Thumbnail
  • მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის დიდი მატჩი, რომელიც ბევრს არ ახსოვს
  • ეს მხოლოდ 1/4 ფინალი იყო, მაგრამ თავისი მნიშვნელობით განსაკუთრებულია
  • თუ არ გინახავთ, ან არ გახსოვთ, მაშინ ახლა სწორედ ამის დროა [სრული მატჩი ქვემოთ]

2006 წლის საფრანგეთი-ბრაზილიის მატჩი თავისი მნიშვნელობით განსაკუთრებულია. ისტორიას ეს მატჩი შემორჩა, როგორც ზინედინ ზიდანის ბოლო დიდი პერფორმანსი, თუმცა ამ შეხვედრას მეორე მხარეც აქვს - ეს იყო ჯერ-ჯერობით ბოლო ვარსკვლავური ბრაზილია, რომელსაც სურდა, ის ფეხბურთი ეთამაშა, რომელსაც ბრაზილიური ოცნება ჰქვია. 

ბრაზილიური ოცნება

ბრაზილია 2006 წლის მუნდიალის წინ უპირობო ფავორიტი იყო. წარმოიდგინეთ, რონალდინიო ფორმის პიკში, რომელმაც გერმანიის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო; ანჩელოტის მილანის ლიდერი კაკა; რონალდო, რომელიც თავის ბოლო დიდ სეზონს თამაშობდა და ადრიანო, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ ბრაზილიური ფეხბურთის მომავლად მიიჩნეოდა.

გარდა ამისა, ამ გუნდში ისეთი მოთამაშეები იყვნენ, როგორებიც რობერტო კარლოსი, კაფუ, ლუსიო, ჟუნინიო და ზე რობერტო არიან. არ ვიცი, გახსოვთ, თუ არა, მაგრამ პრესაში სერიოზულად საუბრობდნენ, რომ ბრაზილიას სულ მცირე, 1982 წლის, ან სულაც პელეს, ჯერსონის და ჟაირზინიოს ლეგენდარული 1970 წლის გუნდის შემდეგ, ასეთი ვარსკვლავური შემადგენლობა არ ჰყოლია. ქაღალდზე ეს ასეც იყო.

1970 და 1982 წლების მაგალითი შემთხვევით არ მომიყვანია. ბრაზილიამ ამის შემდეგ ორჯერ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი: რომარიოს გუნდმა 1994-ში და სკოლარის და რონალდოს გუნდმა 2002-ში. ეს ორი გუნდი ბრაზილიური სტანდარტით ფრთხილ და პრაგმატულ ფეხბურთს თამაშობდა. ეს ბრაზილიაში ტრენდად 1982 წლის შემდეგ იქცა. პირველი სამი მსოფლიოს ჩემპიონობით პელეს და გარინჩას თაობამ ბრაზილიური თამაში ბრენდად აქცია - ეს იყო ფეხბურთი, რომლის გამოც ხალხს "სელესაო" უყვარს.

ამას 80-იანებში ძალიან ლამაზად და ლაღად მოთამაშე ბრაზილიის ზედიზედ ორი მარცხი მოჰყვა - ზიკოს, ფალკაოს და სოკრატესის თაობა ჯერ 82-ში იტალიასთან დამარცხდა, 86-ში საფრანგეთთან. ამის შემდეგ ბრაზილიური ფეხბურთი უფრო პრაგმატული და ტაქტიკური გახდა. 2006-ში ყველას სჯეროდა, რომ ბრაზილიას მისთვის უკვე თითქმის დავიწყებული ჯადოქრული თამაში უნდა ეთამაშა და ისე მოეგო. "სელესაოს" გულშემატკივარი მხოლოდ გამარჯვებას კი არ ელოდა, ეს ლამაზად და ლაღად, ფოიერვერკითაც სურდა. მეოთხედფინალში მათი მეტოქე პრობლემური საფრანგეთი იყო.

Don't ever underestimate the heart of a champion

კალათბურთშია ასეთი გამოთქმა - Don't ever underestimate the heart of a champion ანუ დიდ ჩემპიონებთან ფრთხილად უნდა იყო და არასოდეს ჩამოწეროო. ზინედინ ზიდანი დიდი თამაშების კაცი რომ იყო, ეს იქამდეც ყველამ იცოდა - ბრაზილიასთან ფინალი, პორტუგალიასთან ნახევარფინალი, ლევერკუზენთან ფინალი - ამ სიის მოკლე ჩამონათვალია. ბრაზილიასთან მეოთხედფინალამდე საფრანგეთი წვალობდა, ჯგუფში ორი ფრე - შვეიცარიასა და სამხრეთ კორეასთან, ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ტოგოსთან, მწვრთნელად ექსტრავაგანტული რაიმონდ დომენეკი.

ამის მიუხედავად, პლეიოფური ფორმატისთვის ეს საშიში გუნდი იყო. პლეი ოფში ყველაზე მეტად გამოცდილება და დაცვა ფასობს - ზიდანსა და ანრისთან ერთად მოედნის ცენტრში პატრიკ ვიეირა და კლოდ მაკელელე თამაშობდნენ, დაცვაში უილიამ გალასი და ლილიან ტურამი. ეს ფიზიკურად ძლიერი გუნდი იყო. პირველად ნომრად თამაში უჭირდა, თუმცა უფრო მეტად დაცვაზე ორიენტირებული ფეხბურთელები ჰყავდა - შეტევაში 3-4 მოთამაშის იმედზე იყო. განსაკუთრებით სანაკრებო ფორმატში, პლეი ოფი სხვა ამბავია - კარგი დაცვა და კონტრშეტევა აქ მომგებიანი სტრატეგიაა.

ამ თამაშშიც ასე გამოვიდა - ფრანგებს თავის ნახევარზე და მოედნის ცენტრში ყველაფერი წესრიგში ჰქონდათ, ბრაზილია უტევდა და დაცვაში სივრცეები რჩებოდა. მეტოქის ნახევარზე თამაშის ორგანიზება ზიდანმა საკუთარ თავზე აიღო და კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. ფორმის პიკში მყოფი რონალდინიო-კაკას ფონზე, ზიზუ სხვა პლანეტიდან ჩამოსულს ჰგავდა.

გამოკითხვა

ვინ დაასრულებს სეზონს უფრო მაღლა?

  • დორტმუნდი
  • ლაიპციგი

არც ისე ძლიერი ბრაზილია

ფრანგების პრობლემებზე ამ თამაშამდე ბევრი ლაპარაკობდა, აი, ბრაზილია რომ მოლოდინს ვერ ამართლებდა, თითქმის არავინ. ფრანგებამდე ბრაზილიამ ხორვატიასა და ავსტრალიასთან იწვალა - ჯამში, ორ თამაშში გატანილი სამი გოლი. ყველას ეგონა, რომ ამ ეტაპზე "სელესაოს" მეტი არ სჭირდებოდა და მეტს პლეი ოფში გვაჩვენებდა.

კარლოს ალბერტო ბრაზილიური სტანდარტით დაცვითი ტიპის მწვრთნელი იყო - შეტევაში რაიმე ექსტრაორდინალურის მოფიქრება დიდად არ ეხერხებოდა. ამ ბრაზილიის თამაშიც მან ზედმეტად უბრალოდ დააყენა - დაცვაზე პასუხისმგებელი 6 კაცი იყო, შეტევაში კი შემტევი ოთხეულის კლასის და ოსტატობის იმედი ჰქონდა. 2002 წელს ბრაზილიამ ამ ფეხბურთით მოიგო, თუმცა ვიეირა-მაკელელეს და ტურამს მხოლოდ კლასით და ოსტატობით ვერ მოუგებ. ქაღალდზე ძალიან დიდი გუნდი, პრაქტიკაში არცთუ ისე დიდი აღმოჩნდა.

მსოფლიოს ბრაზილიური თამაშით გაოცების ოცნება კიდევ ერთხელ ჩავარდა - ამის შემდეგ მუნდიალებზე "სელესაოს" ისევ პრაგმატიკოსებს: დუნგას, სკოლარის და ტიტეს მიანდობენ. ასეთი თაობა "პენტაკამპიონებს" მას შემდეგ აღარ ჰყოლიათ. ამ თამაშიდან კი ზიდანის ლეგენდა დარჩა.

"ბრაზილია კი არა, ერთი ბებერი ჯადოქარი ცეკვავდა", - თუ სწორად მახსოვს და რაიმე დეტალს არ ვამახინჯებ, ასე დაწერა მატჩის შემდეგ აკა მორჩილაძემ. მოკლედ, ეს თამაში უნდა ნახოთ. 

სრული მატჩი: ბრაზილია - საფრანგეთი [გერმანია, 2006]

 

კომენტარები

ბოლო ამბები