Thumbnail

ნოვაკ ჯოკოვიჩი: ისეთ ნაბახუსევზე ვიყავი, ბურთს ძლივს ვხედავდი

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ‘ვიცოდი, რომ კორტზე არ უნდა გავსულიყავი, თუმცა, თამაში მაინც მომიწია’
  • სერბმა ჩოგბურთელმა დევისის თასზე შვედეთთან დაპირისპირება გაიხსენა

მსოფლიოს პირველ ჩოგან ნოვაკ ჯოკოვიჩს ინსტაგრამ-ლაივი ჰქონდა, სადაც თავისი კარიერიდან ერთი საინტერესო ეპიზოდი გაიხსენა.

“ყველაზე უცნაური დღე მაშინ მქონდა, როდესაც დევისის თასზე შვედეთს ვეთამაშეთ. 2:0-ს ვიგებდით და ისე ვიცოდი, რომ კორტზე გასვლა არ მომიწევდა. ეს, 2011 წელს იყო. სწორედ მაშინ კარიერაში პირველი უიმბლდონი მოვიგე და ლონდონიდან შვედეთში ზუსტად შემდეგ დღეს გავემგზავრე. უბრალოდ, მინდოდა, რომ მნიშვნელოვან მომენტში ბიჭებთან ერთად ვყოფილიყავი. არადა, ისე მოხდა, რომ წყვილებში მოედანზე მაინც აღმოვჩნდი და სჯობდა, კორტზე არ გავსულიყავი. ისეთ ნაბახუსევზე ვიყავი, ბურთს ძლივს ვხედავდი. მგონი, სჯობს, ამაზე მეტი არ ვისაუბრო”.

მატჩში, რომელზეც ჯოკოვიჩი საუბრობს, მისი მეწყვილე ნენად ზიმონიჩი იყო და ისინი სიმონ ასპენსა და რობერტ ლინდშტედტს ეთამაშებოდნენ. საინტერესოა, რომ ეს, ერთადერთი შეხვედრა იყო, რომელიც მაშინ სერბებმა წააგეს, ამდენად, შეხვედრა 4:1 მორჩა. იმ წელს სერბეთი დევისის თასის გარეშე დარჩა, რადგანაც ნახევარფინალში არგენტინასთან წააგო.

კომენტარები

ბოლო ამბები