Thumbnail

ბელგიური voetbalprimeur იუწყება, რომ გენტი 20 წლის კანადელ ლიდერს, ჯონათან დევიდს ვეღარ შეინარჩუნებს, თან კლუბი იმდენ თანხას ვერ მიიღებს მის სანაცვლოდ, რასაც კორონავირუსის პანდემიამდე ვარაუდობდა...

"გენტი დევიდის ტრანსფერზე ჯეკპოტს ვეღარ მოხსნის, კორონავირუსის კრიზისის გამო ძნელი წარმოსადგენია, რომ მის სანაცვლოდ 25-30 მილიონი ევრო გადაიხადონ. მეორე მხრივ, ფეხბურთელს წასვლა გადაწყვეტილი აქვს", - წერს ბელგიური გამოცემა. 

მეტი ამ თემაზე:

ნიკ მავრომარასი დევიდის აგენტია: "გასულ ზაფხულს გენტის სურვილი იყო, დევიდი დარჩენილიყო გუნდში და თავისი პოტენციალი გამოევლინა. ჩვენი მხრიდან ეს პირობა შესრულებულია. ახლა ის მზად არის, მომდევნო ნაბიჯის გადასადგმელად კარიერაში", - განუცხადა მან "ნიუ იორკ ტაიმსს".

გენტის ტექნიკური დირექტორის ვარაუდით, დევიდის ტრანსფერზე 10-15 ევროპული გრანდი მუშაობდა, თუმცა კანადელი შემტევის აგენტის თქმით, წინადადებით კლუბს მხოლოდ 3-4 მათგანი თუ მიმართავს. მიზეზი ისევ კორონავირუსის გამო, გამოწვეული ფინანსური კრიზისია.

ევროპულ მედიაში გავრცელებული ცნობებით, დევიდის შეძენა მილანს, ინტერს, ვალენსიას, არსენალს, აიაქსს, დორტმუნდსა და სხვებს სურთ. "ტრანსფერმარკტი" მას 22.5 მილიონ ევროდ აფასებს. ბოლო სეზონში, რომელიც პანდემიის გამო, ვერ დასრულდა, დევიდმა 27 მატჩში 18 გოლი და 8 საგოლე პასი მიითვალა.

ჯონათან დევიდი და გიორგი ჩაკვეტაძე გენტის ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელები არიან. ქართველს უკეთესი სეზონი 2018/19 წლებში ჰქონდა, როცა ბევრი ევროპული გრანდის თვალსაწიერში მოხვდა. მიუხედავად ამისა, გიორგის შეძენით ახლაც არიან დაინტერესებულები - ევროპული მედია ვესტ ჰემს, ბორდოს, რომას, ტრაბზონსა და აიაქსს ასახელებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები