Thumbnail

ექვსი ერი - ირლანდიამ დიდი სლემი და სამმაგი გვირგვინი მოიგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • იტალია 27:29 შოტლანდია - ბრიტანელებმა ბოლო წამზე მოიგეს.
  • ინგლისი 15:24 ირლანდია - დიდი სლემი და სამმაგი გვირგვინი ირლანდიას.
  • ინგლისელების სირცხვილი - მეხუთე ადგილი ექვს ერში.
  • უელსი 14:13 საფრანგეთი - უელსელებმა ექვს ერში მეორე ადგილი დაიკავეს.

ექვსი ერის მეხუთე ტური იტალიისა და შოტლანდიის მატჩით გაიხსნა. სტადიო ოლიმპიკოზე შეკრებილმა პუბლიკამ დრამატული მატჩი იხილა. იტალია, 2015 წლის შემდეგ, ექვს ერში მოგებასთან ყველაზე ახლოს იყო - 2015 წელს იტალიელებმა შოტლანდიას მოუგეს.

მასპინძლები ტომაზო ალანის ჯარიმით დაწინაურდნენ. მე-9 წუთზე შოტლანდიამ შეხვედრის პირველი ლელო დადო - თავი ფრეიზერ ბრაუნმა გამოიჩინა. რვაწუთიან მონაკვეთში, იტალიამ შოტლანდიას ორი ლელოთი უპასუხა. ტომაზო ალანმა და მატეო მინოციმ მე-13 და 21-ე წუთებზე გამოიჩინეს თავი. ალანი ორივე გარდასახვის დროს ზუსტი იყო. შოტლანდიელებმა კიდევ ერთი ლელოს დადება 25-ე წუთზე შეძლეს - ჯონ ბარკლის ლელო ლეიდლოუმ გარდასახა. აძურიმ პირველი ტაიმი 17:12 მოიგო.

სერხიო პარისე ფრეიზერ ბრაუნისა და ჯონი გრეის წინააღმდეგ.

მეორე ნახევარი იტალიის ლელოთი განახლდა. ტომაზო ალანმა დუბლი შეასრულა. მეორე ლელოს ზუსტი გარდასახვაც მიაყოლა. მე-60 წუთზე შოტ მეიტლენდმა ლელოთი ანგარიშში სხვაობა შვიდ ქულამდე შეამცირა. ზუსტად ათ წუთში სტიუარ ჰოგის ლელომ შოტლანდია დააწინაურა. აღსანიშნავია, რომ ლეიდლოუმ მეორე ტაიმში ორივე ლელოს გარდასახვა გაიტანა. ტომაზო ალანი მატჩის გმირი ხდებოდა, 75-ე წუთზე მან ჯარიმა გაიტანა და იტალია კიდევ ერთხელ გაიყვანა წინ, თუმცა 78-ე წუთზე ლეიდლოუმ საპასუხო ჯარიმის გატანა მოახერხა და შოტლანდიას უმძიმეს ბრძოლაში მოაგებინა - 29:27.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე, იტალიელი ტომაზო ალანი გახდა,
რომლის ანგარიშზეც 22 ქულა იყო.
მას შემდეგ, რაც ექვსი ერი არსებობს - შოტლანდიის საუკეთესო შედეგი
ამ ტურნირზე მესამე ადგილია.
ისინი მესამე ადგილზე ოთხჯერ გავიდნენ:
2001, 2006, 2013 და 2018 წლებში.
იტალიელი მებრძოლი.
სერხიო პარისე შვილთან ერთად.

იტალიელმა გულშემატკივრებმა ჰიმნი მორაგბეებთან ერთად იმღერეს

მატჩის მიმოხილვა: იტალია 27:29 შოტლანდია


ექვსი ერის ჩემპიონი ერთი ტურით ადრე ვიცოდით. მთავარი ინტრიგად დიდი სლემისა და სამმაგი გვირგვინის მოგება რჩებოდა. ეს ყველაფერი ინგლისისა და ირლანდიის დაპირისპირებაში წყდებოდა.

ირლანდიამ წმინდა პატრიკის დღე ინგლისში ტრიუმფალური გამარჯვებით აღნიშნა - დიდი სლემიც და სამმაგი გვირგვინიც დაისაკუთრა. სტუმრები მეხუთე წუთზე გარი რინგროუზის ლელოთი დაწინაურდნენ, სექსტონი გარდასახვის დროს ზუსტი იყო. ირლანდიამ მეორე ლელო 23-ე წუთზე დადო, თავი სიჯეი სტანდერმა გამოიჩინა - სექსტონი არც ამჯერად შემცდარა და ანგარიში 14:0 გახდა ირლანდიელთა სასარგებლოდ. მსაჯმა 28-ე წუთზე პიტერ ომაჰოუნი გაასინბინა, ირლანდია 14 კაცით დარჩა მინდორზე და ლელოც გაუშვა სამ წუთში. ოუენ ფარელის ბრწყინვალეს პასის შემდეგ ელიოტ დეილიმ დადო ლელო. ირლანდიამ პირველ ტაიმში კიდევ ერთი ლელო დადო. ჯეიკობ სტოკდეილის ლელო ჯოი კარბერიმ გარდასახა. ირლანდიამ პირველი ნახევარი 21:5 მოიგო.

მეორე ნახევარში ინგლისმა ელიოტ დეილიმ და ჯონი მეიმ მოახერხეს ლელოების დადება. ირლანდიელებმა კი ერთადერთი ჯარიმა გაიტანეს. სამყურებმა შეხვედრა 24:15 მოიგეს და გრანდ სლემს ისტორიაში მესამედ დაეუფლნენ. ირლანდიამ ბოლო გრანდ სლემი 2009 წელს მოიგო.

სიჯეი სტანდერი: დაუჯერებელია, თქვენ გჯერათ ამის?! მძიმე და დაძაბული შეხვედრა მოვიგეთ.

ჯეიკობ სტოკდეილი: ფენომენალური გრძნობაა. დაუჯერებელ და შთამბეჭდავ გამარჯვებას მივაღწიეთ. მიხარია, რომ ექვსი ერის ამ გათამაშებაში ყველაზე მეტი, შვიდი ლელოს დადება მოვახერხე.

სტოკდეილის მერვე ლელო მატჩისშემდგომ.

ინგლისელთა დამრიგებელი ედი ჯონსი ირლანდიის ნაკრებზე: საოცარი ნაკრებია, კარგად გაწვრთნილი. მორაგბეებმა იცოდნენ, როგორ უნდა ეთამაშათ სწორად. უბრალოდ ბრწყინვალე ნაკრებია.

ირლანდიელების დიდი ზეიმი გასახდელში.
წმინდა პატრიკი ჩვენი დიდი მფარველია.
ირლანდიელთა კაპიტანი რორი ბესტი შვილებთან ერთად.

მატჩის მიმოხილვა: ინგლისი 15:24 ირლანდია


ექვსი ერის 2018 წლის გათამაშება უელსისა და საფრანგეთის დაპირისპირებით დასრულდა. უელსელებმა ‘’მამლები’’ დაამარცხეს და ექვს ერში მეორე ადგილი დაიკავეს. მე-3 წუთზე ფრანსუა ტრინდაკის გატანილ ჯარიმას უელსელებმა ლელოთი უპასუხეს. ლი ჰალფპენმა მე-9 და მე-15 წუთებზე ფრანგებს ორი ჯარიმა გაუტანა. მე-20 წუთზე გაელ ფიკუმ ლელო დადო, რომელიც მაქსიმ მაშნომ გარდასახა. ჰალფპენმა 31-ე წუთზე ჯარიმა გაიტანა და უელსმა ტაიმი 14:10 მოიგო.

მეორე ნახევარში ფრანგებმა მხოლოდ ერთი ჯარიმა გაიტანეს - თავი მაშნომ გამოიჩინა. უელსელებმა შეხვედრა 14:13 მოიგეს. ბრიტანელებმა ექვს ერში მეორე ადგილი დაიკავეს, საფრანგეთი მეოთხე ადგილზე გავიდა. ფრანგებმა იტალიელებსა და ინგლისელებს გაუსწრეს.

მატჩის მიმოხილვა: უელსი 14:13 საფრანგეთი


ასე გამოიყურება ექვსი ერის საბოლოო ცხრილი

ექვსი ერი ერთი წლით დაგვემშვიდობა. 2019 წლის გათამაშების პირველ ტურში ირლანდია ინგლისს შეხვდება, საფრანგეთი უელსს, შოტლანდია კი იტალიას უმასპინძლებს. ჩვენმა ნაკრებმა ამ დროის განმავლობაში ზრდა უნდა გააგრძელოს. ვიმედოვნებთ, რომ რამდენიმე წელში დადგება ის დრო, როდესაც ბორჯღალოსნებიც მიიღებენ ამ სარაგბო ზეიმში მონაწილეობას.

კომენტარები

ბოლო ამბები