Thumbnail

'პრობლემა ფრანგებსა და ბრიტანელებშია' - პიშო შეტევაზე გადავიდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

არგენტინელმა აგუსტინ პიშომ, რომელმაც მსოფლიო რაგბის პრეზიდენტის პოსტისთვის იბრძოდა, თუმცა, ინგლისელ ბილ ბომონტთან ვერაფერს გახდა, ოფიციალურად დაადასტურა, რომ ორგანიზაციის ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ პიშო ბომონტის პირველი ვადის დროს მსოფლიო რაგბის ვიცე-პრეზიდენტი იყო და მაქსიმალურად ცდილობდა, ე.წ. მეორე ეშელონის ნაკრებებს დახმარებოდა. არგენტინელის წარმატების შემთხვევაში, საქართველოსაც წინსვლის მეტი შანსი ექნებოდა, თუმცა, გამარჯვება ისევ ბომონტს დარჩა. როგორც სჩანს, პიშო არ ნებდება და პირიქით, აქტიურ შეტევაზეც გადავიდა. აი, რა განუცხადა მან Rugby365-ს.

“მსოფლიო რაგბის უმთავრესი პრობლემა საფრანგეთისა და ბრიტანული ქვეყნების განუსაზღვრელი დომინაციაა. მათ ორგანიზაციაში განსაკუთრებული სიტყვა ეთქმით და ცდილობენ, სხვებიც დაიმორჩილონ. პირადად მე ასეთი ვითარება არ მომწონს. შედარებით პატარა სარაგბო ქვეყნიდან ვარ, მაგრამ ამაყი არგენტინელი გახლავართ! სად იყო არგენტინა სულ რამდენიმე წლის წინ? იქ, სადაც დღეს, მაგალითად, აზიური რაგბია, თუმცა, არგენტინა გაიზარდა და მძლავრ სარაგბო ნაციად იქცა. ამაში, თავის დროზე სამხრეთ აფრიკა დაგვეხმარა, შემდეგ კი, ახალი ზელანდია და ავსტრალიაც. მაშინ რაიმე პროგნოზის გაკეთება რთული იყო, თუმცა, ისინი გვენდნენ და არ შემცდარან. ვინმეს ეგონა, რომ არგენტინის ნაკრები მსოფლიო რაგბის ამდენ შემოსავალს მოუტანდა? საქმეც სწორედ ამაშია. არგენტინა პლანეტის საუკეთესო ათეულის მუდმივ წევრად სწორედ იმიტომ იქცა, რომ გრანდებთან თამაშის საშუალება მიეცა. ასე უნდა იყოს სხვებისთვისაც”.

პიშოს გამოხმაურება პასუხი უნდა იყოს ფრანგი ბერნარ ლაპორტის მიმართ, რომელმაც ბომონტის მე-2 ვადით არჩევის შემდეგ, სწორედ აგუსტინის ადგილი დაიკავა და მსოფლიო რაგბის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე იმუშავებს. ფრანგმა ჩინოვნიკმა ამ დღეებში არგენტინელისა და მისი მომხრეების “მოთაფვლა” სცადა და მათ თანამშრომლობა შესთავაზა.

ბილ ბომონტი და ბერნარ ლაპორტი

“პიშო დიდი ადამიანია. მის გარეშე თანამედროვე რაგბი წარმოუდგენელია. მისგან ბევრი უნდა ვისწავლოთ და მოვუსმინოთ”, - განაცხადა ლაპორტმა, თუმცა, უმრავლესობამ ეს ფარისევლობად მიიჩნია, რადგანაც ორგანიზაციის კონსერვატიული ფრთა ყოველთვის ახალი იდეების მოწინააღმდეგედ გამოდიოდა და ეს, ბოლო არჩევნებზეც გამოჩნდა. როგორც სჩანს, ფრანგის სიტყვებმა ზეგავლენა ვერც პიშოს პოზიციაზე მოახდინა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული არჩევნების შედეგები 2 მაისს გამოქვეყნდა და ბომონტმა არგენტინელს 28:23 მოუგო. საქართველოს რაგბის კავშირმა მხარი პიშოს დაუჭირა, თუმცა, 6 ერის 18-ვე ხმა ინგლისელისკენ წავიდა, ტიერ 2-ის რამდენიმე ქვეყანაც მოულოდნელად ბომონტის ბანაკში აღმოჩნდა და გადამწყვეტი სწორედ ეს ფაქტორი აღმოჩნდა.

კომენტარები

ბოლო ამბები