Thumbnail
  • ‘შემიძლია ვთქვა, რომ მათ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღეს’
  • ოქტავიან მორარიუს ბომონტისთვის მხარდაჭერა, შესაძლოა, ძვირი დაუჯდეს

რაგბი ევროპის თავმჯდომარე ოქტავიან მორარიუს წყალი შეუდგა. რუმინელი ჩინოვნიკის მუშაობა დიდ აღფრთოვანებას არც აქამდე იწვევდა, მსოფლიო რაგბის ხელმძღვანელის არჩევნების დროს გადადგმულმა ნაბიჯმა კი მას კრიტიკოსები მოუმრავლა.

მოკლედ შეგახსენებთ საქმის ვითარებას. აღნიშნული არჩევნების შედეგები მაისის დასაწყისში გამოცხადდა და სწორედ მაშინ გახდა ცნობილი, რომ რაგბი ევროპოს ორივე ხმა ინგლისელ ბილ ბომონტს ერგო.

ეს უკანასკნელი თანამდებობაზე ზედიზედ მეორედ აირჩიეს, მაშინ, როდესაც პირველი პრეზიდენტობის ჟამს ე.წ. მეორე ეშელონის ნაკრებების წინსვლისთვის, ფაქტობრივად, არაფერი გაუკეთებია. ამ ფონზე ბომონტის კონკურენტი არგენტინელი აგუსტინ პიშო სწორედ რევოლუციური ცვლილებების მომხრე გახლდათ.

პორტუგალიური რაგბის თავკაცმა მორარიუ მკაცრად გააკრიტიკა

ამიტომ იყო, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ორმა ლიდერმა საქართველომა და რუმინეთმა მხარი სწორედ პიშოს რომ დაუჭირა, მორარიუს არჩევანი კი ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ამასთან, როგორც ირკვევა, ოქტავიანს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიუღია, ეს კი, რაგბი ევროპის წესდების დარღვევადაც შეიძლება იქნას განხილული.

პირველებმა ხმა გერმანელებმა აიმაღლეს. გერმანიის რაგბის კავშირმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც რაგბი ევროპის ნაბიჯის გამო გაკვირვება იყო გამოთქმული. ამასთან, ხაზგასმით იყო ნათქვამი, რომ აღნიშნულ საკითხზე გერმანელებისთვის აზრი არავის უკითხავს.

კიდევ უფრო მკაცრი იყო პორტუგალიის რაგბის ფედერაცია. აი, რა განაცხადა ამ ორგანიზაციის თავკაცმა კარლოს ამადუ და სილვამ:

“უბრალო ეთიკაც კი მოითხოვდა, რომ ვინმე შემოგვხმიანებოდა, დიახ, კონტაქტი არავისთან გვქონია. რატომ  არ გვკითხეს, ვინ გვსურდა მსოფლიო რაგბის თავმჯდომარედ? თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მათ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღეს”.

ჯერჯერობით, ამ საკითხს არ გამოხმაურებიან რაგბი ევროპის სხვა წევრები, თუმცა, დიდია ალბათობა, რომ სიტუაცია იდენტური გახლავთ. აღნიშნულის გათვალისწინებით, შეიძლება ვარაუდის გამოთქმა, რომ რუმინელ ჩინოვნიკს პოსტის კიდევ ერთი ვადით შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება.

ცნობისთვის, მორარიუ 2001-03 წლებში რუმინეთის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი გახლდათ, 2004-14 წლებში ქვეყნის ოლიმპიურ კომიტეტს ხელმძღვანელობდა, 2013 წელს კი რაგბი ევროპის თავკაცი გახდა. ოქტავიანი მე-2 ვადით 2016 წელს აირჩიეს, როდესაც ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე 319-ვე დელეგატის ხმა მიიღო. რუმინელს მიმდინარე ვადა სწორედ 2020 წელს ეწურება...

კომენტარები

ბოლო ამბები