Thumbnail

ფიბამ სტარტი გადმოწია - მუნდიალის თარიღი და ფორმატი ცნობილია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ფიბამ 2023 წლის საკალათბურთო მუნდიალის თარიღი და ფორმატი გამოაცხადა
  • საკვალიფიკაციო ეტაპი 2021 წლის ნოემბერს დაიწყება

ფიბამ გამოაცხადა, რომ 2023 წლის საკალათბურთო მუნდიალი 25 აგვისტოს დაიწყება და 10 სექტემბერს დასრულდება. ჩემპიონატი 1-ელ სექტემბერს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ფიბამ თარიღი ოდნავ გადმოწია.

მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობას 32 ნაკრები მიიღებს, რომლებიც 8 4-გუნდიან ჯგუფში განაწილდებიან. მეორე რაუნდში 16 საუკეთესო გუნდი გადის. ამ ეტაპზეც ჯგუფური მატჩებია - 4 ჯგუფში. 8 გუნდი ბრძოლას 1/4 ფინალში გააგრძელებს. ჩემპიონატის ფორმატია ჩინეთში გამართული მუნდიალის იდენტურია. 

ჩემპიონატი ფილიპინების 4 ქალაქში, ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტასა და იაპონულ ოკინავაში გაიმართება. საკვალიფიკაციო ეტაპი 2021 წლის ნოემბრიდან დაიწყება და სულ 15 "ფანჯარა" იქნება. პირველი ფანჯარა 22-30 ნოემბერსაა. სულ მსოფლიოს 80 ნაკრები მიიღებს საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობას. მათ შორის იქნება საქართველოს ეროვნული ნაკრებიც. 

საკვალიფიკაციო ეტაპზე სულ 29 საგზური განაწილდება (ფილიპინებს, ინდონეზიასა და იაპონიას საგზურები უკვე აქვთ). აღსანიშნავია, რომ ევროპაში წინასაკვალიფიკაციო ეტაპი უკვე დაწყებულია, სადაც 8 ყველაზე სუსტი ნაკრები მონაწილეობს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ესპანეთის ნაკრები ატარებს, რომელმაც ფინალში არგენტინა დაამარცხა. 

კომენტარები

ბოლო ამბები