Thumbnail

საკალათბურთო სუპერლიგა: უიღბლო ტური ლიდერებისთვის

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • კაკტუსი 134:73 სოხუმი
  • მგზავრები 97:86 რუსთავი
  • ოლიმპი 78:67 ქუთაისი
  • დინამო 75:77 მარნეული

საკალათბურთო სუპერლიგის 24-ე ტურში ყველაზე დაძაბული მარნეული-დინამოს დაპირისპირება იყო. მოულოდნელად, თბილისელებმა ჩემპიონატში ბოლოსწინა ადგილზე მყოფ გუნდთან წააგეს.

არადა, თამაში დინამოს უპირატესობით დაიწყო და პირველი ნახევარი ირაკლი ხოშტარიას გუნდმა 46:38 მოიგო.

მესამე მეოთხედიდან დელტა სულ სხვაგვარად ათამაშდა - ნიკოლას ნილის ლიდერობით მარნეულელებმა უპირატესობა მოიპოვეს და მატჩის დასრულებამდე 77:75 დაწინაურდნენ. დინამომ ბოლო შეტევა გააფუჭეს და დელტამ სენსაციური გამარჯვება მოიპოვა.

დელტას რიგებში 27 ქულით ნიკოლას ნილმა გაიბრწყინა, 14 ქულა საბა ლობჟანიძემ მოიპოვა, ხოლო 12 დეანდრე რეიმ. დინამოში 23 ქულით საუკეთესო იყო ლაველ ბოიდი.

ჩემპიონატის ლიდერმა ქუთაისმა ბოლო 3 დღეში 2 მარცხი განიცადა. ამჯერად, ქუთაისელები ოლიმპთან დამარცხდნენ 67:78.

თბილისელებმა პირველივე ტაიმში მოიპოვეს უპირატესობა, რომელიც მთელი შეხვედრის განმავლობაში შეინარჩუნეს.

ოლიმპის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო გივი ბაქრაძემ, რომლის ანგარიშზე 23 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასია. 20 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა ამერიკელმა მორის ჰილმა. მერაბ ბოქილიშვილის ანგარიშზე 13 ქულაა, გეგი ბაქრაძემ კი 10 ქულით და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. ქუთაისში 15 ქულით ჯონათან ლი გამოირჩა.

კაკტუსი-სოხუმის დაპირისპირება სუპერლიგის მიმდინარე გათამაშებაში რეკორდული გამოდგა როგორც ჩაგდებული ქულების რაოდენობით, ისე ანგარიშში დაფიქსირებული ქულათა სხვაობით.

არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა კაკტუსმა გია კაზარჯიანის სოხუმი 61 ქულის სხვაობით, 134:73 დაამარცხა!

მატჩის პერიპეტიების აღწერა ნაკლებად საინტერესოა, რადგან ანგარიშიდანაც ჩანს, რომ კაკტუსმა თავიდანვე კოლოსალური უპირატესობა მოიპოვა და თამაში ლოგიკურ გამარჯვებამდე მიიყვანა.

კაკტუსის რიგებში 27 ქულით ყველაზე შედეგიანი დავით ლომიძე იყო, ტერიკ ბრიჯმენის ანგარიშზე კი 23 ქულა, 15 მოხსნა და 10 პასია.

წააგო ლიდერთა სამეულის კიდევ ერთმა გუნდმა, რუსთავმა. ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფმა მგზავრებმა ქუთაისის დამარცხების შემდეგ, კიდევ ერთი შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვა.

მგზავრების 5 კალათბურთელი ასცდა 10-ქულიან ზღვარს, ხოლო ახალგაზრდა საბა აკობიას გარდა, ქულა ყველა კალათბურთელმა მოიპოვა. გუნდი ყველა რგოლში დაბალანსებული იყო და შედეგად, მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. 

მგზავრების რიგებში 16 ქულით ბომბარდირი ტეილორ სტეფორდი გახდა, ბერნარდ ნკალის ანგარიშზე კი 15 ქულა და 11 მოხსნაა.

სატურნირო ცხრილში 40 ქულით პირველ ადგილზე ისევ ქუთაისია, 38-38 ქულით მეორე-მესამე ადგილებს დინამო და რუსთავი იყოფენ. სამივე ამ გუნდმა განვლილ ტურში მარცხი განიცადა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები