Thumbnail

'გიჟები ვართ?' - სერია A-ს 9 კლუბი ვარჯიშის განახლებაზე უარს ამბობს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • სერია A-ს ერთბაშად 9 კლუბი წვრთნის პროცესის 18 მაისს განახლებაზე უარს ამბობს
  • კლუბებს ლიგის სამედიცინო პროტოკოლში არსებული ერთ-ერთი წესი არ მოსწონთ
  • პროტოკოლს რომის ლაციოს ექიმი არგუმენტირებულად აკრიტიკებს 

სერია A-ს ერთბაშად 9 კლუბი უარს ამბობს წვრთნის პროცესის 18 მაისს განახლებაზე, რისი მიზეზიც ლიგის სამედიცინო პროტოკოლში არსებული ნაკლოვანებებია. იტალიური მედიის ცნობით, ვარჯიშის განახლებაზე უარს მილანი, ინტერი, ნაპოლი, ფიორენტინა, კალიარი, ატალანტა, ვერონა, სამპდორია და ჯენოა ამბობენ.

როგორც ირკვევა, კლუბებს არ მოსწონთ სამედიცინო პროტოკოლი, რომლის თანახმად, მთელი გუნდი 15-დღიან კარანტინში უნდა მოთავსდეს, თუკი კორონავირუსი ერთ მოთამაშეს ან კლუბის თანამშრომელს მაინც გამოუვლინდება. 

იტალიურ კლუბებს სურთ, რომ სამწვრთნელო პროცესი იმავე წესით განახლდეს, როგორც ეს გერმანულ ბუნდესლიგაში გადაწყვიტეს, სადაც კარანტინში მხოლოდ დაავადებული ფეხბურთელის მოთავსება იგეგმება, გუნდის სხვა მოთამაშეები კი შესაბამის ტესტს ჩაიტარებენ. 

ივო პულჩინი ჩირო იმობილესთან ერთად

რომის ლაციოს მთავარი ექიმი ივო პულჩინი სერია A-ს სამედიცნო პროტოკოლს აკრიტიკებს:

"მგონია, რომ სიბრიყვეა მთელი გუნდის კარანტინში მოთავსება მაშინ, როდესაც COVID 19-ზე დადებითი ტესტი ერთადერთია. სამეცნიერო კომიტეტმა არ მოუსმინა მათ, ვინც სპორტულ მედიცინაში მუშაობს, კარგად იცის, რა ხდება მოედანზე და მხოლოდ მაგიდასთან არ ზის. 

თუკი ჩემს გუნდში ვინმე დაავადდება, მას იზოლაციაში ვამყოფებ, შემდეგ კი გავტესტავ დანარჩენ მოთამაშეებს. თუკი სხვები ჯანმრთელები იქნებიან და ტესტები უარყოფითი იქნება, რატომ უნდა მოვექცე მათაც ისევე, როგორც ავადმყოფებს? გიჟები ვართ? კომიტეტის წევრები მედიცინაში ერკვევიან საერთოდ?".

შეგახსენებთ, რომ მანამდე იტალიური კლუბები შეთანხმდნენ, რომ სერია A-ს სეზონი 13 ივნისს განახლდეს. გადაწყვეტილებას მხარი ქვეყნის ხელისუფლემაც უნდა დაუჭიროს.

იტალიის ჩემპიონატში პაუზამდე ჩატარებული 26 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილს იუვენტუსი 63 ქულით ლიდერობს. მეორე ადგილზე მყოფ ლაციოს ერთი ქულით ნაკლები აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები