Thumbnail

როდის გაიმართება საქართველოსა და რუსეთის სარაგბო ნაკრებთა მატჩი? ეს კითხვა დღის წესრიგში მას შემდეგ დგას, რაც მსოფლიოს მოდებული კორონავირუსის გამო, თბილისში დაგეგილი შეხვედრის დაგეგმილ დროს გამართვა ვერ მოხერხდა.

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი ტურის თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 14 მარტს უნდა ჩატარებულიყო და მეტოქე თბილისშიც კი იყო ჩამოსული. იგეგმებოდა, რომ მატჩი ცარიელი ტრიბუნების წინ ჩატარდებოდა, თუმცა, ბოლო წამს რისკზე წასვლისგან თავი შეიკავეს და შეხვედრა გაურკვეველი დროით გადაიდო.

პანდემია ისევ მძვინვარებს, თუმცა, რაგბი ევროპა გეგმებს არ ცვლის და მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ ტურნირის დასრულებისთვის ყველაფერი იღონოს. მართალია, ბორჯღალოსნებს წლევანდელ შეჯიბრში ჩემპიონობა ვადაზე ადრე აქვთ მოპოვებული, ჯერაც გასარკვევია ის, თუ როგორ გადანაწილდება დანარჩენი ადგილები, ამდენად, უკანასკნელი ტურის შეხვედრები აუცილებლად უნდა ჩატარდეს.

ბოლო ინფორმაციით, ახალი კალენდრის შესახებ გადაწყვეტილება 10 ივნისს იქნება მიღებული. სწორედ ამ დღეს დაიგეგმა რაგბი ევროპის დირექტორთა საბჭოს წევრთა შეხვედრა, სადაც რაგბი ჩემპიონშიპისა და ტროფის ვადებსა და ფორმატის შესაძლო ცვლილებებზე იმსჯელებენ. ამავე შეხვედრაზე გვექნება ვერდიქტი იმის თაობაზე, რა ბედი ეწევათ წლეულს დაგეგმილ ტურნირებს 7-კაცა რაგში.

სხვათა შორის, რაგბის სამყაროსთვის არცთუ იმედიან პროგნოზს ავრცელებს South African Rugby Magazine. მის თანახმად, მსოფლიო რაგბს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ COVID 19-ის საწინაღმდეგო ვაქცინის გამოგონებამდე, მაყურებლების ტრიბუნებზე დაშვებაზე ნებართვა არ გასცეს, ეს კი, დაახლოებით 18 თვე არ არის ნავარაუდევი.

ამას გარდა, მსოფლიო რაგბს უკვე შემუშავებული რეგულაციები, რომელთა შესრულებაც მორაგბეებისთვის აუცილებელი იქნება პანდემიის შედარებით უკან დახევის შემდეგაც. მათ თანახმად, სპორტსმენებს მაინც მოუწევთ ნიღბების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა, ყოველი ვარჯიშის წინ კი, თერმოსკრინინგს გაივლიან.

კომენტარები

ბოლო ამბები