Thumbnail

ესპანურმა "მარკამ" უეფას წევრი ყველა ქვეყნის საფეხბურთო სეზონის ახლანდელი მდგომარეობა გამოიკვლია კორონავირუსის პანდემიის ფონზე. ბუნებრივია, სიტუაცია ყოველდღიურად იცვლება... 

55 წევრი ქვეყნიდან 4-ში უკვე ოფიციალურად გამოცხადდა, რომ სეზონი აღარ განახლდება და გაუქმებულია: ესენია ფრანგული ლიგა 1, ჰოლანდიის ერედივიზიე, ლუქსემბურგისა და გიბრალტარის ჩემპიონატები. სეზონის გაუქმებას მხოლოდ დამტკიცება აკლია ბელგიურ ჟუპილერ ლიგაში. ასე რომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საფეხბურთო სეზონი ევროპის 5 ქვეყანაში უკვე ჩაიშალა.

მწვანე: ტურნირი მიმდინარეობს; ღია მწვანე: განახლდება (ოფიციალური); ყვითელი: განახლდება; წითელი: გაუქმდა; მუქი წითელი: უქმდება; ნაცრისფერი: გაურკვეველია

მოგეხსენებათ, ერთი პირველობა ჩვეულებრივ მიმდინარეობს, ბელარუსის ჩემპიონატი არც კი შეწყვეტილა. კიდევ ერთი ჩემპიონატი დაიწყო - ფარერის კუნძულებზე კორონავირუსი დაამარცხეს. 

ევროპის 17 ქვეყანაში ოფიციალურად გამოცხადდა, რომ სეზონი აუცილებლად განახლდება. TOP 5 პირველობებიდან ასეთი მხოლოდ გერმანული ბუნდესლიგაა, რომელიც სულ მალე - 16 მაისს აიღებს სტარტს. 

ასევე ოფიციალურად ცნობილია, რომ განახლდება ავსტრიის ბუნდესლიგა, პოლონეთის ექსტრაკლასა, დანიის სუპერლიგა, პორტუგალიის პრიმეირა და სხვები.

განახლების თარიღი - ჩემპიონატი

16 მაისი - გერმანია
23 მაისი - ჩეხეთი
23 მაისი - უნგრეთი
28 მაისი - დანია
29 მაისი - პოლონეთი
29 მაისი - ავსტრია
30 მაისი - ისრაელი
30 მაისი - ხორვატია
30 მაისი - სერბეთი
1 ივნისი - მონტენეგრო
3 ივნისი - ალბანეთი
4 ივნისი - პორტუგალია
5 ან 12 ივნისი - ბულგარეთი
12 ივნისი - თურქეთი
13 ივნისი - ისლანდია
16 ივნისი - ნორვეგია
17 ივნისი - ფინეთი

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უკვე მიიღეს სეზონის განახლების გადაწყვეტლება, თუმცა ჯერ ეს ოფიციალურად არ დადასტურებულა. პირველ რიგში ასეთია სამი ტოპპირველობა, იტალიური სერია A, რომელიც სავარაუდოდ, 13 ვინისს განახლდება, ინგლისური პრემიერლიგა, რომლის განახლების თარიღი 12 ან 19 ივნისია და ესპანური ლა ლიგა (12 ან 19 ივნისი). 

განახლების თარიღი - ჩემპიონატი

30 მაისი - ლიტვა
30 მაისი - უკრაინა
6 ივნისი - სლოვაკეთი
6 ივნისი - სლოვენია
8 ივნისი - შვეიცარია
12 ან 19 ივნისი - ესპანეთი
12 ან 19 ივნისი - ინგლისი
13 ივნისი - იტალია
14 ივნისი - საბერძნეთი
14 ივნისი - შვედეთი

ევროპის 21 ქვეყანასთან დაკავშირებით ჯერ გაურკვევლობაა. ოფიციალურად არაფერი თქმულა და არც სავარაუდო თარიღები არსებობს, მათ შორის არის ქართული ეროვნული ლიგაც. 

უეფას კოეფიციენტით ყველაზე ძლიერი აქედან რუსული პრემიერ-ლიგაა. რუსეთში კორონავირუსის პანდემია მძვინვარებს, ქვეყანა დაინფიცირებულების რიცხვით მესამე ადგილზეა. გაურკვეველია შოტლანდიური პრემიერლიგის ბედიც. 

მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებულთა რაოდენობამ ოთხმილიონნახევარს მიაღწია. გარდაცვლილია თითქმის 300 000 და გამოჯანმრთელდა მილიონნახევარზე მეტი ადამიანი.

კომენტარები

ბოლო ამბები