Thumbnail

'ისხედით შინ და უყურეთ ბუნდესლიგას' - ჟოზე მოურინიო უკმაყოფილოა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ტოტენჰემის მთავარი მწვრთნელი ინგლისის პრემიერლიგის განახლებას ელოდება
  • პორტუგალიელი უკმაყოფილო იმ კოლეგებით დარჩა, რომლებსაც მოცდა სურთ

ლონდონის ტოტენჰემის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ ინგლისში საფეხბურთო სეზონის სწრაფად განახლების მომხრეა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ამ დრომდე შეწყვეტილია.

მედიაში თავდაპირველად გაჩნდა ინფორმაცია, რომ ინგლისის პრემიერლიგის განახლება 12 ივნისს იგეგმებოდა, თუმცა მოგვიანებით გამოცხადდა, რომ ტურნირის განახლება 19 ივნისამდე არ მოხერხდება.

პორტუგალიელს წვრთნის ნორმალური პროცესი ენატრება

ინგლისის ფეხბურთის ლიგების მწვრთნელთა ასოციაციის (LMA) კრებაზე მოურინიო პრემიერლიგის სწრაფად განახლების მოთხოვნით გამოვიდა. იუწყებიან, რომ სხვა მწვრთნელები, იურგენ კლოპისა (ლივერპული) და ხოსეპ გვარდიოლას (მანჩესტერ სიტი) გარდა, კიდევ მოცდას ითხოვდნენ. ამის გამო პორტუგალიელმა კოლეგებს ასე მიმართა: "არ გინდათ თამაში - ისხედით შინ და უყურეთ ბუნდესლიგას". 

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ჩემპიონატი პაუზის შემდეგ უკვე 16 მაისს ბრუნდება.

 "ვფიქრობ, რომ LMA-ს კრებაზე ჩემი პოზიცია მედიაში სწორად გაჟღერდა. ძალიან მინდა, რომ პრემიერლიგა დაბრუნდეს, როგორც კი ეს უსაფრთხო იქნება, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ვხედავთ, როგორ ემზადებიან სხვა ლიგები სათამაშოდ", - ამბობს მოურინიო.
 
ტოტენჰემის თავკაცი კმაყოფილია თავისი ფეხბურთელებით, რომლებაც კარანტინის პირობებშიც შეინარჩუნეს ფორმა.

"დისტანციურად წვრთნის რეჟიმში ყველანი ბევრს ვშრომობდით და ახლა საწვრთნელ ბაზაზე დაბრუნებას ველოდებით. ინდივიდუალურად მუშაობის პროცესში თავი თითოეულმა ფებურთელმა კარგად წარმოაჩინა, ახლა კი ველოდებით ნებართვას, რათა მცირე ჯგუფებად ვიმუშაოთ", - განაცხადა პორტუგალიელმა.

კიდევ როდის ახმაურდება ტოტენჰემის საშინაო არენა, ჯერ ძნელი სათქმელია

ინგლისის პრემიერლიგაში არასრული 29 ტურია ჩატარებული. სატურნირო ცხრილის სათავეში 82 ქულით ლივერპულია. თამაშით ნაკლები და 57 ქულა აქვს მანჩესტერ სიტის, რომელიც მეორეა. ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილი ტოტენჰემი 29 მატჩში 41 ქულით ცხრილში მე-8 პოზიციას იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები