Thumbnail
  • საქართველოს ივლისში 3 მატჩი ჰქონდა დაგეგმილი, მათ შორის, მთავარი - 'ქურციკებთან'
  • ჯერაც გაურკვეველია საშემოდგომო ტესტების ბედი, ყველაფერი ვირუსზეა დამოკიდებული

საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის სარაგბო ნაკრებთა მატჩი ივლისში აღარ ჩატარდება. დღეს, მსოფლიო რაგბიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, საზაფხულო მატჩები გადაიდო, ამდენად, ბორჯღალოსანთა ისტორიული ტურნეც აღარ შედგება.

აქვე ვთქვათ, რომ მსოფლიო რაგბი მოახლოებულ შეხვედრებს გადადებულად მოიხსენიებს და არა – გაუქმებულად, თუმცა, სამომავლოდ რაიმე პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია. საზაფხულო ტესტებზე რომ არაფერი ვთქვათ, ჯერაც გაურკვეველია საშემოდგომო მატჩების ბედიც. როგორც დღევანდელ განცხადებაშია ნათქვამი, მსოლიო რაგბი COVID 19-თან დაკავშირებით მოვლენებს კიდევ დააკვირდება და გადაწყვეტილებას ორგანიზაციის წევრ რაგბის კავშირებთან შეთანხმებით მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს სამხრეთ აფრიკაში 3 მატჩი ჰქონდა დაგეგმილი: 4 ივლისს ბულზის წინააღმდეგ, 11-ში – სამხრეთ აფრიკის ა ნაკრებთან, 18-ში კი, მთავარი მატჩი იყო მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ “ქურციკებთან”. აქვე ვთქვათ, რომ შემოდგომისთვის ბორჯღალოსნებს 2 ტესტი აქვთ დადასტურებული: 7 ნოემბერს, საფრანგეთში და 21-ში, შინ – ფიჯისთან.

ივლისის ტესტების გადადების გამო, გამოდის, რომ ზაფხულში ვერ ვიხილავთ არაერთ საინტერესო დაპირისპირებას. მაგალითად, საფრანგეთს არგენტინაში ტურნე ჰქონდა დაგეგმილი, ირლანდიას ავსტრალიაში უნდა ეთამაშა, უელსს – ახალ ზელანდიაში, შოტლანდიას იმავე სამხრეთ აფრიკაში, ინგლისს კი – იაპონიაში.

კომენტარები

ბოლო ამბები