Thumbnail
  • ფრანჩესკო ტოტი ავტობიოგრაფიულ წიგნში ბევრ მაგარ ამბავს იხსენებს
  • პოპსპორტი გთავაზობთ ყველაზე საინტერესო ამონარიდებს
  • რატომ უთხრა რეალის პრეზიდენტ პერესს უარი
  • როგორ ამწარებდა ანტონიო კასანო ყველას
  • როგორ გაათენა ნაკრებმა 2006 წლის ფინალის წინ მთელი ღამე
  • რომადან, რეალურად, სპალეტისთან უთანხმოების გამო წავიდა

ფრანჩესკო ტოტიმ ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა სიმბოლური სახელით - ‘Un Capitano' (კაპიტანი). პრეზენტაცია რომში, კოლიზეუმში შედგა და პირველივე წელს იტალიაში ათ ყველაზე გაყიდვად წიგნს შორის შევიდა. მასში მოთხრობილია, თუ რატომ უთხრა ტოტიმ უარი რეალს, რატომ დაარტყა ‘პანენკა’ ჰოლანდიასთან, როგორ გაატარა იტალიის ნაკრებმა ღამე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის წინ და რატომ არ გამოუვიდა ანტონიო კასანოს კარიერა. ამ წიგნიდან ყველაზე საინტერესო ამონარიდებს გთავაზობთ.

მილანი, რომა თუ ლაციო

ტოტი 12 წლის იყო, როდესაც ადგილობრივ სამოყვარულო კლუბში (‘ლოდიჯანი’) თამაშობდა. სწორედ ამ დროს მიიღო შემოთავაზება მილანისგან. ლეგენდარული მილანის გენერალური დირექტორი არიედო ბრაიდა მის ოჯახს თავად ესტუმრა.

"პრეზიდენტი ბერლუსკონი დიდ ინვესტიციებს დებს მილანში, რათა კლუბი მსოფლიოში საუკეთესო გახდეს. ორი წლის განმავლობაში ბევრი ვარსკვლავი ვიყიდეთ. გვინდა, რომ აქცენტი ახალგაზრდებზე გავაკეთოთ. პაოლო მალდინი ჩვენი პოლიტიკის სიმბოლოა. მილანს რომში ბევრი სკაუტი ყავს და ყველა აღნიშნავს თქვენი შვილის ფენომენალურ ტალანტს. უეჭველია, რომ ფრანჩესკო დიდი ფეხბურთელი გახდება. ბედნიერები ვიქნებით, თუ ის ჩვენ შემოგვიერთდება. მილანზე უკეთ მას ვერავინ დაეხმარება,’ - დაიწყო ბრაიდამ.

ბრაიდას კონტრაქტის თანახმად, მე რომში, ‘ლოდიჯანიში’ დარჩენა კიდევ რამდენიმე წელი შემეძლო, თუმცა მილანის გარდა სხვა კლუბში წასვლის უფლება არ მქონდა. მილანი მპირდებოდა კონტრაქტს და ტრანსპორტის ხარჯების ანაზღაურებას. ოჯახს ჩემი გაშვება არ უნდოდა. დედამ მაშინვე თქვა: ‘სახლზე მნიშვნელოვანი არცერთი ადგილი არ არის.’ გარდა ამისა, მამაჩემის მეგობარმა ფედერაციიდან გვითხრა, რომ ორ წელიწადში ჩემი ფასი გაიზრდებოდა. მილანს უარი ვუთხარით.

მალევე, ჩემი აყვანა რომაულმა გრანდებმა, რომამ და ლაციომ მოისურვეს. ბავშვობიდან რომას ვგულშემატკივრობდი, თუმცა ფიორელა (ტოტის დედა) ლაციოსკენ იყო. ლაციოს წინადადება ‘ლოდიჯანის’ უფრო აწყობდა. ყველაფერი მამამ გადაწყვიტა - მაგიდაზე ხელი დაარტყა და თქვა: ‘ჩესკოს რომაში უნდა და მე მის გადაწყვეტილებას ვიწონებ!’

📖 კარლო ანჩელოტის წიგნიდან

ტოტი თუ ლიტმანენი

რომაში დებიუტი ტოტის 16 წლის ასაკში ჰქონდა, თუმცა სამი წლის შემდეგ, რომას ახალ მწვრთნელ კარლოს ბიანკის მისი გუნდიდან გაშვება სურდა. ტოტის სამპდორიაში გადასვლა თითქმნის გადაწყვეტილი იყო.

‘ბიანკი ჟურნალისტების კითხვებზე მუდამ პასუხობდა, რომ ჩემს გარშემო არაჯანსაღი აჟიოტაჟი შეიქმნა. ის რომაში ჩემს პერსპექტივას ვერ ხედავდა და აიაქსიდან იარი ლიტმანენის გადმოყვანა სურდა. სამპდორიაში მიშვებდნენ - რობერტო მანჩინი და ვინჩენცო მონტელა უკვე მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, რომ გენუაში მომეწონებოდა. ამ ამბავმა ისე გამაბრაზა, რომ გადავწყვიტე, თუ რომადან წავიდოდი, აქ აღარ დავბრუნდებოდი. იჯარით გადასვლას არ ვაპირებდი. ეს პრინციპის ამბავი იყო. ორიოდე კვირაში უნდა წავსულიყავი, თუმცა სანაკრებო პაუზა დაემთხვა და ამ პერიოდში ორი ამხანაგური მატჩი მოგვიწია - ბორუსია მიონხეგლადბახთან და აიაქსთან. ორივეს მოვუგეთ და ორივე მატჩში გავიტანე. ფრანკო სენსიმ (რომას პრეზიდენტმა) ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში უთხრა: ‘ტოტი ლიტმანენზე უკეთესია. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ლიტმანენში ფულის გადახდა არ მინდა. ფრანჩესკო არსად არ წავა - ის ჩვენი მომავალია.’ ორ თვეში ბიანკი გუნდიდან გაუშვეს.

ბუფონი და კანავარო არ უნდა მელაპარაკებოდნენ

ტოტი აღნიშნავს, რომ ბევრი დრო და ენერგია დახარჯა იმისათვის, რომ სხვა ვარსკვლავები რომაში გადასვლაზე დაეთანხმებინა.

‘ყველაზე სასაცილო, რაც ჩემს თავზე მსმენია, ის იყო, რომ თურმე რომში სხვა ვარსკვლავების გადმოყვანას ხელს ვუშლიდი და თურმე გაბრიელ ბატისტუტას ხელფასის მშურდა. სინამდვილეში, ყველაფერი პირიქით იყო. ყოველთვის ვხვდებოდი, რომ კარგი ფეხბურთელები გვჭირდებოდა, რათა წარმატებებისთვის მიგვეღწია. ისიც კი არ ვიცოდი, სხვა მოთამაშეებს რა ხელფასები ჰქონდათ. არავისი მშურდა. ბატისტუტა ჩემზე მეტს იღებდა? ძალიან კარგი! ბავშვივით მიხაროდა, როდესაც გავიგე, რომ მას ვყიდულობდით!

ფრანჩესკო ტოტი და გაბრიელ ბატისტუტა

თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ რომას გაძლიერება მინდოდა, ბუფონს და კანავაროს ჰკითხოს. ისინი იმდენად შევაწუხე ჩემი თხოვნებით რომაში გადმოსვლაზე, რომ მიკვირს, დღემდე რომ მელაპარაკებიან. 'სკუდეტოს' მოგების შემდეგ, ბუფონი მოსალოცად ჩვენს გასახდელში შემოვიდა. ვყვიროდი: ‘პრეზიდენტო, არ გაუშვათ გასახდელიდან, სანამ კონტრაქტს ხელს არ მოაწერს’. მისი შეძენა გვინდოდა, თუმცა ჯიჯიმ იუვენტუსი აირჩია.

2006 წელს, ბუფონის დათანხმება კიდევ ერთხელ ვცადე. ეს მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ მოხდა. იუვე დააქვეითეს. რომში, ჩირკო მასიმოზე მსოფლიოს ჩემპიონობას ვზეიმობდით. უამრავი ხალხი იყო. ვუთხარი: ‘წარმოიდგინე, რას ნიშნავს აქ 'სკუდეტოს' მოგება. ჯიჯი იცინოდა, თითქოს დამთანხმდა კიდეც - ‘მართალია, რომაში უნდა გადმოვიდე’. მეორე დღეს სერიოზულად მინდოდა ამაზე ლაპარაკი, თუმცა დილას ბუფონი უკვე ტურინში წასული დამხვდა.

სკუდეტოს ზეიმი

2001 წელს რომა ჩემპიონი გახდა. ეს დედაქალაქში დიდ ზეიმს ნიშნავდა.

‘ზეიმი გასახდელშივე დავიწყეთ. ვმღეროდით, ვცეკვავდით, მე ‘გლადიატორიდან’ ფრაზებს ვიძახდი. მშვიდად მარტო ჰიდეტოში ნაკატა იყო, იჯდა და წიგნს კითხულობდა. იმდენი შამპანური დავლიე, ცუდად გავხდი. ალკოჰოლს საერთოდ არ ვსვამ და მაშინ, მშიერზე, იოლად მომეკიდა. საღამოს ცალ-ცალკე ვზეიმობდით - ბრაზილიელებმა თავისი საღამო მოაწყვეს, ბატისტუტა და მარკო დელვეკიო ერთად წავიდნენ, გუნდის ერთი ნაწილი მონტელასთან მივიდა სახლში. ღამე კაპელოც იქ იყო - მეორე დღეს ორივეს ერთად ჰქონდა დაბადების დღე.

საჩემპიონო გოლი პარმასთან

მთელი ქალაქი ზეიმობდა, ყველა ქუჩაში იყო. არ მინდოდა, რომ ხალხს ჩემი ცნობა შესძლებოდა. ამიტომ, მოპედზე მოვთავსდი, თავზე ჩაფხუტი დავიხურე და რომში ვსეირნობდი. ვაღიარებ, არასწორი ვიყავი. ბევრი დავლიე და ყველაფერს ორად ვხედავდი. მაგრამ ნელა დავდიოდი, მეგობრებთან ერთად. ამ სანახაობის არნახვა არ შემეძლო - მთელი ქალაქი დროშებით იყო სავსე, რომი რომას ფერებში იყო მორთული. ეს იყო საუკეთესო ღამე ჩემს ცხოვრებაში.

გვიან ღამეს ჩემს საყვარელ რესტორანში ვივახშმეთ, შემდეგ კლუბ ‘პანთეონში წავედით’ - დილის 8 საათზე სახლში დედამიწაზე ყველაზე ბედნიერი ადამიანი მიმიტანეს.’

კასანო ყველაზე ნიჭიერი იყო, ვინც მინახავს

ტოტი თავის თანაგუნდელებზე საუბრის დროს ანტონიო კასანოს გამოყოფს. ამ თავს სიმბოლური სახელი ჰქვია - ‘ბეტმენი და რობინი’.

‘ნაკრებშიც და კლუბშიც ბევრი დიდი ჩემპიონი მინახავს, თუმცა უეჭველია, რომ მათ შორის ყველაზე ნიჭიერი კასანო იყო. მინდოდა, მისი კარიერა გადამერჩინა. ის ჩემი უმცროსი ძმა და ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა. ახლაც, როცა ვხვდებით, მუდამ ამბობს, რომ რომაში უნდა დარჩენილიყო. რომ დარჩენილიყო, თავის ტალანტს სრულად აჩვენებდა და არა 30 პროცენტით.

ტოტი და კასანო

ვიცოდი, რომ კასანო გიჟი იყო, მაგრამ ასეთ გიჟს მაინც არ ველოდი. მეორე მხრივ, ვიცოდი, რომ კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ასეთ ძლიერ მოთამაშესაც არ ველოდი. ვარჯიშებზე ის დელვეკიოს და ტომაზის დასცინოდა - თითოეული შეცდომის გამო! მას მდგომარეობიდან თვით ბატისტუტაც კი გამოყავდა, რომელიც ვერ იტანდა, თუ ვინმე მას დაცინოდა, ან ეხუმრებოდა. კასანოსთვის ხუმრობა სიცოცხლის არსი იყო, თუმცა გუნდში ის ყველას უყვარდა.

2001 წლის ზაფხულში, ყოველ საღამოს ერთად ვერთობოდით ჩემს მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად. მის გულუხვობას საზღვარი არ ჰქონდა. ხანდანახ ყველას ერთად უხდიდა - მიუხედავად იმისა, რომ იქ მხოლოდ მე მიცნობდა. ანტონიოს რთული ბავშვობა ჰქონდა - მამა ოჯახიდან ადრე წავიდა და დედამ გაზარდა. ფეხბურთმა ის გაამდიდრა, თუმცა მაინც ბავშვად დარჩა. მას უნდოდა, რომ სხვებზე შთაბეჭდილება მოეხდინა. ბავშვობაში ფული არ ჰქონდა და ახლა ფიქრობდა, რომ ფული სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში დაეხმარებოდა.

კასანო და დელნერი

სანამ სახლი არ ჰქონდა, ჩემს მშობლებთან ცხოვრობდა. სწორედ მაშინ მოგვივიდა პირველი უსიამოვნება. მან ხელფასის 300 000-ევროიანი ჩეკი დაკარგა და დედაჩემს უთხრა, მოსამსახურემ მოიპარაო. დიდი სკანდალი მოაწყო, ბარგი ჩაალაგა და წავიდა. ორი თვე არ ვლაპარაკობდით. ის ჩეკი შემდეგ თავის მანქანაშივე იპოვა, სკამებს შორის ყოფილა ჩავარდნილი.

მომდევნო კონფლიქტი მაშინ მოხდა, როდესაც ორივე ტელეშოუში მიგვიწვიეს და მე უფრო მეტი გადამიხადეს ამისთვის. ეს მას ძალიან ეწყინა. რამდენიმე თვე არ ვკონტაქტობდით. მწვრთნელებთან მუდამ კონფლიქტი ჰქონდა. კაპელო მას მთელ ბაზაზე დასდევდა, კასანო მას უყვიროდა: ‘მოხუცო ხეიბარო, 'სკუდეტო' ტოტიმ და ბატისტუტამ მოგაგებინეს’. რუდი ფიოლერს თავიდანვე გამოუცხადა, რომ ის მწვრთნელი საერთოდ არ იყო. დელნერის პირში ამცირებდა, ეუბნებოდა, შენი ლაპარაკი არ მესმისო. მას მეტყველების პრობლემა ჰქონდა.

ყველაფერი სპალეტიმ დაამთავრა. კასანო მას თავიდანვე არ მოეწონა. ბაზაზე ვიყავით ვარჯიშზე და ანტონიომ მუსიკა ჩვეულებისამებრ ხმამაღლა ჩართო. სპალეტიმ უსიტყვოდ ჩაუწია. კასანო მივიდა და ისევ აუწია. სპალეტიმ ისევ ჩაუწია. ანტონიო აყვირდა: ‘შენ უდინეში აღარ ხარ, სადაც ყველა დუმს. ეს ჩემი სახლია.’ კლუბმა და გულშემატკივარმა სპალეტის მხარე დაიჭირა, მას არ ათამაშებდნენ და ერთხელ, ზამთარში, როდესაც ბაზაზე მივედით, დავინახეთ, რომ თავის კარადას ათავისუფლებდა. ბევრმა შვებით ამოისუნთქა.’

უარი რეალს

ფლორენტინო პერესს პირველი მცდელობა 2001 წლის 11 სექტემბერს ჰქონდა. ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის წინ მან ფრანკო სენსის უთხრა: ‘ხომ იცი, ჩემს გუნდში მსოფლიოში საუკეთესოებს ვაგროვებ. მომეცი უფლება, რომ ტოტისთან მოლაპარაკებები დავიწყო. არ ვხუმრობ. თქვი ფასი და მე გადავიხდი.’ სენსი კატეგორიული იყო: ‘არც განიხილება. ტოტი ჩემთვის შვილივითაა. არ იყიდება!'

618 თამაში და 250 გოლი რომაში

2004 წელს რეალმა აგენტი ერნესტო ბრონძეტი დაიქირავა, რათა ჩემს ტრანსფერზე ემუშავა. რომა დასუსტდა. გუნდის ლიდერები წავიდნენ. მწვრთნელები ხშირად იცვლებოდნენ. 2005 წლის 22 მაისს რეალის ახალი შემოთავაზება მოვიდა: წელიწადში 10-მილიონიანი კონტრაქტი - მთელი 4 მილიონით მეტი, ვიდრე რომაში მქონდა და წილი საკლუბო ატრიბუტიკის გაყიდვიდან. მე მსოფლიოში ყველაზე დიდი ხელფასი მექნებოდა. რომა 60 მილიონს მიიღებდა.

ილარია (ტოტის ცოლი) მზად იყო მადრიდში გადასასვლელად. მამას არ უნდოდა. ჩემს ძმას, რიკარდოს, ასეთ ფულზე უარი თქმა სიგიჟედ მიაჩნდა. დედამ არაფერი იცოდა. წარმოვიდგინე, რა სახე ექნებოდა, როცა გაიგებდა, რომ მადრიდში მივდიოდი. გამახსენდა, ვარჯიშებზე როგორ დავყავდი და დავალებებს მის მანქანაში როგორ ვაკეთებდი. გამახსენდა მისი სახე, როცა პირველი ხელფასი ავიღე. ეს გადაწყვეტილებაც მისთვის მივიღე. რეალი ჩემთვის არ არის, ჩემი ისტორია რომშია და რომას და ჩემს ოჯახს ეკუთვნის, რომელიც ამ ქალაქში ცხოვრობს.

2016 წელს, როდესაც 'ბერნაბეუზე' ჩავედი, ფლორენტინომ მითხრა: ‘შენ ერთადერთი ფეხბურთელი ხარ, ვინც მე უარი მითხრა!’

პანენკა ვან დერ საარს

ტოტის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მომენტი 2000 წელს, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ჰოლანდიის ნაკრებთან დარტყმული პენალტია. მან დარტყმა ე.წ. პანენკას სტილით შეასრულა. ასე იმ დროს არავინ ურტყამდა.

‘პენალტებზე მაშინ ბევრს ვმუშაობდით. სანამ დინო ძოფი (ნაკრების მწვრთნელი) იქ იყო, ჩვეულებრივ ვურტყამდი - კუთხეში ძლიერად. როცა ძოფი მიდიოდა, მაშინ რომელიმე მეკარესთან, ყველაზე ხშირად აბიატისთან ერთად ‘პანენკაზე’ ვვარჯიშობდი. რაც უფრო მეტი გამქონდა, ვრწმუნდებოდი, რომ თამაშშიც უნდა მეცადა. გუნდში დამცინოდნენ, მეუბნებოდნენ, რომ ტრაბახა ვიყავი. ნესტა, მალდინი, ინძაგი და დი ბიაჯო სულ ჩემზე იცინოდნენ. არჩევანი არ მქონდა - ან პანენკა უნდა დამერტყა, ან ტრაბახას სახელი შემრჩებოდა.

'პანენკა' ჰოლანდიასთან

როცა ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პენალტს ურტყამ, არ უნდა იფიქრო იმ მილიონობით ადამიანზე, ვინც ტელევიზორში გიყურებს. ზეწოლას ვერ გაუძლებ. თუ ისე აღიქვამ, რომ ბარში ხარ მეგობრებთან ერთად, უფრო იოლია. დარტყმის წინ დი ბიაჯოს ყურში ვუთხარი, ახლა პანენკა იქნება-მეთქი. ვან დერ საარი ძალიან დიდი ჩანდა, მაგრამ ყველაფერი გამომივიდა. 3:0 და ინძაგიმ თავში ხელი წაიშინა, ტოლდო გიჟივით იცინოდა, თითქოს უკვე მოვიგეთ.'

ღამე ფინალის წინ

ტოტი თავის წიგნში 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინა ღამეს იხსენებს.

’11 საათზე ოთახებში წავედით და შუქი გამოვრთეთ. უნდა დაგვეძინა. მაგრამ რამდენიმე წუთში დერეფანში ხმაური გაისმა. მალევე ჩემთან გატუზომ შემოიხედა.

‘გძინავს?’ - მკითხა მან.

‘არა, არ გამომდის’ - იყო ჩემი პასუხი.

‘გინდა, კარტი ვითამაშოთ?' - შევთანხმდით, რომ ნახევარ საათს ვითამაშებდით და მერე დავიძინებდით. მალევე პეროტა შემოგვიერთდა - თამაში გაგრძელდა.

მუნდიალის ზეიმი ბერლინში

მატერაცის ოთახიდან ისეთი ხმაური ისმოდა, რომ გადავწყვიტეთ, გვენახა რა ხდებოდა. მარკო, დე როსი, ოდო, პირლო, ბარონე და იაკუინტა ფიფას თამაშობდნენ. ტურნირი მოაწყვეს. ერთადერთი დელ პიეროს ეძინა. საღამოს გვითხრა, უკვე იმდენი ფინალი მქონდა, საერთოდ აღარ ვნერვიულობო. ბუფონი უიმბლდონს უყურებდა, ამელია ფილოსოფიაზე წიგნს კითხულობდა. დილის 6 საათზე დავიძინეთ, სამ საათში საუზმე გვქონდა. რესტორანში მოჩვენებები გამოვედით და არა ადამიანები. თვალები გვეხუჭებოდა. ვარჯიშის დროს ცოტა აზრზე მოვედით.’

სპალეტი კარტის გამო გადაემტერა

ტოტის ბოლო სეზონში ფეხბურთიდან წასვლა სპალეტისთან უთანხმოების გამო მოუწია. მათი ურთიერთობა უფრო ადრე გაფუჭდა, როდესაც სპალეტი რომაში ჯერ კიდევ 2000-იანები შუაში დაინიშნა.

‘სპალეტი ვერ იტანდა კარტის თამაშს. არადა, მთელი წლის განმავლობაში გასართობად ვთამაშობდით. 2006-2007 წლის სეზონში ბომბარდირი ვხდებოდი, ბოლო ტურში მესინასთან გოლები მჭირდებოდა. კარტში ტურნირი გვქონდა და ბოლო ეტაპი ზუსტად მესინასთან თამაშის წინა ღამეს უწევდა. შუაღამეს მთელი გუნდი ჩემს ოთახში შეიკრიბა. დრო ისე გაგვეპარა, რომ ვერც შევნიშნეთ, გათენებისას სპალეტიმ კარზე როგორ მოგვიკაკუნა. აღმოჩნდა, რომ უკვე დილის 6-ის ნახევარი იყო. იკითხა: "იცით რომელი საათია".

მოვუბოდიშე და დავპირდი, არ ინერვიულოთ, ხვალ აუცილებლად მოვიგებთ-მეთქი. ოთახში შემოვიდა და აკვილანი, დე როსი და ოკაკა დაინახა. კიდევ 8 კაცი ტუალეტში იმალებოდა. "ეს ნორმალური არ არის!" - ეს თქვა და გავიდა. მეორე დღეს ჩემი ძირითადში დაყენება არ უნდოდა. ბოლოს მათამაშა, 2 გოლი შევაგდე, 4:3 მოვიგეთ და ბომბარდირი გავხდი.

ბოლო თამაში რომაში

7 წლის შემდეგ, როცა რომაში დაბრუნდა, უკვე სხვა ადამიანი იყო. პირველივე შეკრებაზე განაცხადა, რომ გუნდში კარტს ვერ აიტანდა. ვარჯიშებზე ყველაზე მეტს მე მაკრიტიკებდა. არ ვიცი, რა დავუშავე. აღარ მათამაშებდა და როდესაც ერთ-ერთ გაზეთს ვუთხარი, რომ გუნდისგან მეტ პატივისცემას ველოდი, ამაზე აფეთქდა. ხელში გაზეთი ეჭირა და მიყვიროდა. ტრიგორიადან გამაძევა - ჩემს ცხოვრებაში ეს ყველაზე დიდი დამცირება იყო. დავპირდი, რომ ვაჩვენებდი, ვინ უფრო ინანებდა.

სახლში არ დავრჩი, ოჯახთან ერთად სტადიონზე წავედი. რომამ პალერმოს 5:0 მოუგო, მაგრამ მთელი სტადიონი ტაშს მე მიკრავდა და სპალეტის უსტვენდა. ეს თებერვალი იყო. შემდეგი კონფლიქტი აპრილში მოხდა. ნაინგოლანი და პიანიჩი ჩემს ოთახში პოკერს უყურებდნენ. დე როსიმ მომწერა: ‘შენი ოთახის წინ, იატაკზე სპალეტი ზის’. 00:15 იყო, ოთახებში დაშლის დროს 15 წუთი გადაცდა. ნაინგოლანი და პიანიჩი ოთახიდან გავუშვი და სპალეტის ხმა გავიგე: ‘ვიცი, იქ რას აკეთებდით. კარტს თამაშობდით! ხვალ გავარკვევთ ყველაფერს’.

მეორე დღეს შეცვლაზე შევედი. ვაგებდით, გავათანაბრეთ და მერე ჯეკომ ჩემი პასით გაიტანა. გასახდელში სპალეტიმ ყვირილი დაიწყო: ‘ტოტი, ყელში ამოხვედი. ისე იქცევი, თითქოს აქ მთავარი შენ ხარ. კარტს თამაშობ, როცა ეს აკრძალულია.’ საქმე ჩხუბამდე არ მივიდა, 5 კაცი გვაშველებდა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები