Thumbnail

სებასტიან ფეტელის მომავალი ფორმულა 1-ში სულ უფრო და უფრო ბუნდოვანი ხდება!

როგორც მოსალოდნელი იყო, დღეს ორი დიდი გარიგება დადასტურდა. 2021 წლიდან ფერარის ახალი პილოტი 25 წლის ესპანელი კარლოს საინსი იქნება. იგი სებასტიან ფეტელს შეცვლის და ოფიციალურად მიიღებს მეორე პილოტის სტატუსს. პირველი, სკუდერიაში, ახლა უკვე ოფიციალურად, 22 წლის შარლ ლეკლერი იქნება.

შეგახსენებთ, ფეტელმა ორიოდე დღის წინ დაადასტურა, რომ წლის ბოლოს ფერარის დატოვებს. 2020 წლის სეზონი კორონავირუსის პანდემიის გამო არც კი დაწყებულა და თუ ივლისში დაიწყება (როგორც იგეგმება), მსოფლიოს 4-გზის გერმანელი ჩემპიონისთვის ეს ფერარიში ბოლო შანსი იქნება, სკუდერიაში ტიტული მოიპოვოს.

საინსს მაკლარენში დანიელ რიკარდო შეცვლის

საინსმა ფერარისთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და თავის მხრივ, მას მაკლარენში დანიელ რიკარდო შეცვლის. 31 წლის ავსტრალიელმა რენო 2 წლის შემდეგ დატოვა და დრეს ეს ინფორმაციაც ოფიციალურად დადასტურდა.

როცა ფეტელმა ფერარიდან წასვლა დაადასტურა, ყველაზე რეალური მისი მაკლარენში გადასვლა ჩანდა. ახლა, ეს გამოირიცხა. მართალია, რამდენიმე გამოცემა წერს, რომ გამორიცხული არაა, 2021 წლიდან ფეტელი მერსედესშიც აღმოჩნდეს (ვალტერი ბოტასის ნაცვლად), მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან ეს ძალიან არარეალურია.

კომენტარები

ბოლო ამბები