Thumbnail
  • რუსეთის რაგბის კავშირმა დავით კაჭარავასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა
  • ქართველი მორაგბე რაგბიზე, ენისეიზე, საკუთარ ბიზნესსა და სხვა თემებზე

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და რუსული ენისეის მორაგბემ დავით კაჭარავამ რუსეთის რაგბის კავშირთან ვრცელი ინტერვიუ მისცა: პირველ ნაბიჯებზე რაგბიში, ენისეის ჩემპიონობაზე, რუსეთის ჩემპიონატის სისტემის ცვლილებასა და საკუთარ ბიზნესზე.

რუსეთის რაგბის კავშირი: დავით, ახლა სად ხართ?

დავით კაჭარავა: ახლა პარკში ვარ. აქ თბილა, 22 გრადუსია. ხალხი სეირნობს და სპორტითაა დაკავებული. საქართველოში ვირუსის ნაკლები შემთხვევა ფიქსირდება. სწორედ ამიტომ, პირველ ივლისს ქვეყანა საზღვრებს გახსნის. ბევრ სხვა სახელმწიფოსთან შედარებით, აქ სიტუაცია უკეთესია. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და სრულფასოვან ცხოვრებას დავუბრუნდებით. ასე სახლში ჯდომა და არაფრის კეთება ძალიან რთულია.

გაიხსენე რაგბიში პირველი ნაბიჯები...

დავით კაჭარავა: თავდაპირველად ჩოგბურთს ვთამაშობდი. ეს ჩემთვის სპორტის მეორე საყვარელი სახეობაა. იმ პერიოდში საქართველოში რთული ეკონომიკური სიტუაცია იყო, ჩოგბურთს კი დიდი თანხები სჭირდებოდა. რაგბიზე სიარული უფასო იყო. ჩემმა მეგობარმა რაგბიზე მიმიყვანა.

იმ პერიოდში რაგბი ჩვენს ქვეყანაში პოპულარული არ იყო. ბევრმა არ იცოდა, ბურთი როგორი იყო, როგორ უნდა გვევარჯიშა და სად უნდა ჩატარებულიყო მატჩები, მაგრამ რაგბიმ ნელ-ნელა პოპულარობა მოიპოვა და ახლა უამრავ მშობელს სურს, რომ მისმა შვილმა რაგბიზე იაროს, რაც კონკურენციას ზრდის. ამით კარგი და ძლიერი მოთამაშეები ყალიბდებიან.

საფრანგეთის ჩემპიონატში გატარებულ დროს როგორ გაიხსენებდით?

დავით კაჭარავა: 2007 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, ბასტიასთან კონტრაქტს მოვაწერე ხელი, მაგრამ კლუბი დაიშალა, რის შემდეგაც ენისეიში ვითამაშე და ნიცაში წავედი. ნიცაში კარგი მორაგბეები დამხვდნენ, ამბიციური მიზნები გვქონდა - გვინდოდა, რომ PRO D2-ში გადავსულიყავით.

პირველი ორი წელი ეს მიზანი ვერ შევასრულეთ, მესამე წელს კი დაფინანსება შეგვიმცირდა, რის შემდეგაც როდეზში წავედი. საბოლოოდ, ენისეიში დავბრუნდი. ზოგადად, საფრანგეთში დიდი კონკურენციაა. სიმართლე რომ ვთქვათ, კარგ მოთამაშეებსაც უჭირთ გუნდებში გაჩერება.

უპირველეს ყოვლისა, ფრანგებს კარგი ახალგაზრდები ჰყავთ და პლუს, კუნძულელები მზად არიან, რომ დაბალ ხელფასზეც ითამაშონ, ვიდრე სხვა ქვეყნის მორაგბეებმა. საფრანგეთში ბევრი რამ ვისწავლე. შევისწავლე ფრანგული ენაც, თუმცა ელიტარულ სარაგბო დივიზიონში მოხვედრა ვერ შევძელი.

კაჭი რუმინეთის წინააღმდეგ

როგორც ვიცით, თქვენ ახალგაზრდული კარიერა ყოჩებში გაატარეთ. თქვენი სარაგბო სკოლა ყველაზე ძლიერი იყო საქართველოში...

დავით კაჭარავა: დიახ, ჩვენ ასაკობრივ კატეგორიებში ხშირად ვხდებოდით ჩემპიონები. ასეთი პერიოდიც იყო, რომ 4 წლის განმავლობაში წაუგებლად ვთამაშობდით. იმ კლუბში ბევრი ტალანტი თამაშობდა, მაგრამ ბევრმა მიზანს ვერ მიაღწია. მაგალითად, მე და ლაშა მალაღურაძემ ეს შევძელით. სპორტი მხოლოდ შრომისმოყვარეობა და ტალანტი არ არის, ასევე გამართლებაც გჭირდება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ სერიოზული ტრავმები აირიდო.

როგორ შეაფასებ EPCR-ის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც რუსულ კლუბებს ჩელენჯ ქაფზე თამაშის საშუალება აღარ ექნებათ?

დავით კაჭარავა: ცუდი გადაწყვეტილებაა, რომლის გაგებაც ძალიან რთულია. რუსული რაგბი ევროპულ ტურნირებზე დიდი ხანი ჩანდა. ენისეიმ რამდენიმე კარგი მატჩი ჩაატარა და შეხვედრებიც მოიგო. გვქონდა შედეგი და გარკვეული პროგრესი. მჯერა, თუ ევროპული რაგბი საზღვრებს არ გახსნის, მეორე და მესამე დონის ქვეყნები ვერასდროს განვითარდებიან. ვფიქრობ, EPCR-ის გადაწყვეტილება არასწორი იყო.

რომ არა პანდემია, კონტინენტური ლიგა დაიწყებოდა. გარდა ამისა, რაგბი ევროპამ კიდევ ერთი ტურნირის დაარსების იდეა გააჟღერა. როგორ ფიქრობ, დიდი 10-ის კლუბებისთვის ეს რამდენად საინტერესო იქნება?

დავით კაჭარავა: მიმაჩნია, რომ ქართულ კლუბებსაც სჭირდება ასეთი ტურნირები. საერთაშორისო ტურნირები ხელს შეუწყობს კლუბების განვითარებას. ძნელია განვითარება, როდესაც მარტო საკუთარ ლიგაში თამაშობ. ეს არამხოლოდ სპორტს ეხება, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია.

გადავიდეთ რუსეთის ჩემპიონატზე. ვინ გახდება ჩემპიონი ახალ სეზონში? შეძლებს რომელიმე კლუბი ენისეისთვის კონკურენციის გაწევას?

დავით კაჭარავა: პადმასკოვიემ კარგი თამაში გვიჩვენა. ალბათ კონკურენციას გაგვიწევენ ჩვენ და კრასნი იარს. ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ჩემპიონი ენისეი გახდება.

რა არის ენისეის წარმატების საიდუმლო?

დავით კაჭარავა: ენისეი ძლიერი, მოწესრიგებული გუნდია, რომელიც კარგ რაგბის აჩვენებს. კარგი სამწვრთნელო შტაბი გვყავს. გარდა ამისა, ჩელენჯ ქაფზე ასპარეზობა ძალიან დაგვეხმარა.

როგორ ფიქრობ რუსეთის ჩემპიონატის ახალ ფორმატზე გადასვლა რამდენად კარგია? (იგულისხმება შემოდგომა-გაზაფხულის სისტემა).

დავით კაჭარავა: ეს სწორი ნაბიჯი იყო. მთელი ევროპა ასე თამაშობს და ჩვენც ასეთ რეჟიმში თამაში გვმართებს.

რას ფიქრობ რუსეთის ჩემპიონატში ლეგიონერების ლიმიტზე?

დავით კაჭარავა: ვფიქრობ, რომ ლიმიტი უნდა გაიზარდოს. რუსეთში არიან კარგი შემსრულებლები და ტალანტები, მაგრამ მათი რაოდენობა დიდი არაა. თუ კლუბს ძლიერ მოთამაშეთა რაოდენობა არ ჰყოფნის, მათ უნდა შეეძლოთ ლეგიონერებით გაძლიერება.

ისინი ჩემპიონატის დონეს აწევენ და ახალგაზრდებს განვითარებაში დაეხმარებიან. მაგალითად, 200-300 ქართველი მორაგბე საზღვარგარეთ თამაშობს და ძლიერ მეტოქეებთან თამაშის გამოცდილება აქვთ. რუსეთს არ ჰყავს ბევრი ლეგიონერი, რომლებიც საზღვარგარეთ თამაშობენ. ამიტომ პრემიერლიგას კარგი უცხოელი მორაგბეები სჭირდება და არამარტო მორაგბეები, გამოცდილი მწვრთნელებიც.

რომელია შენი საუკეთესო მატჩი საკლუბო და სანაკრებო დონეზე?

დავით კაჭარავა: ჩელენჯ ქაფზე ნიუკასლის წინააღმდეგ. პირველი მატჩი 7:55 წავაგეთ და მეორე შეხვედრაში რევანში ავიღეთ. ჩემი დაბადების დღე იყო და ორი ლელოს დადება მოვახერხე.

სანაკრებო დონზე ახალ ზელანდიასთან შეხვედრა მახსოვს. მათ 43:10 მოიგეს. ძირითად შემადგენლობაში ვიყავი და 80 წუთი ვითამაშე, რითიც დიდი სიამოვნება მივიღე.

დავით კაჭარავა და სონი ბილი
უილიამსი

ცენტურიონობაზე რას იტყვით... 2023 წლის მსოფლიო თასზე თუ გიხილავთ.

დავით კაჭარავა: ასიანთა კლუბში შესვლაზე არასდროს მიფიქრია. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, თუმცა ეს მიზნად არ მქონდა. ეს თავისთავად მოხდა - ჩემი მიზანი და ამოცანა კარგი რაგბის თამაშია.

2023 წლის მსოფლიო თასი? ახლა თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ წინ კიდევ 3 წელიწადია და არ ვიცი, რა მოხდება. იქამდე ვითამაშებ, სადამდეც შევძლებ.

საჭიროა რაგბი ევროპის დასრულება და რუსეთთან შეხვედრის გამართვა?

დავით კაჭარავა: ვფიქრობ, რუსეთთან შეხვედრის ჩატარება ქომაგების გარეშე შესაძლებელი იყო. მით უმეტეს, რომ რუსეთის ნაკრები უკვე თბილისში იყო. ტურნირის დასრულება ნამდვილად გვჭირდება.

მართალია, რომ თქვენი ბარბერშოპი გაქვთ?

დავით კაჭარავა: რა თქმა უნდა. სპორტისა და ბიზნესის გაერთიანება რთულია, მაგრამ ბიზნესპარტნიორი ძალიან მეხმარება.

თქვენს შვილსაც უყვარს სპორტი?

დავით კაჭარავა: რაგბის თამაში დაიწყო, მერე გადაიფიქრა და ახლა ფეხბურთზე დადის. მცველის პოზიციაზე თამაშობს. პატივს ვცემ მის არჩევანს და მხოლოდ გადაწყვეტილებების მიღებაში ვეხმარები.

და ბოლო შეკითხვა. რუსული ასე კარგად სად ისწავლეთ და კიდევ რომელ ენას ფლობთ?

დავით კაჭარავა: რუსული სკოლაში ვისწავლე, რის შემდეგაც რუსეთში ჩამოვედი და დავხვეწე (იცინის). ჩემს ბავშვობაში საქართველოში რუსული ყველამ იცოდა და ყველგან ისმოდა, რის გამოც სწავლა ადვილი იყო. ვიცი ინგლისური, გერმანული, ფრანგული. ჩემთვის განსაკუთრებით რთული რუსული და გერმანული აღმოჩნდა.

კომენტარები

ბოლო ამბები