Thumbnail

არ იყიდება! ჯიმი ტაბიძე რუსეთში მოთამაშე შეუცვლელ ლეგიონერთა შორის

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • საქართველოს ნაკრებისა და უფას მცველი რუსულმა სპორტულმა მედიამ გამოარჩია
  • 24 წლის ქართველ ფეხბურთელს თავის გუნდში განსაკუთრებული როლი აკისრია

რუსულ საფეხბურთო კლუბ უფაში მოთამაშე ჯიმი ტაბიძე რუსულმა სპორტულმა მედიამ გამოარჩია. საქართველოს ეროვნული ნაკრების 24 წლის მცველი, რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე იმ ლეგიონერთა შორის დაასახელეს, რომლებიც თავ-თავიანთ გუნდებში შეუცვლელი ფიგურები არიან და მათ გასხვისებას უახლოეს მომავალში არ უნდა ველოდოთ.

 "რომ შეიძლებოდეს ვეტოს დადება თქვენი საყვარელი გუნდის მხოლოდ ერთი ლეგიონერის წასვლაზე, რომელს აირჩევდით? სავარაუდო სურათი ასეთი იქნებოდა", - წერს საიტი soccer.ru და რუსეთის პრემიერლიგის 16-ივე კლუბიდან თითო ლეგიონერს ასახელებს. უფადან ასეთი სწორედ ჯიმი ტაბიძეა.

 უფა - ჯემალ ტაბიძე (საქართველო)
"ერთი წლის უკან ამ როლზე პრეტენდენტი ალბათ სილვესტრ იგბუნი იქნებოდა, მაგრამ ის დინამოში წავიდა, ასე რომ, ახლა არჩევანი მცველებიდან უნდა გავაკეთოთ. ნედალჩარუ და ტაბიძე - ერთნაირი მოთამაშეები არიან, მაგრამ ჯიმის აქვს ხმა გუნდში და ხასიათი, რომელიც წინსვლისკენ არამხოლოდ მას, მის თანაგუნდელებსაც უბიძგებს", - წერს საიტი.

ქართველი მცველი რუსეთის პრემიერლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა

ჯემალ (ჯიმი) ტაბიძე უფაში მესამე სეზონს ატარებს, კლუბთან კონტრაქტი კი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. რუსეთის 2019/20 წლების ჩემპიონატში, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილია, ქართველმა მცველმა 18 შეხვედრაში ითამაშა და თითო გოლითა და საგოლე პასით გამოირჩა. საქართველოს ნაკრებში ტაბიძის სტატისტიკა 11 მატჩი და 1 გოლია.

კომენტარები

ბოლო ამბები