Thumbnail

8 სანაკრებო მატჩი ზედიზედ? - ფიფას იდეა უეფაში არ მოსწონთ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

Sportmediaset-ის ინფორმაციით, სანაკრებო პაუზასთან დაკავშირებით ფიფასა და უეფას უთანხმოება აქვთ. კორონავირუსის პანდემიის გამო, ფიფას იდეაა ზამთარში "დიდი სანაკრებო ფანჯრის" შექმნა, უეფას კი სულ სხვა გეგმები აქვს...

ფიფაში იდეა მოიწონეს და ახლა ცალკეულ ასოციაციებთან კონსულტაციებს იწყებენ. ეს იდეა იმ შემთხვევისთვის არის, თუ კორონავირუსი პრობლემებს მომდევნო თვეებშიც შექმნის. რა თქმა უნდა, ფიფას იდეა მხოლოდ 2020 წელს ეხება. 

ფიფას სურს, რომ სექტემბრისა და ოქტომბრის სანაკრებო პაუზები გაუქმდეს, გადაიდოს ყველა საკლუბო მატჩი ნოემბერსა და დეკემბერს შორის. ასე შეიქმნება დიდი სანაკრებო პაუზა, რომელიც 3 ან 4 კვირას გაგრძელდება. ევროპული ნაკრებები ამ ფანჯრისას ითამაშებენ ერთა ლიგის ექვსივე ტურის მატჩს, ასევე 2 ამხანაგურ შეხვედრას, სამაგიეროდ ფიფას A სიის ამხანაგური თამაშები 2021 წლის მარტში ნაკრებებს აღარ ექნებათ. 

სავარაუდოდ, ის ნაკრებები, რომელთაც ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფი აქვთ სათამაშო, ამ ფანჯარაში ამხანაგური მატჩების ნაცვლად პლეი ოფს ჩაატარებენ. შეგახსენებთ, რომ ასეთი გუნდია საქართველოს ნაკრებიც. ჯამში თითოეული ნაკრები 8 მატჩს გამართავს.

Sportmediaset წერს, რომ უეფაში ფიფას იდეას ცივად შეხვდნენ. პირველ რიგში, უეფას არ მოსწონს, რომ 2021 წლის მარტში ორი სანაკრებო ამხანაგური მატჩი იკარგება. უეფას სურს, მხოლოდ სექტემბრის სანაკრებო პაუზა შესწიროს საკლუბო ტურნირებს, ხოლო ოქტომბერში და ნოემბერში, სანაკრებო პაუზების გახანგრძლივების წყალობით, გუნდები 3-3 მატჩს ითამაშებენ. ასე უეფა შეძლებს ერთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის დასრულებას, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფისთვის ადგილი აღარ რჩება. 

კომენტარები

ბოლო ამბები