Thumbnail
  • სან ანტონიოს კულტურა პოპოვიჩმა და დანკანმა შექმნეს
  • ტიმს მინიმალისტური სათამაშო სტილი ჰქონდა
  • სუფთა საკალათბურთო კრიტერიუმებით ის კობის და ლებრონის კალიბრის მოთამაშეა
  • სპურსი მედიისთვის ნაკლებად საინტერესო გუნდი იყო

ტიმ დანკანი ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშეა მათ შორის, ვინც ოდესმე პარკეტზე გასულა. გარანტირებულად შეიძლება ითქვას, რომ ის თამაშის ისტორიაში საუკეთესო მძიმე ფორვარდია - კაცი, რომელმაც პროვინციული სან ანტონიო კალათბურთის ელიტაში შეიყვანა. დანკანი ხუთგზის ჩემპიონი და კობისთან და ლებრონთან ერთად, პოსტჯორდანისეული ეპოქის საუკეთესო მოთამაშეა. მისი სპურსი თითქმის 20 წლის მანძილზე მუდმივად ლიგის ფავორიტებს შორის მოიაზრებოდა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, დანკანი თითქოს მაინც დაუფასებელია. მას არცთუ ისე ბევრი პირადი გულშემატკივარი ჰყავს და უდიდეს მოთამაშეებზე დისკუსიის დროს, მის სახელს არცთუ ისე ხშირად ახსენებენ. რატომ? რეალურად რა ძალა იყო ტიმ დანკანი და რატომ არ ვაფასებთ მას?

Big Fundamental

დანკანის შესახებ ბევრ რამეს მისი მეტსახელი 'Big Fundamental' გვეუბნება. 211-სანტიმეტრიანი დანკანი ‘დიდი’ რატომაც არის, გასაგებია, ‘ფუნდამენტური’ კი მის სათამაშო სტილსა და თვისებებს აღწერს. ის ყველაზე ნაკლებად ეფექტური სუპერვარსკვლავი იყო, ჰაილაითებში არასოდეს ხვდებოდა. სამაგიეროდ, თავის გუნდს ფუნდამენტურ რამეებს სთავაზობდა - ელიტური დაცვა, გარანტირებული 25 ქულა და 10 მოხსნა, თანაგუნდელების პროგრესირების უნარი და ლიდერობა პარკეტზე და მის მიღმა.

დანკანის მეხუთე ჩემპიონობა

დანკანთან ერთად გუნდს ჩემპიონური ფუნდამენტი აქვს - სან ანტონიომ და გრეგ პოპოვიჩმა თავისი დინასტია სწორედ ამ ფუნდამენტზე შექმნეს. მისი მნიშვნელობა რომ გავიგოთ, უნდა გავიხსენოთ, რომ სპურსის პირველი ჩემპიონობა 1999 წლით თარიღდება, ბოლო კი 2014-ით. ზედიზედ 15 წელი სან ანტონიო NBA-ს ყველაზე სტაბილური გუნდი იყო. ქარიმ აბდულ ჯაბარის გარდა, კალათბურთის ისტორიას არ ახსოვს შემთხვევა, როდესაც მოთამაშე ამდენი წლის განმავლობაში თავისი ფორმის პიკში იყო და საჩემპიონო გუნდის ლიდერად მიიჩნეოდა. ეს დაახლოებით ისეა, ლებრონმა თავისი ჩემპიონობა 2027 წელს მოიგოს და ისევ გუნდის ლიდერი იყოს.

დანკანი თავის მეორე სეზონში უკვე ფინალის MVP იყო (მეორე ყველაზე ახალგაზრდა ისტორიაში) და თავის ბოლო სეზონებშიც ელიტურ დონეზე თამაშობდა.

ამ 15-წლიანი მონაკვეთის მანძილზე სან ანტონიოს არ ჰქონდა არცერთი ჩაგდებული სეზონი პლეი ოფის გარეშე და მოგება-წაგებების უარყოფითი მაჩვენებლით. თანამედროვეობას სპურსი უფრო დანკანი-ჯინობილი-პარკერის ტრიოთი შემორჩა. ეს ისტორიულ სინამდვილეს არ შეესაბამება. სპურსი მხოლოდ ორი კაცის გუნდი იყო - პოპოვიჩის და დანკანის. ეს წყვილი ჩემპიონობებს მაშინაც იგებდა, როდესაც პარკერი-ჯინობილის დუეტი NBA-ში საერთოდ არ თამაშობდა (1999 წელს), მაშინაც, როცა ისინი ახალგაზრდები იყვნენ და გუნდის თამაშზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ჰქონდათ (2003) და მაშინაც, როცა ისინი ფორმის პიკში იყვნენ (2005, 2007).

არც ჯინობილი და არც პარკერი, არასოდეს, თავის საუკეთესო სეზონებშიც კი, NBA-ს მოთამაშეების ტოპ ათეულში არ ყოფილან. უფრო კონკრეტულად, ათეულთან ახლოსაც კი არ ყოფილან. ეს იმას ნიშნავს, რომ სპურსის დინასტია დანკანმა ისე შექმნა, რომ გვერდით არასოდეს ჰყოლია სხვა სუპერვარსკვლავი. კავაი ლეონარდმა ეს სტატუსი მხოლოდ 2014 წლის შემდეგ მიიღო, ‘ადმირალ’ რობინსონი კი 1999 წელს, სან ანტონიოს პირველი ჩემპიონობის დროს 34 წლის იყო და შემდეგ სეზონებშიც ის გუნდში უფრო მეტად ლეგენდარული ვეტერანის სტატუსს ირგებდა, ვიდრე მეორე ვარსკვლავის. მაგალითად, 2003-ის ფინალების დროს დანკანს თამაშში საშუალოდ 24 ქულა და 17 მოხსნა ჰქონდა, რობინსონს 10 ქულა და 7 მოხსნა.

ტიმის ისტორიულ მნიშვნელობას ხაზს უსვამს კიდევ ერთი ფაქტი: დანკანის გარშემო სრულიად განსხვავებული ტიპის და სტილის გუნდის შექმნა იყო შესაძლებელი - ის ყველანაირ სათამაშო სტილსა და სისტემას ერგებოდა. 1999 წლის სპურსი ორი ცენტრით, ორი 210-სანტიმეტრიანი მოთამაშით, დანკანით და რობინსონით თამაშობდა - ეს იყო დაცვითი და ათლეტური გუნდი, რომელიც სამწამიანიდან უტევდა, პერიმეტრიდან თამაშში მხოლოდ 4.1 სროლას აგდებდა და საშუალოდ 88.4 ქულას აგროვებდა. ის თავს კომფორტულად გრძნობდა ამ პერიოდის ნელ და პოზიციურ თამაშში.

დანკანი და რობინსონი

2000-იანებში დანკანი უკვე თავად თამაშობდა ცენტრის პოზიციაზე კიდევ ერთ ძალიან დაცვით გუნდში. 2006-2007 წლებში ლიგამ წესები შეცვალა, თამაში უფრო ნაკლებად ფიზიკური და კონტაქტური გახდა - დანკანის პირადი სტატისტიკა არ შეცვლილა და სპურსმა ჩემპიონობა კვლავ მოიგო.

2000-იანების ბოლოს კი პოპოვიჩმა ახალი სისტემა შექმნა, რომელიც ბურთის სწრაფად მოძრაობას ეფუძნებოდა. 2014 წლის ჩემპიონი გუნდი ერთ-ერთი საუკეთესო იყო NBA-ს თანამედროვე ისტორიაში შეტევაში ბურთის მოძრაობის, სროლების შექმნის და განაწილების კუთხით. სწრაფ თამაშში, ე.წ. დაბალი ხუთეულების (Small Ball-ის ეპოქაში) ის ძალიან ორგანულად გამოიყურებოდა. დანკანი გუნდის ლიდერად სრულიად ურთიერთგამომრიცხავ სათამაშო სისტემებშიც რჩებოდა.

დანკანის სტილი

ის, რომ ტიმ დანკანს იმდენი გულშემატკივარი არ ჰყავს, რამდენსაც იმსახურებს, მისი სათამაშო სტილის ბრალია. ზოგადად, მძიმე ფორვარდისთვის ან ცენტრისთვის ეფექტურად თამაში რთულია - ეს პოზიცია აპრიორი ბევრ შავ სამუშაოს გულისხმობს.

შეტევაში თავისი ქულების 64 პროცენტს ის 0-3 მეტრამდე დისტანციიდან აგროვებდა და კარიერის მანძილზე სროლების 48-პროცენტიან მაჩვენებელს არასოდეს ჩამოცდენია. თუ არ ჩავთვლით ბოლო ორ სეზონს, გამოყენების ინდექსი ყოველთვის 25 პროცენტზე მეტი ჰქონდა. ეს იმას ნიშნავს, რომ სპურსი წლიდან წლამდე დანკანის მეშვეობით უტევდა და ლიგამ არათუ ვერაფერი მოიფიქრა, რომ მისგან გარანტირებული 20-25 ქულისგან თავი დაეცვა, არამედ ისიც კი ვერ შეძლო, ხელი იმდენად შეეშალა, რომ სროლის პროცენტი დაბლა დაწეულიყო.

დანკანი შეტევაში ე.წ. სპინ-მუვს იწყებს

ცენტრები და მძიმე ფორვარდები უმეტეს შემთხვევაში ფიზიკური ძალის და გაბარიტების მეშვეობით ყრიან. შთამბეჭდავი ძალის, სიმაღლის და გაბარიტების მიუხედავად, დანკანი ყოველთვის უფრო მეტად თავისი სქილების, მოძრაობებისა და ინტელექტის წყალობით უტევდა. კევინ მაკჰეილთან და ჰაკიმ ოლაჯუონთან ერთად ის ლიგის ისტორიაში საუკეთესო იყო ე.წ. ლოუ პოსტის და ზოგადად ზურგიდან თამაშის ხელოვნებაში. სწორედ ამიტომ, მის მიერ ჩაგდებული ქულები ნაკლებად ეფექტურად გამოიყურება.

მაგალითად, როდესაც შაქილ ო'ნილი ტენის, ეს გამახსოვრდება. დანკანის იდეალურად ზუსტი მოძრაობა ზურგიდან, მოტრიალება და სროლა ფარიდან, ტექნიკურად სრულყოფილად არის შესრულებული, თუმცა ნაკლებად ეფექტურია. მისი სტილი ყოველთვის ძალიან მინიმალისტური იყო - არაფერი ზედმეტი, რაც ენერგიას დაახარჯვინებდა.

დანკანის ყველაზე ძლიერი მხარე ალბათ მისი დაცვა იყო. დაცვა კალათბურთში ზოგადად უფრო რთული შესაფასებელია. ფეხბურთის მსგავსად, აქ ნულზე ვერ ითამაშებ. კარგი დაცვა ნიშნავს, მეტოქეს ცუდი სროლა მისცე, არ გაუშვა მის საყვარელ პოზიციაზე, აიძულო, შეუტიოს არასასურველი მოთამაშიდან, ხელი შეუშალო სროლის დროს. მოკლედ, ისეთ რაღაცებს გულისხმობს, რაც ეკრანიდან იოლად არ ჩანს. გულშემატკივარს საუკეთესო მცველებად უფრო ის მოთამაშეები ახსოვს, რომლებიც ფიზიკური დომინაციის ხარჯზე იცავენ თავს. დანკანი დაცვაშიც მინიმალისტური იყო. მისი დაცვა უფრო მეტად არა ერთი ერთზე თამაშს, არამედ დაზღვევას, ზოგადად დაცვის ორგანიზებას გულისხმობდა.

10, 1, 4, 2, 3, 3, 2, 1, 1, 1, 3, 3, 1, 7, 11, 5, 1, 4, 1, 2, 3, 18, 25 - შეიძლება იკითხოთ, ეს რა რიცხვებია. ეს დანკანის ეპოქაში ლიგაში სპურსის ადგილია მიღებული სამქულიანების მიხედვით. ბოლო ორი მაჩვენებელი (18 და 25) უკვე მისი წასვლის შემდეგ სეზონებს გულისხმობს. დანკანთან ერთად, წლიდან წლამდე სან ანტონიო ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო პერიმეტრის დაცვაში. რა კავშირი აქვს დანკანს სამქულიანების დაცვასთან? ძალიან უბრალო. პოპოვიჩის დაცვა გულისხმობდა მეტოქის პერიმეტრზე პრესინგს და მის სამწამიანში, ანუ დანკანის ზონაში გაშვებას. იქ მათ ლიგის საუკეთესო მცველი ელოდებოდათ - ის 8-ჯერ იყო NBA-ს პირველ დაცვით ხუთეულში. ანუ, პოპოვიჩს მარტივად შეეძლო გუნდის დიდი ნაწილი პერიმეტრისკენ მიემართა, სამწამიანის დაცვას კი მხოლოდ დანკანიც უზრუნველყოფდა. საუკეთესო ის ამ პოზიციაში იმიტომ იყო, რომ სამწამიანიდან მთელ დაცვას კარნახობდა მოძრაობებს და გადასვლებს, და აზღვევდა მათ.

სწორედ ამიტომ, მაგალითად ტონი პარკერს, რომელიც საშუალოზე სუსტი მცველი იყო, არასოდეს ჰქონია სპურსის სისტემაში თამაშის პრობლემა. მეორე გარდად მას ბრიუს ბოუენი აზღვევდა, მის უკან კი დანკანი იდგა.

პოპოვიჩი: ‘ეგოიზმი ცუდი სროლა კი არ არის, ეგოიზმი დაცვაში თანაგუნდელის არდაზღვევაა’.

სპურსის საფირმო დაცვა პლეი ოფში მეტოქეებს სტაბილურად ტოვებდა 80-ებში, ხშირად კი, საერთოდ 70-ებში. 2003 წლის ფინალებში ნიუ ჯერსი 6 თამაშში 90 ქულას ვერცერთხელ ვერ გადაცდა, სამჯერ კი საერთოდ 80 ქულაც ვერ ჩააგდო. 2005 წლის ფინალების მეშვიდე თამაშში დეტროიტმა მხოლოდ 74 ჩააგდო. ორი წლის შემდეგ, ლებრონის კლივლენდი ოთხ თამაშში ერთხელ გადაცდა 90-ქულიან ზღვარს. ორჯერ საერთოდ 80 ქულაც კი ვერ ჩააგდო. პირველ თამაშში ლებრონს 16-დან 4 ზუსტი სროლა ჰქონდა. თანაგუნდელები იცვლებოდნენ, დანკანის ფაქტორის და პოპოვიჩის სისტემის წყალობით კი სან ანტონიოს დაცვა მუდამ გაუვალი იყო. სპურსი დანკანთან ერთად ამტკიცებდა, რომ დაცვა მხოლოდ ათლეტიზმს კი არ ითხოვს, პირველ რიგში ინტელექტუალური საქმიანობაა.

სწორედ ამიტომ, დანკანის გულშემატკივრობა გარკვეულწილად ტესტია კალათბურთის სიღრმისეულ აღქმაზე. თუ მის თამაშს ხედავ და აფასებ, ესე იგი კალათბურთი უფრო შიგნიდან გიყვარს და გესმის.

დანკანი თუ შაკი

შაქილ ო'ნილი ვახსენე, რომელიც გულშემატკივარს კარგად ახსოვს. მის კონტექსტში და მასთან შედარებით, დანკანის ისტორიული მნიშვნელობა უფრო კარგად ჩანს. 1999 წლის სეზონში სპურსმა შაკის და კობის ლეიკერსი 4:0 გაანადგურდა - ისე, რომ პირველ ორ თამაშში კალიფორნიელებმა 81 და 76 ქულა ჩააგდეს. მესამე და მეოთხე თამაშში დანკანს 37-14 (ქულა და მოხსნა) და 33-14 ჰქონდა. ლეიკერსს შაკი, კობი, ფიშერი და მთელი ის გუნდი ჰყავდა, რომელმაც შემდეგი 3 სეზონი ზედიზედ მოიგო. სპურსის ხუთეულში დანკანთან და ვეტერან რობინსონთან ერთად ევერი ჯონსონი, შონ ელიოტი და მარიო ელი თამაშობდნენ.

ეს სეზონი სპურსმა ისე მოიგო, პლეი ოფში მხოლოდ 2 თამაში წააგო, ფინალში ნიუ იორკ ნიქსთან სერია დანკანმა თამაშში საშუალოდ 27 ქულით და 14 მოხსნით დაასრულა.

2002 წლის სერია ლეიკერსთან დანკანმა 29 ქულით და 17 მოხსნით დაასრულა, შაკს კი 21 ქულა და 12 მოხსნა ჰქონდა. ხუთთამაშიან სერიაში ლეიკერსი 100 ქულას ვერცერთხელ ვერ გადაცდა და შაკი მხოლოდ ერთხელ იყო თავისი გუნდის ლიდერი ჩაგდებული ქულების მიხედვით. ეს სერია კობიმ მოიგო.

სპურსის სამეული მეხუთე ჩემპიონობას ზეიმობს

2003 წელს იგივე მოხდა: 6 თამაშიან სერიაში ლეიკერსი 100 ქულას მხოლოდ ერთხელ აცდა, შაკმა თავის გუნდს ჩაგდებული ქულების მიხედვით მხოლოდ ერთხელ ულიდერა, ბოლო, 28 ქულით წაგებულ თამაშში, სადაც კალიფორნიელებს ჯამური 82 ქულა ჰქონდათ.

რისი თქმა მინდა: დანკანს უფრო მეტი ჩემპიონობა აქვს, უფრო ხანგრძლივი სათამაშო პიკი ჰქონდა, ურთიერთშეხვედრებში ყოველთვის ახერხებდა, რომ შაკისთვის ჩაყრის საშუალება არ მიეცა, თვითონ კი შეუჩერებელი ყოფილიყო. ამის მიუხედავად, შაკის დომინანტური, ე.წ. ჰაილაითის სტილიდან, გამომდინარე, გულშემატკივარს ის უფრო მეტად ახსოვს, ვიდრე დანკანი.

იგივე ითქმის გუნდურ დონეზეც. კობის და შაკის ლეიკერსი თავისი ზედიზედ 3 ჩემპიონობით ისტორიული მნიშვნელობის გუნდად მიიჩნევა. სრულიად სამართლიანად. იგივე პერიოდში სპურსს 9 წლიან მონაკვეთში 4 ჩემპიონობა აქვს - აი ამაზე კი იშვიათად ლაპარაკობენ.

არავარსკვლავური ვარსკვლავი

დანკანის დაუფასებლობის მთავარი მიზეზი მისი და მისი გუნდის ხასიათია. მედიისთვის სან ანტონიო საინტერესო არ არის. ხოლო დანკანი და გრეგ პოპოვიჩი ამ ისედაც მიზერულ ინტერესს საერთოდ კლავდნენ.

სან ანტონიო ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე პატარა სატელევიზიო ბაზარია. ამ გუნდს გულშემატკივარი თავისი ქალაქს მიღმა თითქმის არ ჰყავს. წესით, სან ანტონიოსნაირ გუნდში დანკანისნაირი ვარსკვლავები არ უნდა თამაშობდნენ, თუმცა მას სხვა ფასეულობები აქვს და ტექსასიდან წასვლა არასოდეს მოუსურვებია. მთელი მისი კარიერის საფუძველში მისი და პოპოვიჩის მეგობრობა დევს. ამ წყვილს ერთმანეთთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს.  რაღაცნაირი შინაგანი, სულიერი მეგობრობა ჩამოუყალიბდათ.

პოპოვიჩს მედიასთან ლაპარაკი არ უყვარს, დანკანს - კიდევ უფრო მეტად არ უყვარს. სპურსიდან საინტერესო ან სკანდალურ ისტორიას ვერასოდეს გაიგებთ. ეს გუნდი მედიისთვის პროდუქტს უბრალოდ არ ქმნის. ტიმ დანკანს ვერც ტელევიზიებში ნახავთ და მაინცდამაინც ვერც სოციალურ ქსელებში. ინსტაგრამზე საერთო ჯამში 9 პოსტი აქვს გამოქვეყნებული.

მისი აგენტი იხსენებდა, რომ დანკანი სარეკლამო წინადადებების 99 პროცენტს მაშინვე უარყოფს, დარჩენილი 1 პროცენტით კი პოპოვიჩთან მიდის, რადგან მისი აზრი აინტერესებს. პასუხად გრეგისგან მუდამ ერთი და იგივე ისმის: ‘რად გინდა ამ სისულელეებში დროის დახარჯვა?!’

ბევრი ფიქრობს, რომ სპურსში დანკანი პოპოვიჩს შეცვლის

თავად დანკანს საერთოდ არ ადარდებდა პირადი სტატისტიკა და ამ მხრივ სუპერვარსკვლავებს შორის ალბათ ერთადერთია. თუ გუნდს სჭირდებოდა, ის თამაშს თავის თავზე იღებდა, სხვა შემთხვევებში კი, თანაგუნდელებს აძლევდა სროლების და ქულების დაგროვების საშუალებას. 2007 წელს ფინიქსთან კრიტიკული სერიის დროს მან სამჯერ 33-ქულიანი თამაშები ჩაატარა, სუპერფინალში კი ტონი პარკერს წაუვიდა და დანკანმა მას იოლად დაუთმო შეტევაში ლიდერობაც და MVP-ის ტიტულიც. ის ყოველთვის უკეთესს ხდიდა თანაგუნდელებს, თავად კი არასოდეს ზრუნავდა, რომ წინა პლანზე ყოფილიყო.

სპურსი თავისი კულტურით ყოველთვის ძალიან ევროპული და ინტელექტუალური კლუბი იყო. ეს კულტურაც დანკანმა და პოპოვიჩმა შექმნეს. არანაირი ჩხუბი პარკეტზე, ძველბიჭობა, ე.წ. 'თრეშ თოლქინგი' და სხვა აფროამერიკული ამბები. სპურსი პარკეტზე უბრალოდ არ ლაპარაკობს.

ლიგაში ცნობილი ამბავია, დანკანი მუდამ ჩუმად თამაშობდა და მასზე ზეწოლას აზრი არ ჰქონდა. ‘Happy Mother’s Day, you motherfucker’ - ასე მიმართა მას კევინ გარნეტმა დედის დღეს. დანკანს დედა 14 წლის ასაკში გარდაეცვალა და ის მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანად რჩება. პასუხად დუმილი მიიღო. თუმცა დანკანი გარნეტს იმ თამაშშიც მდუმარედ გაუსწორდა და ამის შემდეგ მინესოტასთან ყოველთვის საუკეთესო თამაშს აჩვენებდა. მისი ერთ-ერთი მეტსახელი ყველაფერს ამბობს - ‘The Stone Buddha - ქვის ბუდა‘. შესაბამისად, სან ანტონიოსთან მიმართებაში ძალიან რთულია შექმნა ნარატივი - მტრობის ისტორია, ან რამე მსგავსი, რაც გულშემატკივარს განსაკუთრებით  იზიდავს და აინტერესებს.

სან ანტონიო ოჯახივით იყო. სწორედ ამიტომ, პოპოვიჩს არ უყვარდა გუნდის შეცვლა და ახალი მოთამაშეების დამატება. ის წელიწადში თავისი ჯიბიდან მილიონზე მეტს ხარჯავს გუნდის ვახშმებში - ესეც სან ანტონიოს კულტურის ნაწილია. მთელი გუნდი სავახშმოდ ერთად მიდის და საუკეთესო ღვინის თანხლებით ვახშმობს. პოპოვიჩი გუნდის შიდა ქიმიას და ოჯახურ ატმოსფეროს ღვინის წყალობით ქმნის.

პი ჯეი კარლისიმო, პოპოვიჩის ყოფილი ასისტენტი: ‘არ მგონია, რომ ის ღვინოში უფრო ცუდად ერკვევა, ვიდრე კალათბურთში. პოპოვიჩი რესტორნებს და მენიუს ისევე დეტალურად შეისწავლის, როგორც მოწინააღმდეგეებს.’

ბილი სიმონსს, 'რინგერის' რედაქტორს და ძალიან ცნობილი საკალათბურთო ბესტსელერის ავტორს ერთი ჩვევა აქვს - წინა რიგებში ჯდება, რათა პარკეტზე მოთამაშეების საუბარი გაიგონოს. მათი ლაპარაკი ამ დროს ბევრ ინფორმაციას გაძლევს მათ ხასიათსა და გუნდში არსებულ შიდა კლიმატზე. სიმონსი იხსენებდა, რომ სან ანტონიოს ლაპარაკი პარკეტზე ჰგავდა დიდი ხნის მეგობრების ბარში საუბარს.

ამ ტიპის გუნდის სახე და მთავარი ვარსკვლავი არ შეიძლება მედიისთვის საინტერესო ყოფილიყო.

ტიმ დანკანი ისტორიული მნიშვნელობის მქონე მოთამაშეა. ის დაუფასებელი მხოლოდ გარეგნული ფაქტორების გამო არის: პატარა მედია-ბაზარი და არაპოპულარული გუნდი, მინიმალისტური თამაშის სტილი, არაქარიზმატული ხასიათი, მედიის ინტერესის ნაკლებობა. სუფთა საკალათბურთო კრიტერიუმებით ის კობის და ლებრონის კალიბრის მოთამაშეა. თუ დანკანს ამ კატეგორიაში არ განვიხილავთ, ეს მხოლოდ ემოციური ფაქტორების ბრალია - სხვა დიდი მოთამაშეებისგან განსხვავებით, დანკანი მედიისა და გულშემატკივარისთვის უბრალოდ არ ქმნიდა ნარატივს, ამბავს, ისტორიას. დანკანისთვის, პოპოვიჩისთვის და ზოგადად სპურსისთვის კალათბურთი ოჯახური საქმიანობა იყო - ისინი სხვანაირად თამაშობდნენ, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და წარმატებული დინასტია შექმნეს. Ball don't lie - ანუ როგორც ლიგაში ამბობენ, 'ბურთი არ იტყუება'.

კომენტარები

ბოლო ამბები