Thumbnail

Belfast Telegraph-მა ჩრდილოეთ ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციაზე დაყრდნობით დაწერა, რომ უეფამ უკვე შეატყობინა ეროვნულ ასოციაციებს, რომ ევრო 2020-ის პლეი ოფის მატჩები უმაყურებლოდ გაიმართება...

შეგახსენებთ, რომ ევრო 2020 კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო, 2021 წლის ზაფხულისთვის გადაიდო. ამ ტურნირის ბოლო 4 საგზურის ბედს კი პლეი ოფი გადაწყვეტს 16 ნაკრების მონაწილეობით, რომელთა შორის საქართველოცაა. 4-გზიანი პლეი ოფი ჯერ კიდევ მარტში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ იმავე მიზეზით რამდენჯერმე გადაიდო. სავარაუდოდ, პლეი ოფის ნახევარფინალური მატჩები ოქტომბერში, ხოლო ფინალები ნოემბერში ჩატარდება.

ეს ინფორმაცია ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს დაამწუხრებს, რადგან პლეი ოფის ნახევარფინალს ვლადიმირ ვაისის ნაკრები ბელარუსთან "დინამო არენაზე" მართავს, სადაც ასევე უნდა გაიმართოს ფინალი, თუკი საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას მოიგებს.

ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, უეფა ეროვნულ ასოციაციებს ურჩევს შეეგუონ იმ აზრს, რომ 2020 წელს ყველა საერთაშორისო მატჩი აუცილებლად უმაყურებლოდ ჩატარდება. 

უეფას ეროვნულ ნაკრებთა კომიტეტმა ამ საკითხზე გუშინ იმსჯელა. უეფას სურს, რომ ერთა ლიგისა და პლეი ოფის მატჩები შემოდგომით გაიმართოს. 

თუ ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდება, ერთი შანსი რჩება - გადატვირთული კალენდრის გამო, ევროს პლეი ოფები ვერ მოესწროს 2020 წელს. ამ შემთხვევაში, ტურნირი შესაძლოა, 2021 წლის მარტისთვის დაინიშნოს, თუმცა ამ შემთხვევაში, უეფას ფიფასთან მოუწევს კონსულტაციის გავლა, რადგან 2022 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩები, სავარაუდოდ, სწორედ მარტში უნდა დაიწყოს. 

კორონავირუსით მსოფლიოს მასშტაბით 4.3 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა. საქართველოში სულ 647 დაინფიცირებულია, რომელთაგანაც 11 გარდაიცვალა, ხოლო 372 გამოჯანმრთელდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები