Thumbnail
  • პრესტიჟულ სიაში გურამ გოგიჩაშვილი, ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე მოხვდნენ
  • ქართველების გარდა, გუნდში მხოლოდ პირველი დონის ქვეყნების მორაგბეები შევიდნენ

პოპულარულმა სარაგბო ვებ-გვერდმა Ultimaterugby-მ მსოფლიოს მასშტაბით 23-წლამდე მორაგბეთა შორის საუკეთესოები ჩამოთვალა და სასიხარულოა, რომ მათ შორის 3 ქართველი ახალგაზრდაც მოხვდა.

აღნიშნულმა ვებ-გვერდმა თითოეულ პოზიციაზე 3 ან 4 საუკეთესო შეარჩია, ბორჯღალოსნებისგან კი გურამ გოგიჩაშვილი, ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე დაასახელა. მიუხედავად იმისა, რომ Ultimaterugby ქართველებს მსოფლიოში პირველ ნომრებად არ მიიჩნევს, თუნდაც სამეულში მათი მოხვედრა ძალიან დასაფასებელია.

21 წლის გოგიჩაშვილს, რომელიც ფრანგული რასინგის ღირსებას იცავს, ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში 13 მატჩი აქვს ჩატარებული. ის სიმბოლურ ნაკრებში მარცხენა ბურჯის პოზიციაზე მოხვდა, სადაც მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ უელსელ რის ქეარსა და ფრანგ ჟან-ბაპტისტ გროსს ჩამორჩა.

დიდი იმედები უკავშირდება საქართველოს ეროვნული ნაკრების ღერძს ვასილ ლობჟანიძისა და თედო აბჟანდაძის შემადგენლობით.

“ლობჟანიძე განსაკუთრებულ ყურაღებას იქცევს თუნდაც იმის გამო, რომ ყველაზე ახალგაზრდაა, ვინც ნაკრებში 50-მატჩიან ზღვარს მიაღწია. თანაც, ვასილი ჯერ 24 წლისაც კი არ გახლავთ”, - წერს Ultimaterugby ბრივის ქართველი ლეგიონერის შესახებ.

9 ნომრის პოზიციაზე მსოფლიოში ყველაზე ნიჭიერ მორაგბედ ფრანგი ენტონი დიუპონი დასახელდა, შემდეგ კი ავსტრალიელი ტეიტ მაკდერმოტი მოდის.

დიდი კონკურენციაა მგეზავის როლზე, სადაც რომეინ ნტამაკი (საფრანგეთი), მარკუს სმითი (ინგლისი), დომინგო მიოტი (არგენტინა) და თედო აბჟანდაძე ფიგურირებენ. 20 წლის ქართველი მორაგბე ასევე ბრივში ირიცხება და მართალია, ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ 14 მატჩი აქვს ჩატარებული, მის აქტივში უკვე 102 ქულაა.

საინტერესოა, რომ საქართველო მე-2 ეშელონის წარმომადგენელი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც Ultimaterugby-ის მიერ შედგენილ ნაკრებში წარმომადგენლები ჰყავს. გუნდში არიან ახალზელანდიელი, ავსტრალიელი, სამხრეთაფრიკელი, არგენტინელი, ინგლისელი, უელსელი, ირლანდიელი, ფრანგი და შოტლანდიელი მორაგბეები, სამაგიეროდ, ვერავის ვხედავთ, იტალიიდან, იაპონიიდანა და ოკეანეთის ქვეყნებიდან.

კომენტარები

ბოლო ამბები