Thumbnail

რუსეთის საფეხბურთო კავშირმა ქვეყნის ჩემპიონატის გაგრძელების შესახებ განცხადება გაავრცელა. ორგანიზაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა 15 მაისს გამართულ კრებაზე გადაწყვიტა, რომ რუსეთის პრემიერლიგის 2019/20 წლების შეწყვეტილი სეზონი 21 ივნისს განახლდება.

კრებზე ასევე გადაწყდა, რომ გუნდებს მატჩში 5-5 ცვლილების განხორციელების უფლება ექნებათ. ჩემპიონატში მე-15 და მე-16 ადგილებზე გასული გუნდები კი დაქვეითდებიან. 

რაც შეეხება რუსეთის რანგით მეორე და მესამე ლიგებს, აღნიშნული ტურნირები 17 მარტის მდგომარეობით დასრულებულად გამოცხადდა. პრემიერლიგაში აღზევების უფლებას კი  პირველ-მეორე ადგილებზე მყოფი გუნდები მიიღებენ.

21 ივნისს განახლდება რუსეთის თასის გათამაშებაც და აქაც გუნდებს 5-5 ცვლილების უფლება ექნებათ. ტურნირის შეხვედრების გამართვის ადგილები კი ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად დადგინდება.

რუსეთის პრემიერლიგაში საქართველოს ნაკრების ხუთი ფეხბურთელი გამოდის

რუსეთის პრემიერლიგა, სადაც ამჟამად ხუთი ქართველი ლეგიონერი თამაშობს, 17 მარტს, კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა. რაც შეეხება მათი გუნდების სატურნირო მდგომარეობას, 22 ტურის შემდეგ საუკეთესო შედეგი საბა კვერკველიას ლოკომოტივს აქვს, რომელიც 41 ქულით ცხრილში მეორე ადგილს იკავებს. 28 ქულით მე-7 პოზიციაზეა გია გრიგალავას გუნდი ტულის არსენალი, ხოლო მე-9 ადგილს ჯიმი ტაბიძის უფა იკავებს, 27 ქულით. ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის რუბინი 23 ქულით მე-14 ადგილზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები