Thumbnail

'ეს საუკეთესო გამოსავალია' - ჰოლანდიური კომპანიის გეგმა უეფას მოსწონს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო, საფეხბურთო ტურნირები მთელს ევროპაში გაჩერებულია (ბელარუსის გარდა). უეფას პრიორიტეტი ეროვნული პირველობების დასრულებაა, მაგრამ უკვე ჰოლანდიამ, საფრანგეთმა და გიბრალტარმა ამაზე უარი ოფიციალურად განაცხადეს. უეფას მონდომებას არც ფიფა იზიარებს...

მოკლედ, ალეკსანდერ ჩეფერინსა და კომპანიას თავიანთი გეგმის შესრულების საშუალება არ ეძლევა, ეს კი ჯერ უეფას წევრ ქვეყნებში ფინანსურ კრიზისს ნიშნავს, მერე თავად უეფაში ფინანსურ სიძნელეებს. 

ფიფას ვიცე-პრეზიდენტი ვიქტორ მონტალიანი ევროპულ ქვეყნებს ამერიკულ ყაიდაზე გადასვლას სთავაზობს, სადაც კალენდარი წელიწადი საფეხბურთო სეზონს ემთხვევა. ახლახან უეფას ჰოლანდიურმა სპორტულმა ბიზნეს-კომპანია Hypercube-მა მიმართა საინტერესო წინადადებით, რომელიც ისეთ ცვლილებებს სთავაზობს უეფას, რომ ყველა ტურნირის გადარჩენა შესაძლებელია, მათ შორის უკვე გაუქმებული ჰოლანდიისა და საფრანგეთის ჩემპიონატების...

The Scottish Sun ამტკიცებს, რომ უეფა Hypercube-ის ინიციატივის გაზიარებას აპირებს. წინადადება ისეთია, რომელშიც გათვალისწინებულია კორონავირუსის პანდემია და ყატარის მუნდიალი, რომელიც 2022 წლის ზამთარში უნდა ჩატარდეს. თუ უეფა ჰოლანდიელების წინადადებას დათანხმდება, "ნორმალური" კალენდარი ევროპულ ფეხბურთს მხოლოდ სამი წლის შემდეგ დაუბრუნდება.

1. უეფა ევროპულ ლიგებს მომავალი სეზონის დაწყებას 2020 წლის ზამთრისთვის დაავალებს. სეზონი ევროპაში დეკემბერში დაიწყება და 2021 წლის ნოემბრის დასაწყისამდე გაგრძელდება - ევრო 2020-ისთვის ერთთვიანი პაუზით ზაფხულში.

2. ასე გაგრძელდება 2023 წლის ჩათვლით (სამი სეზონი), რომელიც უკვე იანვარში დაიწყება (დეკემბრის ნაცვლად) და ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ასე რომ, 2023/24 წლების სეზონი უკვე "ნორმალურ" დროს - აგვისტოს ბოლოსკენ დაიწყება.

3. Hypercube-ის იდეა უეფას აძლევს საშუალებას ეს სეზონი მშვიდად ჩამთავრდეს, იმ ქვეყნებშიც კი, სადაც მთავრობებმა სპორტული აქტივობა აგვისტომდე აკრძალეს - რადგან ახალი სეზონი მხოლოდ დეკემბერში დაიწყება. 

"ეს საუკეთესო ვარიანტია, რომ ყველა სპორტული ღონისძიება დასრულდეს. ყველგან სეზონი ჩვეულებრივად გაიმართება, უბრალოდ კალენდარი იქნება განსხვავებული. ახლა უეფა სექტემბრისთვის ყველაფრის განახლებას აპირებს, ახალი სეზონის, ერთა ლიგის, ევრო პლეი ოფების. სად არის გარანტია, რომ კორონავირუსი ამ გეგმის შესრულების გარანტიას მოგვცემს?

ამას დაახლოებით 8 მილიარდი ევრო ესაჭიროება მთელს კონტინენტზე, რაც ძალზე დიდ თანხად მოჩანს, სანამ ვიტყვით, რომ ტოპევროპული კლუბების წლიური ბრუნვა 35 მილიარდ ევრომდეა", - კომპანიის დირექტორი პიეტერ ნიეუვენჰუისი. 

ამ გეგმის უპირატესობათაგანია ისიც, რომ შესაძლებელია, ამით ევროპულმა გუნდებმა შეამცირონ იმ მატჩების რაოდენობა, რომლების ცარიელი ტრიბუნების წინაშე გამართვა მოუწევთ.  

სამწუხაროდ, The Scottish Sun აქცენტს ეროვნულ ლიგებზე აკეთებს და არ ამბობს, რა წერია Hypercube-ის ინიციატივაში ევროთასებთან და სანაკრებო მატჩებთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიური კომპანია უეფას ოფიციალური ბიზნესპარტნიორია.

კორონავირუსის პანდემიამ ევროპის კონტინენტზე 142 ათასი ადამიანი შეიწირა. 

კომენტარები

ბოლო ამბები