Thumbnail

'მორჩა, აღარ შემიძლია' – ისტორია ჯოკოვიჩის ჩოგბურთიდან წასვლაზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ეს არასწორი იყო, ვთხოვდით, დარჩენილიყო, რამდენჯერმე ვიტირე კიდეც'
  • ნოვაკ ჯოკოვიჩის მეუღლემ ნოლეს კარიერის რთულ პერიოდზე ისაუბრა

ნოვაკ ჯოკოვიჩის მეუღლე ელენამ სერბი ჩოგბურთელისთვის უმძიმესი პერიოდი გაიხსენა, როდესაც ის კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა და ამისკენ შესაბამისი ნაბიჯებიც გადადგა. ნოლე სენსაციური გადაწყვეტილებასთან ახლოს 2018 წელს იყო, როდესაც ოპერაციის  შემდეგ, მისი შედეგები გაუარესდა და სტრესის ქვეშ იმყოფებოდა. ჯოკოვიჩს ნერვებმა საბოლოოდ მაშინ უმტყუნა, როდესაც მაიამის მასტერსის პირველივე მატჩში ფრანგ ბენუა პერთან წააგო და ახლობლებს თავისი გეგმების შესახებ მოახსენა.

სერბ ჩოგბურთელს ნერვებმა მაიამის მასტერსზე მარცხის შემდეგ უმტყუნა

“მახსოვს, ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ ჩოგბურთიდან წასვლას აპირებდა. ეს მაიამის მასტერსის პერიოდი გახლდათ, როდესაც საწყის მატჩში დამარცხდა. იმ დროს ყველა შინაური შეკრიბა და განაცხადა, რომ ყველაფერი დასრულდა. სპონსორებსაც მკაფიო შეტყობინება გაუგზავნა: მეტი აღარ შემიძლია, არ ვიცი ნახევარი წელი მივდივარ თუ საერთოდ. თუკი თქვენ ჩემთან დარჩენას მაინც აპირებთ, ხომ კარგი, თუ არადა, არაფერი მეწყინება”. ვეუბნებოდით, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო. ვთხოვდით, დარჩენილიყო, რამდენჯერმე ვიტირე კიდეც. ეს, უბრალოდ, სიგიჟე იყო. შემდეგ დასასვენებლად წავედით და ყოველმხრივ ამჟღავნებდა, რომ არაფერი აინტერესებდა, რაც ჩოგბურთთან იყო კავშირში.

თამაში მეც ძალიან მიყვარს და ბავშვებთან ცოტას ვერთობოდი ხოლმე. საბედნიეროდ, ამან ზემოქმედება მასზეც იქონია. მესამე თუ მეოთხე დღეს მოვიდა და თავიდან მხოლოდ გვაკვირდებოდა. არც ფეხსაცმელი ეცვა, არც მაისური, მხოლოდ შორტებში იყო. მოულოდნელად მკითხა, “შეიძლება, ჩოგანი მეც ავიღო?”. ვუპასუხე: “არა, შენ ხომ ჩოგბურთიდან წახვედი, კორტზე არ შემოხვიდე”. ცხადია, მის კარგი განზრახვით გაბრაზებას ვცდილობდი. მერე ჩვენმა შვილმა სტეფანმა უთხრა: “კარგი, მამა, ახლა შენი ჯერია”. ნოვაკმა ბურთები აიღო და მოწოდება დაიწყო, თითქოს იგრძნო, რომ ყველაფერი ასე ცუდად არ იყო. მაშინ ცოტა ვითამაშეთ კიდეც და შემდეგ კორტზე ყოველდღე გავდიოდით. ერთხელაც სპორტული ფეხსაცმლითა და მაისურით გამოცხადდა და შევატყვე, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა. მითხრა, რომ მარიან ვაიდასთან დარეკვას აპირებდა იმის სათქმელად, რომ ის კვლავაც მწვრთნელად დაბრუნებოდა.

ჩემი შეგრძნებით, ნოვაკს დაახლოებით 10 დღე ნამდვილად ეგონა, რომ ჩოგბურთს აღარასდროს ითამაშებდა. ამ ყველაფერს თავისი საფუძველი ჰქონდა. იმ წელს ოპერაცია გაიკეთა და კორტზე სწრაფად დაბრუნებას ცდილობდა, თუმცა, სასურველი შედეგების მიღწევა უჭირდა. ყველა ეუბნებოდა, რომ მოთმინება იყო საჭირო, თუმცა, საოცარი ჟინი ეტყობოდა. როდესაც ტრავმა გაქვს, მის მოსარჩენად ყველაფერს აკეთებ. მას წაგება ძალიან არ უყვარს და სურდა, ყველგან პირველი ყოფილიყო, ხოლო როდესაც ეს არ გამოდიოდა, იფიქრა, რომ ყველაფერი მორჩა. კიდევ კარგი, ფერფლიდან აღდგენაც ფენიქსივით ეხერხება. იმხელა მოტივაცია შეიძინა, რომ თავიდან დაიწყო და ისევ ლიდერი გახდა”.

კომენტარები

ბოლო ამბები