Thumbnail

კაკოვინი სტად ფრანსეში ითამაშებს - კონტრაქტი საფრანგეთის 14-გზის ჩემპიონთან

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 30 წლის ქართველი მორაგბე TOP 14-ის ერთ-ერთ გრანდს შეუთანხმდა
  • ვასილ კაკოვინს აქამდე ბრივში, ტულუზასა და რასინგში უთამაშია

30 წლის ქართველი მორაგბე ვასილ კაკოვინი კარიერას TOP 14-ის ერთ-ერთ გრანდ სტად ფრანსეში გააგრძელებს. შეგახსენებთ, რომ ქართველი ბურჯის მომავალი კლუბის შესახებ ბოლო პერიოდში ბევრი იწერებოდა. განიხილებოდა ბორდოს, ლიონის, მონპელიესა და პერპინიანის ვარიანტებიც, თუმცა, საბოლოოდ, შეთანხმება პარიზულ კლუბთან შედგა.

კაკოვინმა დედაქალაქურ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და მის ღირსებას მომავალი სეზონიდან დაიცავს, თუმცა, ის როდის დაიწყება, ჯერაც გაურკვეველია, რადგანაც მსოფლიოს მოდებული კორონავირუსის გამო, სპორტული კალენდარი ჯერაც არეულია.

ცნობისთვის, სტად ფრანსე ქვეყნის 14-გზის ჩემპიონია, ჩემპიონთა თასის ფინალში 2-ჯერ უთამაშია, 2016-17 წლების სეზონში კი ჩელენჯ ქაფის გამარჯვებული გახდა. 2011-18 წლებში პარიზელთა რიგებში კიდევ ერთი ქართველი პირველხაზელი ზურაბ ჟვანია თამაშობდა, ახლა კი გუნდში ასევე ბურჯი გიორგი მელიქიძე ირიცხება.

შეგახსენებთ, რომ კაკოვინი საფრანგეთის ჩემპიონატში 2010 წელს გამოჩნდა და 2 სეზონი ბრივის ღირსებას იცავდა, შემდეგ ტულუზაში გადაბარგდა, 2017 წლიდან კი რასინგის მაისურით ასპარეზობდა. ვასილს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 25 მატჩი (1 ლელო) აქვს ჩატარებული და 2011 წლის მსოფლიო თასზეც უთამაშია, თუმცა, ბოლო პერიოდში მას ბორჯღალოსანთა რიგებში აღარ იძახებდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები