობით არასდროს გამოირჩეოდა, ახლა კი, ჩართვის დროს პარალელურად წითელ ღვინოს სვამდა და ეტყობა ესეც იყო მიზეზი, რომ ბოლომდე გულახდილი გახლდათ.

ენდი მარეი და ნიკ კირიოსი ერთმანეთს კარგად უგებენ

“ენდი, ნამდვილი ლეგენდა შენ ხარ. ჩვეულებრივ ხალხს ჯოკოვიჩი, ნადალი და ფედერერი სულ არ აინტერესებს. უბრალო ადამიანებს შენ უყვარხარ და მეც მათ შორის ვარ. ლეივერის თასზე თამაში მიყვარს და იცი რატომ? იქ სამხიარულო ამბები ხდება. ევროპის ნაკრების წევრები ისე დაიარებიან, თითქოს დიდი მეგობრები იყვნენ, არადა, ერთმანეთი ფეხებზე ჰკიდიათ. გამოვლენ ხალხში და ერთმანეთისადმი პატივისცემას გამოხატავენ, ეს, უბრალოდ მაგიჟებს. ხომ ვიცი, რომ მაგალითად, ციციპასი და ზვერევი ერთმანეთს ვერ იტანენ. და ისინი თავს მეგობრებად გვაჩვენებენ? უბრალოდ, სასაცილოა. ჩვენ სხვანაირები ვართ. გაიხსენე, მადრიდში რომ ვითამაშეთ. გასახდელში ბევრნი ვიყავით, მაგრამ ყველას მე და შენი საუბრის მოსმენა სურდა. რატომ? იმიტომ, რომ საუკეთესოები სწორედ ჩვენ ვართ. 2014-ში მონრეალში გეთამაშე და მაშინ უბრალოდ გამანადგურე. მგონი, მხოლოდ 4 გეიმი მოვიგე. იმ თამაშში ჩოგბურთის აზრზე არ ვიყავი. 4 გეიმის მერე მივხვდი, რომ სჯობდა, კორტიდან სწრაფად გავქცეულიყავი.

ვიცი, რომ რაფასთან მეგობრობ, მაგრამ მაინც უნდა გითხრა. მასთან რომ შანსი მექნებოდა, ყოველთვის ვიცოდი. ვფიქრობ, უიმბლდონზე საკმაოდ დამჯერებლად მოვუგე. ის ჩემს მოწოდებას ვერ უმკლავდებოდა, შენ კი, ეს მოახერხე. ამიტომაც ხარ ყველაზე ძლიერი. წესით, ყველაზე მაგარი კარიერა უნდა გქონოდა. ისედაც, ცოცხალი ლეგენდა ხარ. არ მინდა, სკანდალურ განცხადებად ჩამითვალონ, მაგრამ ჯოკოვიჩზე წინ დგახარ. ის ჩემს მოწოდებას ემალებოდა, შენ კი მას ლომივით ხვდებოდი. გეუბნები, ამ სამეულს სჯობიხარ. ახლა, ტვიტერში ამას ნახავენ და ყველა გადაირევა, მაგრამ მე ასე მჯერა. კარგი, ჯოკოვიჩზე უკეთესი ხომ ნამდვილად ხარ. შენ ჩემს მოწოდებას შუაში ელოდი, ის კიდევ ყოველთვის გვერდით ხაზთან იდგა. ჯოკოვიჩს ჩემს მოწოდებაზე მატჩბოლი ჰქონდა, მაგრამ ვერაფერს გახდა, შენ კი თავიდანვე მიხვდი, მას როგორ უნდა დახვედროდი. ჰო, ეს ნადალმაც ვერ გაიგო. ღვინის სმა? გარკვეული პრობლემები რომ მაქვს, მშველის ხოლმე. ისე, კარანტინის ჟამს წითელი ღვინის მიმართ ჩემი ინტერესი მკვეთრად არის გაზრდილი”.

საუბრის ბოლოს კირიოსმა მარეის წყვილებში ერთად თამაში შესთავაზა, რაზეც შოტლანდიელისგან სახალისო პასუხი მიიღო: “თანახმა ვარ, ოღონდ, უნდა დამპირდე, რომ წესიერად მოიქცევი”.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის კირიოსი მსოფლიოს მე-40 ჩოგანი გახლავთ კარიერის პიკი კი 2016 წლის ოქტომბერში ჰქონდა, როდესაც მე-13 პოზიციას უწია. 33 წლის მარეის, რომელსაც ტრავმების გამო დიდი პერიოდი გაუცდა, ზურგს გაცილებით სახელოვანი კარიერა უმაგრებს. შოტანდიელს დიდი სლემის 3 ტურნირი (2-ჯერ უიმბლდონი და აშშ-ს ღია პირველობა) აქვს მოგებული და 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონია. 2016 წლის ნოემბერში ის მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახლდათ, ახლა კი, კლასიფიკაციაში 129-ე ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები