Thumbnail

ძაგნიძის პირველი გამარჯვება - ნანას გუნდი მხოლოდ ჩინელებს ჩამორჩება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ქართველმა მოჭადრაკე ნანა ძაგნიძემ ონლაინ მიმდინარე “ერთა თასზე” პირველი გამარჯვება იზეიმა. შეგახსენებთ, რომ ნანა სწრაფი ჭადრაკის ტურნირზე ევროპის ნაკრების ღირსებას იცავს, წარმატებული პარტია კი ამერიკელ ანა ზატონსკიხთან ჩაატარა. ძაგნიძე შავი ფიგურებით თამაშობდა და მეტოქეს 47-ე სვლაზე სძლია.

ევროპის ნაკრებს, რომლის კაპიტანიც სახელოვანი გარი კასპაროვია, დღეს 2 შეხვედრა ჰქონდა. მე-3 ტურში ძაგნიძის გარეშე მოთამაშე ევროპელებმა ინდოეთს 2.5:1.5 სძლიეს, მე-4 ტურში კი, აშშ-ს 3:1 აჯობეს. ნანას გარდა, ამერიკელებთან თავისი პარტია სომეხმა ლევონ არონიანმა მოიგო, რომლის მეტოქეც ლეინერ დომინგეს პერესი იყო.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის ჟამს დაარსებული ონლაინ-ტურნირი (საპრიზო ფონდი 180 ათასი დოლარი) 10 მაისამდე გაგრძელდება და მასში აშშ-ს, ჩინეთის, ინდოეთის, რუსეთის, ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოს ნაკრებები არიან ჩართულნი.

აღნიშნული 6 გუნდი ერთმანეთს წრიული სისტემით (10 ტური ორ წრედ) რაპიდში (25 წუთი+10 წამი თითოეულ სვლაზე) დაუპირისპირდება, 2 საუკეთესო კი, ერთამანეთს ფინალში გაეჯიბრება. ძაგნიძისა და არონიანის გარდა ევროპის გუნდის ღირსებას ფრანგი მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი, ჰოლანდიელ ანიშ გირი, პოლონელი იან-კშიშტოფ დუდა და უკრაინელი ანა მუზიჩუკი იცავენ.

4 ტურის თავზე ერთპიროვნული ლიდერი ჩინეთია, რომლის აქტივშიც 7 ქულაა, ევროპის ნაკრები კი 5 ქულით მე-2 პოზიციაზეა. ძაგნიძე და მისი თანაგუნდელები 7 მაისს ორ მატჩს ჩაატარებენ: მსოფლიოს ნაკრებთანა და რუსეთთან.

ჭადრაკის ფედერაცია და კომპანია ევროპაბეთი პარტნიორები 2020 წლის იანვარში გახდნენ. ევროპაბეთი ზრუნავს ჭადრაკის პოპულარიზაციაზე და სპორტის ამ სახეობის განვითარების მიზნით, სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში იღებს მონაწილეობას.

ყველაფერი პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაში" შესახებ - responsible.ge

კომენტარები

ბოლო ამბები