Thumbnail

'მზად ვარ, ამ ბრძოლაში მოვკვდე' - მორიგი გამოწვევა ტაისონს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ჯონ ფიური არასდროს არავის დამალვია და არც მაიკ ტაისონს დავემალები'
  • მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის მამა რინგზე გასასვლელად თავადაც მზადაა

ლეგენდარულ ამერიკელ მოკრივე მაიკ ტაისონს, რომელმაც 53 წლის ასაკში ვარჯიში განაახლა, მორიგი ოპონენტი გამოუჩნდა. “რკინის მაიკი” რინგზე გამოიწვია ჯონ ფიურიმ, რომელიც მძიმე წონაში მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონის ტაისონ ფიურის მამა გახლავთ. ცნობილია, რომ ჯონმა შვილს სახელი სწორედ მაიკის საპატივცემულოდ დაარქვა, ახლა კი, მის საცემრად იწევს.

“გადაეცით, რომ მას ველი. ის ნამდვილი ჩემპიონია და მინდა, მასთან საქველმოქმედო ბრძოლა ჩავატარო. ვიცი, რომ დაბრუნება სურს და მასთან ჩხუბი ჩემს გეგმებშიც შედის. მიზეზი? იმიტომ, რომ ყოველ ხუთ წუთში ჩემი შვილის სახელს ახსენებს. ჰოდა, მე ვარ აქ. ჯონ ფიური არასდროს არავის დამალვია და არც მაიკ ტაისონს დავემალები. ჩვენ ერთმანეთს უნდა შევერკინოთ და უარი არ მიიღება. მზად ვარ, ამ ბრძოლაში მოვკვდე”.

შეგახსენებთ, რომ ცნობები იმის შესახებ, რომ ტაისონი რინგზე დაბრუნებას აპირებდა, მიმდინარე თვის დასაწყისში გაჩნდა. მაიკმა ვარჯიშის ვიდეო გაავრცელა, სადაც ამბობდა: “ორ საათს ველოსიპედსა და სარბენ ბილიკს ვუთმობ, მსუბუქი წონებით ვაკეთებ 250-300 აწევას. შემდეგ 25-30 წუთს დარტყმაზე ვმუშაობ. ფორმაში ვდგები”.

ტაისონმა, რომელიც ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი იყი მძიმე წონაში, პროფესიონალურ კარიერაში 56 ბრძოლა ჩაატარა. მან 44 მეტოქე ნოკაუტში გაუშვა, ხოლო საერთო ჯამში 50 მოგება დააგროვა. "რკინის მაიკი" რინგს 2005 წელს დაემშვიდობა, როცა ზედიზედ რამდენჯერმე შედარებით სუსტ მოკრივესთან დამარცხდა.

რამდენიმე დღის წინ, ავსტრალიელმა პრომოუთერმა ბრაიან ამატრუდმა განაცხადა, რომ მზადაა, ტაისონისა და ცნობილ ახალზელანდიელი მორაგბის სონი ბილ უილიამსის საჩვენებელი ორთაბრძოლა დაგეგმოს. “რკინის მაიკით” აღფრთოვანება გამოთქვა ასევე საქვეყნოდ ცნობილმა მოკრივე ოსკარ დე ლა ჰოიამ.

რაც შეეხება ხსენებულ ფიურის, მან აღნიშნა, რომ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ბრძოლის გამართვას არ აპირებს.

ტაისონ ფიური ჩხუბისთავ მამასთან ერთად

“პანდემია ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კრივი და სპორტი. შესაბამისად, როდესაც მსოფლიო ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდება, მაშინ დავილაპარაკებთ იმაზე, თუ როგორ გავართოთ კრივის მოყვარულები”, - თქვა 31 წლის მოკრივემ, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ პროფესიონალური კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს.

კარიერის განმავლობაში ფიურის 31 ბრძოლა აქვს გამართული, საიდანაც 30 მოიგო (21 ნოკაუტით) და 1 ფრედ დაასრულა. ირლანდიელმა ბოლო ბრძოლა თებერვალში გამართა, როდესაც დეონტეი უალდერი დაანოკაუტა და WBC-ის საჩემპიონო ქამარი დაისაკუთრა.

კომენტარები

ბოლო ამბები