Thumbnail
  • ესპანური ბასკონია 11 მარტის შემდეგ პირველად შეიკრიბა
  • კალათბურთელები ბაზაზე ნიღბებით გამოცხადდნენ

ქართველმა კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ 63-დღიანი პაუზის შემდეგ პირველი ვარჯიში ჩაატარა. ესპანურმა ბასკონიამ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული რეგულაციების დაცვით წვრთნა სწორედ დღეს განაახლა და მოედანზე გუნდის ქართველი კაპიტანიც ვიხილეთ.

ბასკონიელები საწვრთნელ ბაზაზე იმყოფებოდნენ, რომელსაც წინა დღეს სრული დეზინფექცია ჩაუტარდა. სპეციალურ ეკიპირებაში გამოწყობილმა თანამშრომლებმა დარბაზი და სპორტული ეკიპირება ისეთ ფორმაში მოიყვანეს, რომ სპორტსმენებს თავი მაქსიმალურად დაცულად ეგრძნოთ.

კალათბურთელები ვარჯიშზე ხელთათმანებითა და ნიღბებით გამოცხადდნენ, ერთდროულად მოედანზე გასვლას ნებართვა მხოლოდ 6-6 მოთამაშეს ჰქონდა, მათ შორის კი, დაშორება მინიმუმ 4 მეტრი იყო.

შენგელია და მისი თანაგუნდელები წვრთნას მონატრებულები იყვნენ, რადგანაც მოედანზე 11 მარტის შემდეგ არ ყოფილან. მაშინ ბასკონია თელ ავივში იყო ჩასული და ევროლიგის ეგიდით მე-2 დღეს მაკაბისთან უნდა ეთამაშა, თუმცა, იმ შეხვედრას ჩატარება აღარ ეწერა.

ცნობისთვის, ევროლიგაში სეზონის შესაძლო განახლების შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადება 25 მაისს იგეგმება. მოსალოდნელია, რომ თამაშები 4-26 ივლისს ჩატარდება, ოღონდ, ერთ ქალაქში და ცარიელი ტრიბუნების თანხლებით.

თავისი გეგმები აქვს ესპანურ ლიგა ენდესასაც, რომლის ჩემპიონობისთვის ბრძოლასაც გასული 23 ტურის შედეგებით საუკეთესო 12 გუნდი განაგრძობს.

ახალი ფორმატის თანახმად, გუნდები ერთ ადგილას ერთ წრედ ითამაშებენ და 5 ტურის თავზე ჯგუფების საუკეთესოებს გამოავლენენ. პირველ-მეორე ადგილოსნები ერთმანეთს ნახევარფინალში გაეჯიბრებიან, ბოლოს კი ფინალი ჩატარდება.

ისიც ცნობილია, რომ სეზონი არაუგვიანეს 31 მაისისა უნდა განახლდეს და გამარჯვებული 10 ივლისამდე გამოვლინდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემპიონატი ჩაშლილად გამოცხადდება.

გასულ 23 ტურში შენგელიას საშუალო მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 33.0 წუთი, 16.6 ქულა, 6.3 მოხსნა (4.5 დაცვაში), 2.7 პასი, 0.3 დაფარება, 1.4 ჩაჭრა.

კომენტარები

ბოლო ამბები