Thumbnail

ბუფონი პლუს კუტრონე და კიეზა | იტალიის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

  • სკუადრა აძურა მარტის ბოლოს ამხანაგურად არგენტინასა და ინგლისს ეთამაშება.
  • გუნდს დროებითი მწვრთნელი ლუიჯი დი ბიაჯო გაუძღვება.
  • იტალიის ნაკრებში დებიუტი პატრიკ კუტრონესა და ფედერიკო კიეზას ექნებათ.
  • მარიო ბალოტელი ეროვნულ გუნდში კვლავ არაა.

იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა ლუიჯი დი ბიაჯომ მომავალი ამხანაგური მატჩებისთვის გუნდში გამოძახებულ ფეხბურთელთა სია გამოაქვეყნა. 

იტალიის ნაკრები 23 მარტს არგენტინას დაუპირისპირდება, 27 მარტს კი ინგლისს ეთამაშება. 

ლუიჯი დი ბიაჯო ეროვნულ გუნდს პირველად უთავკაცებს

ლუიჯი დი ბიაჯოს სიაში, როგორც მოსალოდნელი იყო, არის ტურინის იუვენტუსის მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი. შეგახსენებთ, რომ 40 წლის გოლკიპერმა სანაკრებო კარიერა შვედეთთან კრახის შემდეგ დაასრულა, თუმცა, დი ბიაჯოს თხოვნის შემდეგ, გადაწყვეტილება შეცვალა.

► ბუფონი: იტალიას ვჭირდები და მეც მზად ვარ! ჯიჯი ნაკრებში ბრუნდება

სამაგიეროდ, სანაკრებო სიაში არაა მარიო ბალოტელი. არადა, დი ბიაჯო გუნდში ფრანგული ნიცას 27 წლის თავდამსხმელის მიწვევასაც გეგმავდა.

"სკუადრა აძურაში" პირველად არიან მიწვეულნი მილანის ფორვარდი პატრიკ კუტრონე და ფიორენტინას ნახევარმცველი ფედერიკო კიეზა.

მილანის 20 წლის ფორვარდმა კლუბის მაისურით მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირში ჩატარებულ 36 მატჩში 14 გოლი გაიტანა.

პატრიკ კუტრონეს თავის გამოენის შანსი სკუადრა აძურაშიც ეძლევა

რაც შეეხება წარსულში ცნობილი იტალიელი ფეხბურთელის ენრიკო კიეზას ვაჟს, ფიორენტინას 20 წლის ნახევარმცველის ანგარიშზე სერია A-ს მიმდინარე სეზონის 26 მატჩში 5 გოლია. 

ფედერიკო მამის კვალზე

ამავდროულად, იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ნაკრებისთვის გამოცდილი მწვრთნელის ძებნას აგრძელებს. გამორიცხული არც ისაა, რომ დი ბიაჯო პოსტზე მარტში დაგეგმილი ტესტ-მატჩების შემდეგაც დატოვონ.

► დი ბიაჯო: იტალიას ახლა მე უფრო ვჭირდები, ვიდრე გამოცდილი მწვრთნელი!

კანდიდატებად კარლო ანჩელოტი, ანტონიო კონტე, რობერტო მანჩინი და კლაუდიო რანიერი განიხილებიან.

ანჩელოტი იტალიის ნაკრებზე დაფიქრდა, მაგრამ მთავარი კანდიდატი აღარ არის

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი ბოლო 60 წლის განმავლობაში პირველად არ ითამაშებს მუნდიალზე. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონობიდან 11 წლის შემდეგ, “სკუადრა აძურამ” საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადალახა - პლეი ოფში შვედეთის ნაკრებთან დამარცხდა.

იტალიის ნაკრები

მეკარეები: ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი), მატია პერინი (ჯენოა), ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი).

მცველები: ლეონარდო სპინაცოლა (ატალანტა), ჯანმარკო ფერარი (სამპდორია), მატეო დარმიანი (მანჩესტერ იუნაიტედი), ლეონარდო ბონუჩი (მილანი) დანიელე რუგანი, ჯორჯო კიელინი, მატია დე შილიო (ყველა იუვენტუსი), დავიდე ძაპაკოსტა (ჩელსი).

ნახევარმცველები: მარკო პაროლო (ლაციო), ჟორჟინიო (ნაპოლი), ალესანდრო ფლორენცი, ლორენცო პელეგრინი (ორივე რომა), მარკო ვერატი (პსჟ), ანტონიო კანდრევა, რობერტო გალიარდინი (ორივე ინტერი), ჯაკომო ბონავენტურა (მილანი), ბრაიან კრისტანტე (ატალანტა), ფედერიკო კიეზა (ფიორენტინა).

თავდამსხმელები: ჩირო იმობილე (ლაციო), ანდრეა ბელოტი (ტორინო), პატრიკ კუტრონე (მილანი), სიმონე ვერდი (ბოლონია), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი).

კომენტარები

ბოლო ამბები