Thumbnail

არგენტინის ნაკრებში ლეო მესი წარუმატებელია, მაგრამ ის, რაც 2009 წლის 1 აპრილს მოხდა, არაფერში ჯდება. იმ დღეს არგენტინა ბოლივიასთან 1:6 განადგურდა.

თუ ფიქრობთ, რომ ეს შეხვედრა ბევრს არაფერს წყვეტდა, ან ამხანაგურის სტატუსი ჰქონდა, ცდებით. დიეგო მარადონას გაწვრთნილ 'ალბისელესტეს' მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე თითოეული ქულა სჭირდებოდა. ამ შეხვედრაშიც, დიეგომ არგენტინის საუკეთესოებს უხმო - მესი, ტევესი, ძანეტი, დი მარია, მასკერანო და სხვები ლა პასში სამი ქულისთვის ჩავიდნენ. ბოლივიას მანამდე შესარჩევში მხოლოდ ორი მატჩი ჰქონდა მოგებული.

ლა პასის ფენომენი

მიიჩნევა, რომ სამხრეთ ამერიკაში ფეხბურთის თამაში ყველამ იცის. ვინც არ იცოდა, იმათაც ისწავლეს - მაგალითად, ვენესუელამ. ერთადერთი გამონაკლისი ბოლივიაა, რომელიც ათწლეულების მანძილზე სამხრეთამერიკული ფეხბურთის უიმედო აუტსაიდერია. მათ ერთადერთი მოკავშირე ჰყავთ - კლიმატი.

ლა პასი, ბოლივიის დედაქალაქი, ზღვის დონიდან 3600 მეტრის სიმაღლეზე, ანდებში მდებარეობს. ეს უკვე ის სიმაღლეა, როდესაც მთაში გაიშვიათებული ჰაერია და სუნთქვა ჭირს. განსაკუთრებით რთულია სუნთქვა ფიზიკური დატვირთვის დროს. ბოლივიელებისთვის ეს ჩვეული სასიცოცხლო პირობებია, ჩასულ გუნდებს კი ძალიან უჭირთ. შემთხვევითი არ არის, რომ ბოლოვიამ თავისი ერთადერთი კოპა ამერიკა 1963 წელს სწორედ სახლში მოიგო.

უშანსოდ წაგებული თამაში

ეს თამაში არგენტინამ ისე წააგო, სალაპარაკო ბევრიც არაფერია. მესი, ტევესი და დი მარია თავის თავს არ ჰგავდნენ. სამაგიეროდ, ბოტერომ სამი გოლი შეაგდო, ტორიკო კი ‘ალბისელესტეს’ ფონზე მოედანზე მეფესავით გამოიყურებოდა. არგენტინელთაგან ერთდარერთი გოლი ლუჩო გონსალესმა გაიტანა. მატჩის შემდეგ დიეგო მარადონამ თქვა, რომ ‘თითოეული გოლი მის გულში დარტყმულ ხანჯალს გავდა’.

მოწინააღმდეგეები ლა პასის ფაქტორის შესამცირებლად ბევრ ხერხს მიმართავენ: ერთი ვარიანტი ადრე ჩასვლა და მის კლიმატზე მიჩვევაა, მაგრამ სანაკრებო ფორმატში ეს არ გამოდის. მეორე ვარიანტი ზედ თამაშის წინ, რამდენიმე საათით ადრე ჩაფრენა და თამაშია - სანამ სხეული ლა პასის კლიმატზე რეაგირებას დაიწყებს.

2013 წელს მესი და დი მარია ისევ ლა პასში იყვნენ და ჰაერის ბალონებით დადიოდნენ, ცდილობდნენ ჟანგბადი ხელოვნური გზით მიეღოთ. ამ მცდელობების მიუხედავად, კლიმატის ფაქტორის გათვალისწინებით, ბოლივიაში თამაში დღემდე ძალიან უსიამოვნო გამოცდილებად მიიჩნევა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები