Thumbnail

'სწორედ ამიტომ ხართ საუკეთესო' - შვაინშტაიგერმა ჰაინკესს იუბილე მიულოცა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 'ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ ისეთი სიტყვა თქვით, ყველას ჟრუანტელმა დაგვიარა'
  • 2013 წელს, ჰაინკესის ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ტრიპლეტი შეასრულა

იუპ ჰაინკესის მწვრთნელობის დროს მიუნხენის ბაიერნმა 4-ჯერ მოიგო ბუნდესლიგა, 2013 წელს კი ჩემპიონთა ლიგაშიც იმარჯვა და ტრიპლეტი შეასრულა. გუშინ ჰაინკესს 75 წელი შეუსრულა, ეს საიუბილეო თარიღი კი მას ყოფილმა შეგირდმა ბასტიან შვაინშტაიგერმა ემოციური წერილით მიულოცა.

"ძვირფასო იუპ, თქვენთან ერთად საუკეთესო წლები გავატარე კარიერაში. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ფლანგიდან ცენტრში შემწიეთ და საუკეთესო თვისებების გამოვლენის საშუალება მომეცით, არამედ იმიტომ, რომ სამაგალითო ადამიანი ხართ. არასდროს დამავიწყდება როგორ ესალმებოდით ყოველ დილას სათითაოდ ყველა ფეხბურთელსა და გუნდის ტექნიკური პერსონალის წარმომადგენლებს. როგორ ესაუბრებოდით ყველას, ვისაც ეს სჭირდებოდა და იყავით მათთვის არა მხოლოდ მწვრთნელი, არამედ - ფსიქოლოგიც. ყველა თამაშის წინ, ერთნაირი ყურადღებით უხსნიდით გუნდის ტაქტიკას როგორც გუნდის ლიდერებს, ისე - სათადარიგო ფეხბურთელებს, რომლებსაც იმ დღეს თამაში არ მოუწევდათ. ამ ნაბიჯით, გვაგრძნობინებდით, რომ თითოეული ფეხბურთელი თქვენთვის თანაბრად ძვირფასი იყო. დაარწმუნეთ რიბერი და რობენი, რომ თუ დაცვას დაეხმარებოდნენ, ამით უფრო მეტად შეაყვარებდნენ თავს გულშემატკივრებს. თქვენ მთავარი მოახერხეთ: ერთ მუშტად შეკარით გუნდი, რამაც დიდ ტრიუმფამდე მიგვიყვანა. 2013 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, ისეთი სიტყვა თქვით, რომ ყველას ჟრუანტელმა დაგვიარა. ის მატჩი მოვიგეთ (ბაიერნი 2:1 ბორუსია დ.) და მიუნხენში ერთად ვიზეიმეთ. თქვენ საუკეთესო ხართ და მინდა დიდ ხანს სიცოცხლე გისურვოთ".

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ევროპის წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან ჩემპიონატს პირველი სწორედ გერმანია განაახლებს. ბუნდესლიგა 16 მაისს, 26-ე ტურით დაბრუნდება, რომლის ცენტრალური მატჩი რურის დიდი დერბია დორტმუნდის ბორუსიასა და შალკეს შორის.

კომენტარები

ბოლო ამბები