Thumbnail

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ესპანური ბასკონიას კალათბურთელები, რომელთა შორის გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელიაც იყო, ბაზაზე პირველად შეიკრიბნენ და ვარჯიშის განახლებისთვის მზადება დაიწყეს.

მოთამაშეები სამედიცინო შემოწმებას 3 დღის განმავლობაში გაივლიან, უშუალოდ მოედანზე კი, ხუთშაბათს გავლენ და ბურთთან ერთად წვრთნას შეუდგებიან.

ცხადია, რომ ვირუსის გამო, ბასკონიამ სპეციალური რეგულაციებიც შეიმუშავა. კალათბურთელები ვადლებულნი არიან დარბაზში გამოცხადებისას და მისი დატოვებისას ხელთათმანები და ნიღბები ატარონ. განთავსდება დამატებითი სანიტაიზერები და როგორც მოთამაშეებს, ასევე პერსონალს ხელების ხშირ-ხშირად დაბანა მოუწევთ.

ერთდროულად მოედანზე გასვლას მხოლოდ 6 კალათბურთელი შესძლებს, რომელთაც ინდივიდუალური მწვრთნელები ეყოლებათ, მოვარჯიშეებს შორის კი, დაშორება მინიმუმ 4 მეტრი უნდა იყოს.

ქართველ ლეგიონერსა და მის თანაგუნდელებს ვარჯიში სპეციალური რეგულაციებით მოუწევთ

შეგახსენებთ, რომ ესპანურ ლიგა ენდესას პანდემიის გამო შეწყვეტილი სეზონის განახლების სქემა უკვე შემუშავებული აქვს. ჩემპიონობისთვის ბრძოლას გასული 23 ტურის შედეგებით საუკეთესო 12 გუნდი განაგრძობს. 

ახალი ფორმატის თანახმად, გუნდები ერთ ადგილას ერთ წრედ ითამაშებენ და 5 ტურის თავზე ჯგუფების საუკეთესოებს გამოავლენენ. პირველ-მეორე ადგილოსნები ერთმანეთს ნახევარფინალში გაეჯიბრებიან, ბოლოს კი ფინალი ჩატარდება.

ისიც ცნობილია, რომ სეზონი არაუგვიანეს 31 მაისისა უნდა განახლდეს და გამარჯვებული 10 ივლისამდე გამოვლინდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემპიონატი ჩაშლილად გამოცხადდება.

შენგელიასა და მეტ ჯენინგის გარდა, მომავალ შეჯიბრში საქართველოს ნაკრების სხვა წევრებსაც ვიხილავთ. ტურნირში ჩაერთვებიან გიორგი შერმადინის იბეროსტარ ტენერიფე, ბექა ბურჯანაძის გრან კანარია და თად მაკფადენის ბურგოსიც.

ვთქვათ ისიც, რომ ბოლო პერიოდში თორნიკე შენგელიას მადრიდის რეალში გადასვლის შესახებ ბევრი იწერება, თუმცა, ეს ტრანსფერი რომც შედგეს, ქართველ კალათბურთელს სეზონის დასრულება ბასკეთში მოუწევს.

ესპანეთში კორონავირუსით უკვე 264 663 ადამიანია ინფიცირებული, 26 621 კი გარდაიცვალა. მსოფლიოს მასშტაბით, ინფიცირებულთა რიცხვი 4 126 890-ს აღწევს, ხოლო გარდაცვლილი 280 986 გახლავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები