Thumbnail

Atlanta Journal Constitution-მა NCAA-ს კლუბ ჯორჯია ტექ-ის ახალწვეულ საბა გიგიბერიასთან ინტერვიუ შემოგვთავაზა...

"საბა გვიყვება ვიტორიაში გატარებულ დროზე, სადაც ის თბილისიდან მოხვდა 14 წლის ასაკაში სხვა ნიჭიერ მოთამაშეებთან ერთად: "კალათბურთის გარდა ხალხიც ბასკეთში ძალიან კეთილმოსურნე იყო, ისინი ძალიან ჰგავდნენ ამით ქართველებს".

საბამ ესპანეთი 16 წლის ასაკში დატოვა და ლას ვეგასში გადავიდა, ის კარგად ვერ საუბრობდა ინგლისურად და ოთხ გუნდელთან ერთად ცხოვრობდა: "ფილმებში სულ სხვა ლას ვეგასი მქონდა ნანახი, მეგონა საოცრად კარგი გარემო მელოდა, რეალობა კი სულ სხვანაირი აღმოჩნდა", - როცა სკოლა დახურა, ის კალიფორნიის ქალაქ ნაპაში გადავიდა, სადაც მასპინძელი ოჯახის სახლში ცხოვრობდა:

საბას ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სიმაღლეა

"ეს პატარა ქალაქია სან ფრანცისკოს სიახლოვეს. ნაპაში ძალიან უყვართ ღვინო, იქ სულ ვენახებია". 

გიგიბერიას მოგზაურობა ამჯერად მას ატლანტაში მიიყვანს, სადაც ის ჯორჯია ტექ-ის გუნდის წევრი გახდა. 216 სმ. სიმაღლის ცენტრი მალე დაიწყებს ვარჯიშს, როგორც კი ამის შესაძლებლობა კორონავირუსის პანდემიის დაცხრობის შემდეგ იქნება. 

"ყველა ეს ჩემი მოგზაურობა სხვადასხვანაირი იყო, თუმცა 14 წლის ასაკიდან შევეგუე მარტო ცხოვრებას. მოხარული ვარ, რომ ახლა ჯორჯიაში ვარ", - აცხადებს გიგიბერია.

ჯორჯიელთა მწვრთნელმა ერიკ რევენომ საბა პირველად ბუგლარეთში ტურნირზე შეამჩნია, ეს იყო 2017 წელს. ის კარგად დარბის, კარგად იბრძვის და სიმაღლესთან შედარებით საკმაოდ მაღალი ოსტატობაც აქვს. 

"ტანი, ათლეტიზმი, მონდომებული თამაში, ყველაფერი დამაინტრიგებელია. ახლა ეს ყველაფერი NCAA-ს დონეზე უნდა ავიყვანოთ და ყველაფერი კარგად იქნება", - ამბობს რევენო. 

გიგიბერია 19 წლის დეკემბერში ხდება,მას "ყვითელ ჟაკეტებში" როტაციაში მოზეს რაითთან ერთად მოუწევს ყოფნა და ცენტრის პოზიციაზე საკმაოდ ბევრ წუთს მიიღებს. მისი ერთ-ერთი კონკურენტი ჯორდან მეკა იქნება.

"დიახ საბა ახალბედაა, მაგრამ ასეთი სიმაღლით, მას შანსი მალევე მიეცემა, მან მალევე უნდა გაამართლოს იმედები", - ამბობს მწვრთნელი ჯოშ პასტნერი.

ბავშვობაში გიგიბერია რაგბიში ვარჯიშობდა, 12 წლის ასაკში მას უკვე ორჯერ ჰქონდა ხელი მოტეხილი. ამის შემდეგ საბამ გადაწყვიტა, რომ სხვა სახეობაში ეცადა ბედი. ბაბუამ მას კალათბურთი ურჩია, რადგან საკუთარი სიმაღლე უპირატესობად ექცია.

ჯორჯიამდე საბა კალიფორნიული უმაღლესი სკოლის გუნდში თამაშობდა

ორი წლის შემდეგ ის უკვე ესპანეთში იყო, საქართველოს კალათბურთის ფედერაციასა და ბასკონიას შორის შეთანხმების წყალობით. იქ ყოფნისას მას კონტაქტი ჰქონდა სანდრო მამუკელაშვილთან და გიორგი ბეჟანიშვილთან, რომელთაც საბას ამერიკა ურჩიეს.

ეს ურჩია მას ქართველთა ყველაზე გამორჩეულმა მოთამაშე ზაზა ფაჩულიამ, რომელმაც ამერიკული კარიერის 16-დან 8 წელი სწორედ ატლანტაში გაატარა. ზაზა საბას მენტორი გახდა. 

"როცა ზაზას ვესაუბრე, უკვე კარგად ვიცოდი, რა მჭირდებოდა მომავალში, მან გონება გამიხსნა", - იგონებს საბა. ესპანურის შემდეგ მან ინგლისურის სწავლა დაიწყო: "მხოლოდ ის მინდოდა, რომ ჩემით ოჯახსა და მთელ ერს ეამაყა".

საბა 11 წლის იყო, როცა მამა გულის შეტევით გარდაეცვალა, ის დედამ, ია ჭუმბურიძემ აღზარდა: "ყველა პრობლემის გადალახვაში დედა დამეხმარა". ატლანტის არჩევისას, საბას ის ფაქტიც დაეხმარა, რომ ჯორჯიაში ცხოვრობენ მისი ბიძა და ორი შვილი. რაც მთავარია, საბა უკვე მიეჩვია სამხრეთ-აღმოსავლეთის მთავარ კერძს, Chick-fil-A - ქათმის სენდვიჩს - "ძალიან მიყვარს Chick-fil-A, ის უგემრიელესია", - ამბობს საბა. 

კომენტარები

ბოლო ამბები