Thumbnail
  • უსმან დემბელემ მწვრთნელი და ხელმძღვანელები კიდევ ერთხელ გააბრაზა
  • ბარსელონამ ფრანგი ტრანსფერზე 50-პროცენტიანი ფასდაკლებით დააყენა

დაახლოებით 1 თვის წინ, ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთელები ვიდეო-კონფერენციაზე დაპატიჟა და ონლაინ-ზარით ყველა მოთამაშეს მიესალმა - ერთის გარდა! ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ამ ონლაინ-კონფერენციას დააკლდა, კატალონიური გრანდის 22 წლის ფრანგი შემტევი უსმან დემბელე იყო.

დემბელეს ვარჯიშებიც არაერთხელ გაუცდენია და მისი უდისციპლინობის შესახებ ჯერ კიდევ მაშინ იყო ცნობილი, როცა დორტმუნდის ბორუსიაში თამაშობდა. როგორც ჩანს, დემბელეს უსაქციელობა ბარსელონას ხელმძღვანელებსაც ყელში ამოუვიდათ.

‘მარკას’ ინფორმაციით, ბარსელონა მზადაა, 120 მილიონ ევროდ შეძენილი დემბელე ნახევარ ფასად, 60 მილიონ ევროდ გაყიდოს. გარდა იმისა, რომ ვიდეო-კონფერენცია გააცდინა, დემბელე ერთადერთი ფეხბურთელია ბარსელონას შემადგენლობაში, რომელიც ბაზაზე ჯერ კიდევ არ უნახავთ მას შემდეგ, რაც ‘ბლაუგრანას’ მოთამაშეებს იქ მისვლა და ინდივიდუალურად ვარჯიში შეუძლიათ. ფრანგს კორონავირუსზე ტესტიც სახლში აუღეს.

‘მარკაში’ ვკითხულობთ, რომ უსმან დემბელეს ბარსელონაში შანსი აღარ მიეცემა - კატალონიურ გრანდს სასწრაფოდ მისი გაყიდვა სურს. ფრანგი გარემარბი ბარსაში 2017 წლის ზაფხულში გადავიდა და მას მერე, ტრავმების გამო 70 მატჩი გამოტოვა.

ბარსელონას ლაუტარო მარტინესის შეძენა სურს და კატალონიელები ნეიმარის დაბრუნებაზეც ფიქრობენ. შესაბამისად, დემბელე უკვე ყველა თვალსაზრისით ზედმეტია.

შეგახსენებთ, რომ ევროპის წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან ჩემპიონატს პირველი გერმანია განაახლებს. ბუნდესლიგა 16 მაისს, 26-ე ტურით განახლდება, რომლის ცენტრალური მატჩი რურის დიდი დერბია დორტმუნდის ბორუსიასა და შალკეს შორის.

 

კომენტარები

ბოლო ამბები