Thumbnail
  • საქართველო 25:16 რუმინეთი.
  • ბორჯღალოსნებმა ორივე ტიტული დაიბრუნეს.
  • რაგბი ევროპას ფარი სამუდამოდ საქართველოში რჩება.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპას გადამწყვეტ შეხვედრაში რუმინეთი 25:16 დაამარცხა. ბორჯღალოსნებს ჰიმნის შესრულებისას ეცვათ მაისურები, რომელზეც ტატუნაშვილი ეწერა. მორაგბეებმა ამით ქართველი მებრძოლის, არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს.

საქართველო 25-16 რუმინეთი | მიმოხილვა HIGHLIGHTS

🎥 | საქართველო 25-16 რუმინეთი | ყველა ლელო #HIGHLIGHTS ქართული სარაგბო თემისა და #ბორჯღალოსნების სახელით დიდ მადლობას გიხდით 55 ათას გულშემატკივარს, რომლებმაც ბოლომდე აავსეთ დინამო არენას ტრიბუნები და ერთად ვიმღერეთ საქართველოს #ჰიმნი #რაგბიჩვენითამაშია 🏉🏉🏉

Posted by Georgian Rugby on კვირა, 18 მარტი, 2018

პირველ ათ წუთში მეტოქეებმა ორი ჯარიმა გაიტანეს. სოსო მათიაშვილის საჯარიმოს რუმინელთა მხრიდან ვლაიკუმ უპასუხა. საქართველომ მე-20 წუთზე დადო ლელო. შერკინების შემდეგ, მოლი ჩამოყალიბდა - თავი ლაშა ლომიძემ გამოიჩინა. მათიაშვილმა გარდასახვის გატანა მოახერხა.

36-ე წუთზე ნაკრების კაპიტანი გიორგი ნემსაძე მინდვრიდან გააძევეს. ვლაიკუმ კი მეორე ჯარიმის გატანა მოახერხა და ტაიმი ბორჯღალოსანთა გამარჯვებით, 10:6 დასრულდა.

მეორე ნახევარი სიჭინავას ლელოთი განახლდა - ხმალაძის ბრწყინვალე პასის შემდეგ, ბორჯღალოსნებმა ლელო დადეს. მათიაშვილი გარდასახვის დროა ზუსტი იყო. ორ წუთში მათიაშვილმა საჯარიმო დარტყმის გატანა მოახერხა. მე-60 წუთზე ვლაიკუმ ჯარიმა გაიტანა - 20:9

ბორჯღალოსნებმა მატჩის დასრულებამდე ათი წუთით ადრე რუმინელებს მესამე ლელო დაუდეს. კახა ასიეშვილმა ლელო დადო. სამწუხაროდ, მათიაშვილმა გარდასახვა ვერ გაიტანა.

მატჩს წერტილი რუმინელებმა დაუსვეს. ჯერ მოლით ლელო დადეს, ხოლო ვლაკიუმ გარდასახვა გაიტანა და საბოლოო ანგარიში - 25:16 დააფიქსირა.

რაც შეეხება მატჩისშემდგომ პრესკონფერენციას, მილტონ ჰეიგმა ტურნირი დადებითად შეაფასა.

მილტონ ჰეიგი: ყველაფერი მოვიგეთ, ყველა მატჩი ჩვენი გამარჯვებით დასრულდა, თან ორივე ტიტული დავიბრუნეთ. მთავარი მიზანი 2019 წელს მსოფლიო თასზე კარგი ასპარეზობაა. მზადება იწყება და ვეცდებით, რომ საუკეთესო შედეგი ვაჩვენოთ.

ნაკრების კაპიტანი გიორგი ნემსაძე: მაისურზე ტატუნაშვილის გვარის დაწერა გუნდური გადაწყვეტილება იყო და ამით, ოჯახის მიმართ თანაგრძნობა გამოვხატეთ. მატჩი ჩვენი უპირატესობით წარიმართა. მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც მოვიდნენ და ჰიმნი ჩვენთან ერთად იმღერეს.

თანამდებობიდან წავიდა რუმინელთა მწვრთნელი, ლინ ჰაულსი.

ლინ ჰაუელსი: მიუხედავად მსოფლიო თასზე გასვლისა, ნაკრებიდან მივდივარ. ამ ყველაფერზე გერმანიასთან და ესპანეთთან მარცხმა იმოქმედა. ვამაყობ ჩემი ნაკრებით და წარმატებებს ვუსურვებ რუმინეთს მსოფლიო თასზე.

საქართველომ რაგბი ევროპას ტიტულთან ერთად, ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასიც დაიბრუნა!

კომენტარები

ბოლო ამბები