Thumbnail

'მისი სიტყვები სხვანაირად გაიგეს' - სეტუბალი მაკარიძის საკითხზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'როდესაც მისი დონის მეკარე გყავს, ბუნებრივია, რომ შემოთავაზებაც ბევრია'
  • გიორგი მაკარაძის თაობაზე განმარტება სპორტულმა დირექტორმა გააკეთა

ქართველმა მეკარე გიორგი მაკარიძემ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ, ვიტორია სეტუბალის მაისურით პირველი ვარჯიშები ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის საფეხბურთო ლიგის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, სეზონი 4 ივნისს განახლდება, როდესაც 25-ე ტურის მატჩებია დაგეგმილი. შესაბამისად, ვიტორიელთა მეტოქე ბელენენსეში იქნება.

გასაგებ მიზეზთა გამო, სეტუბალის წვრთნა განსაკუთრებული რეგულაციებით წარიმართა. გუნდი 2 ნაწილად იყო გაყოფილი და მათი ვარჯიშები სხვადასხვა დროს იყო დაგეგმილი. მაკარიძე პირველ წყებაში მოჰყვა, სადაც მის გარდა 13 ფეხბურთელი მოხვდა.

სხვათა შორის, ქართველი გოლკიპერის საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ვიტორიას სპორტული დირექტორი როდოლფო ვაზი. საქმე ეხება მაკარიძის განცხადებას 23-ე ტურში პორტიმონენსესთან მატჩის მერე. მაშინ ჩვენებურის ამგვარი კომენტარი გავრცელდა:

“მთავარია, ბენფიკასთან მომდევნო შეხვედრაში არ დავმარცხდეთ, თუნცა, მერე ყველა მატჩი წაგვიგია”.

ლისაბონურ გრანდთან თამაში ფრედ დასრულდა, მაკარიძემ კი მალევე ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ მის სიტყვებს არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა. ახლა, იგივე გუნდის ერთ-ერთმა მმართველმაც დაადასტურა, რომელმაც გიორგის სწორედ ბენფიკაში შესაძლო ტრანსფერზეც ისაუბრა.

“უცხოეთში თავადაც მიმუშავია და ვიცი, რომ ასეთი რამეები ხდება. თუ ენას სრულყოფილად არ ფლობ, არის შანსი, შენი სიტყვები სხვა სახით გავრცელდეს. რაც შეეხება ტრანსფერს. როდესაც მაკარიძის დონის ფეხბურთელი გყავს, გასაკვირი არაა, რომ მისდამი ინტერესი ბევრს უჩნდება. იყო ბენფიკას ვარიანტიც, თუმცა, გადაწვყვიტეთ, რომ მაშინ გიორგის გაყიდვის დრო არ გახლდათ. ცხადია, საინტერესო შეთავაზებებს ახლაც განვიხილავთ, უბრალოდ, ის სათანადო დონის უნდა იყოს და დაგვაინტერესოს”.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის მაკარიძე პორტუგალიური კლუბების ღირსებას 2014 წლიდან იცავს. მას ფეირენსეში, მორეირენსესა და რიუ ავეშიც უთამაშია, სეტუბალში კი 2019 წლიდან ირიცხება. მიმდინარე სეზონში მის გუნდს 24 ტურში 28 ქულა აქვს და პრიმეირა ლიგაში მე-12 ადგილზე იმყოფება.

კომენტარები

ბოლო ამბები