Thumbnail

კორონავირუსი ბელარუსში - კლუბი დაავადებულ ფეხბურთელებს ტესტებს არ უტარებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ბელარუსული გაზეთი "ტრიბუნა" Metaratings.by-ზე დაყრდნობით წერს, რომ ბელარუსის უმაღლესი ლიგის კლუბის ორ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა, სხვა კლუბის ორი ფეხბურთელიც ავად არის, მაგრამ მათ ტესტებს არ უტარებენ...

შეგახსენებთ, რომ ევროპაში მხოლოდ ბელარუსის ჩემპიონატი არ შეწყვეტილა და უკვე 8 ტური გაიმართა. უმაღლეს ლიგაში ფეხბურთელების დაინფიცირების პირველი შემთხვევა ისლოჩში დაფიქსირდა. ერთ-ერთის შემთხვევაში კორონავირუსი განმეორებითმა ტესტმაც დაადასტურა, მეორე ჯერ პასუხს ელის. ამის გამო ისლოჩი თვითიზოლაციაში 10 დღით გადავიდა, მაგრამ ეროვნული პირველობა გაგრძელდება.

ისლოჩი, რომელიც 8 ტურის შემდეგ 15 ქულით მე-4 ადგილზეა, 17 მაისს მინსკის დინამოს უნდა ესტუმროს. აღსანიშნავია, რომ ისლოჩში თბილისის დინამოს ყოფილი ფეხბურთელის, ახრიკ ცვეიბას ვაჟი, სანდრო ცვეიბა თამაშობს.

ასევე, იმავე წყაროს ინფორმაციით, ენერგეტიკ-ბგუ-ს ორი ფეხბურთელი დაავადდა, აქედან ერთი ლეგიონერია. საოცარია, მაგრამ მათ ტესტს არ უტარებენ. კლუბში შიშობენ, რომ კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, გუნდს ჩემპიონატიდან მოსხნიან, ამიტომ დაავადებულებს ინდივიდუალური მკურნალობა დაუნიშნეს. ენერგეტიკ-ბგუ 15 ქულით მე-5 პოზიციაზეა.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსის ჩემპიონატში სამი ქართველი ლეგიონერი თამაშობს, ნემანის ღირსებას გიორგი ქანთარია იცავს, მას უკვე ჩაუტარდა ტესტი და კორონავირუსი არ დაუდასტურდა. სოლიგორსკის შახტიორის ღირსებას გია დიასამიძე და ლაშა შინდაგორიძე იცავენ.

14 მაისის მონაცემებით ბელარუსში ოფიციალურად დაინფიცირების 27 ათასამდე შემთხვევაა დაფიქსირებული. 151 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები