Thumbnail
  • საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სამხრეთ აფრიკაში 3 მატჩი ჰქონდა დაგეგმილი
  • ბერნარ ლაპორტის აზრით, შესაძლოა, საშემოდგომო ტესტებიც ვეღარ ჩატარდეს

მსოფლიო რაგბის ახლადარჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა ბერნარ ლაპორტმა, რომელიც ამავდროულად საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტიც გახლავთ, მიმდინარე წლის ტესტ-მატჩებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კორონავირუსის გამო, მათ უმეტესობას გაუქმება ემუქრება.

“ვფიქრობ, რომ მაისის შუისთვის ეროვნული ფედერაციების უმეტესობა ტესტების ჩაშლის შესახებ განცხადებებს გაავრცელებს. მაგალითად, საფრანგეთის ნაკრები ივლისში არგენტინაში აპირებდა გამგზავრებას, თუმცა, იქ საზღვრები სექტემბრამდე დაიკეტა და ცხადია, მატჩებს ვეღარ ჩავატარებთ. ანალოგიური სიტუაცია გვაქვს სამხრეთ აფრიკასთან, ახალ ზელანდიასთანა და ავსტრალიასთან დაკავშირებითაც. ოფიციალური დასტურისთვის 15 მაისს ველით, თუმცა, ვფიქრობთ, რომ იქ დაგეგმილი ტურებიც გაუქმდება”.

ეს ინფორმაცია სამწუხარო უნდა იყოს რაგბის ქართველი ქომაგებისთვისაც, რადგანაც ივლისში მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონთან სტუმრობა სწორედ “ბორჯღალოსნებს” ჰქონდათ დაგეგმილი. საქართველოს ნაკრებს აფრიკაში 3 ტესტი უნდა ჩაეტარებინა: 3 ივლისს – “ბლუ ბულსთან”, 11-ში – სამხრეთ აფრიკა A-სთან, ხოლო 18-ში – მთავარი მატჩი “ქურციკებთან”.

მსოფლიო რაგბის ვიცე-პრეზიდენტი არცთუ საიმედო პროგნოზს აკეთებს

უფრო მეტიც, ჯერაც გაურკვეველია, პანდემიის გამო, რა ბედი ელით საშემოდგომო ტესტებს, როდესაც ქართველ მორაგბეებს 2 მატჩი უკვე გაწერილი ჰქონდათ: 7 ნოემბერს, სტუმრად, ფრანგებთან და 21-ში, შინ, ფიჯისთან. აღნიშნულთან დაკავშირებით, ლაპორტმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“არსებობს ვარიანტი, რომ ოქტომბერში ჩრდილოეთ ნახევარსფეროს წარმომადგენლები სამხრეთს ეწვიონ, ნოემბერში კი საპასუხო ვიზიტები შედგეს. უბრალოდ, არ ვიცით, იმ დროს მოგზაურობა შესაძლებელი იქნება თუ – არა. პირადად, ამ იდეის განხორციელებაც ძალიან მეეჭვება. აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილებას ივნისის ბოლოს მივიღებთ. თუკი შემოდგომის ტესტებიც ჩაიშალა, ვფიქრობ, ეროვნულ ფედერაციებს სხვა გამოსავლის მოძიება მოუწევთ, რათა დიდ ფინანსურ დანაკარგს გადაურჩნენ. განიხილება წლის მიწურულს 6 ერის კიდევ ერთი გათამაშების ჩატარებაც, თუმცა, ცხადია, რომ მანამდე ჯერ წინა შეჯიბრის ბოლო მატჩები უნდა მოვითავოთ”.

კომენტარები

ბოლო ამბები