Thumbnail
  • 'მათ კარიერის დასრულებაზე ჩუმად ისაუბრეს, არადა, ეს, ასე არ უნდა ყოფილიყო'
  • Midi-Olympique-მა ლეგენდარულ ბორჯღალოსნებს თბილი სიტყვები მიუძღვნა

უმსხვილესმა სარაგბო გამოცემამ Midi-Olympique ვრცელი სტატია მიუძღვნა ქართველ მორაგბეებს მამუკა გორგოძესა და დავით ზირაქაშვილს. შეგახსენებთ, რომ ლეგენდარულმა "ბორჯღალოსნებმა" გასულ დღეებში კარიერის დასრულების შესახებ განცხადებები გააკეთეს, რასაც ფრანგული ვებ-გვერდი ძალიან თბილად გამოეხმაურა და ბოლოში მათ ქართულ ენაზე დაემშვიდობა.

“სპორტსმენისთვის კარიერის დასრულება ყოველთვის გულდასაწყვეტია, თუმცა, მას თან სდევს ატრიბუტები, რომელიც მეხსიერებაში ძალიან დადებითად რჩება. კონკრეტულად ჩვენს შემთხვევაში, მორაგბეები სავსე სტადიონის წინ გადიან და აპლოდისმენტების დამსახურებულ წილს იღებენ. არის გამოსათხოვარი სიტყვა და ცრემლიანი სახეები. ასეთი ეპიზოდები გასული სეზონის მიწურულსაც ვიხილეთ და გამონაკლისი არც 2020 წელი უნდა ყოფილიყო, თუმცა, გასაგებ მიზეზთა გამო, ასე არ იქნება.

ეჭვგარეშეა ყურადღებას ყველა ვეტერანი მორაგბე იმსახურებს, თუმცა, ამჯერად თქვენს ყურადღებას TOP 14-ის ორ მონსტრზე – მამუკა გორგოძესა და დავით ზირაქაშვილზე შევაჩერებთ. ისინი საფრანგეთში ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში გამოჩნდნენ და მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, ჩვენს ჩემპიონატზე რამხელა ზეგავლენას მოხდენდნენ. წინა კვირას მათ უკვე კარიერის დასრულებაზე ისაუბრეს და ეს, უჩვეულოდ ჩუმად მოხდა, თითქოს რიგითი კომენტარებით, არადა, ასე არ უნდა ყოფილიყო.

გვინდა, დანაკლისი გარკვეულწილად აღმოვხფვრათ და ჩვენი მხრიდან მადლობა ვუთხრათ ამ დიდ ბიჭებს, ნამდვილ მებრძოლებს, რომელთაც საკუთარი ჯანმრთელობა არასოდეს დაუზოგავთ და მუდმივად წინ მიიწევდნენ. ეს ეხებოდა, როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეს.

ზირაქაშვილსა და გორგოძეს საქართველოს ეროვნულ გუნდში, შესაბამისად, 53 და 75 მატჩი აქვთ ჩატარებული და ქვეყნის წინაშე ვალი პირნათლად აქვთ მოხდილი. ისინი რომ საფრანგეთში დაბადებულიყვნენ, ეჭვი არ გვეპარება, ჩვენს ნაკრებშიც მოხვდებოდნენ და იქაც პირველ პლანზე იქნებოდნენ.

დათო და მამუკა სანაკრებო დონეზე მსოფლიომაც დააფასა. 2011 წლის მსოფლიო თასის მერე ბრიტანულმა პრესამ ზირაქაშვილი პლანეტის საუკეთესო მარჯვენა ბურჯად დაასახელა, 2015 წლის მსოფლიოზე კი, ყველაზე უნდა ახსოვდეს საქართველოსა და ახალი ზელანდიის ნაკრებთა შეხვედრა. წარმოიდგინეთ, მინდორზე “ოლ ბლექსის” 23 მორაგბე გავიდა, მატჩის საუკეთესო მორაგბედ კი გორგოძე დაასახელეს.

აღნიშნული მომენტები ქართველი მორაგბეების სპორტულ ღირსებებზე მეტყველებს, თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ადამიანური ფაქტორიც. თუკი პროფესიონალიზმით გამორჩეულ რამდენიმე მორაგბეს ერთად შევკრიბავდით, გორგოძე და ზირაქაშვილი აუცილებლად მაგიდის სათავეებთან უნდა დაგვესვა. რამდენადაც შეუპოვრები იყვნენ ისინი მინდორზე, იმდენად, მშვიდად იქცეოდნენ მის მიღმა.

შემთხვევითი არაა, რომ ამ 2 დიდი მორაგბის გაცილებაც ისევე მორიდებული გამოდგა, როგორებიც ისინი ცხოვრებაში არიან. ყველაფერმა ოვაციებისა და საპატიო წრის გარეშე ჩაიარა, თუმცა, მათ უნდა იცოდნენ, რომ დამფასებელთა მთელი არმია ჰყავთ და მათ შორის ჩვენც ვართ: Nakhvamdis, Messieurs".

მამუკა გორგოძე

შეგახსენებთ, რომ ზირაქაშვილი კლერმონში 2004 წელს ჩაირიცხა და მას შემდეგ გუნდისთვის არ უღალატია, ამდენად, მას “ვულკანების” ერთ-ერთ ლეგენდად სრულიად სამართლიანად მიიჩნევენ. დათოს "ბორჯღალოსანთა" მაისურით 2003, 2007 და 2015 წლების მსოფლიოს თასებზე უთამაშია, 2010 და 2017 წელს კი საფრანგეთის TOP 14-ის ჩემპიონი გახდა (ამასთან, 5 ფინალი აქვს წაგებული).

გორგოძეს 2014 წლიდან მოყოლებული ტულონის მაისურით 110 მატჩი (11 ლელო) აქვს ჩატარებული, მანამდე კი, მონპელიეს (2005-2014) ღირსებას იცავდა: 168 მატჩი, 27 ლელო. მამუკას ბორჯღალოსანთა რიგებში 75 თამაშში 27 ლელო აქვს დადებული და ეს, საქართველოს ნაკრების ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

კომენტარები

ბოლო ამბები