Thumbnail

მას შემდეგ, რაც იტალიურმა კლუბებმა ვარჯიშების განახლების უფლება მიიღეს და კრიშტიანო რონალდოც ტურინში დაბრუნდა, გაჩნდა მოლოდინი, რომ სერია A მალე განახლდება, მაგრამ იტალიის მთავრობა ამ მოლოდინს ამუხრუჭებს. სპორტის მინისტრმა ვინჩენცო სპადაფორამ გაზეთ ‘კორიერე დელა სერასთვის’ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ იტალიის ჩემპიონატის განახლების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებაზე ფიქრი ჯერ ადრეა.

'იმიტომ კი არა, რომ წინააღმდეგი ვარ, არამედ იმის გამო, რომ პროგნოზირება შეუძლებელია!'

“მაისის ბოლომდე შეგვეძლება იმის თქქმა, ვაგრძელებთ თუ არა სერია A-ს. დღეს და ხვალ ამის თქმა შეუძლებელია. ამიტომ, გულშემატკივრებმა მოთმინება უნდა იქონიონ. ყველაფერი მაისის ბოლომდე გამოჩნდება და თუ ამ დროშიც ვერ ვიტყვით, რომ სეზონის გაგრძელება შეგვიძლია, მაშინ მხოლოდ ერთი ალტერნატივა დაგვრჩება - ჩემპიონატის ნაადრევად დასრულებას ვგულისხობ, როგორც ეს საფრანგეთში მოხდა. მინდა გითხრათ, რომ მე ეს არ მინდა,” - განაცხადა იტალიის სპორტის მინისტრმა და დასძინა: “როგორ შემიძლია, დღეს გითხრათ, განვაახლებთ თუ არა სეზონს სერია A-ში 14 ივნისს? არ ვიცი! იმიტომ კი არა, რომ წინააღმდეგი ვარ, არამედ იმის გამო, რომ პროგნოზირება შეუძლებელია.”

იტალიის სპორტის მინისტრი

იმ შემთხვევაში, თუ სეზონის გაგრძელება და დასრულება ვერ მოხერხდება, სპადაფორა სერია A-ს კლუბებს ფინანსურ მხარდაჭერას პირდება: “ყველაფერს გავაკეთებ, რომ რესტარტი შევძლოთ, მაგრამ თუ მთავრობა დაადგენს, რომ ეს შეუძლებელია, ასეთ შემთხვევაში შევეცდებით, რომ კლუბები ფინანსური ზარალი დიდი არ იყოს. სპორტის ყველა სახეობას დავეხმარებით,” - აღნიშნა იტალიის სპორტის მინისტრმა. მისი თქმით, იტალიის სპორტის დასახმარებლად ერთი მილიარდი ევრო გამოიყოფა.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს კლუბების ფეხბურთელებს ორშაბათიდან ინდივიდუალური ვარჯიშების ჩატარება შეუძლიათ, 18 მაისიდან კი გუნდური ვარჯიშებიც უნდა განახლდეს. იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიის გამო 9 მარტს შეწყდა. იტალიაში კორონავირუსით უკვე 30 000-მდე ადამიანია გარდაცვლილი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით კი - 250 000-ზე მეტი. სერია A-ს სეზონის დასრულებამდე 12 ტურია დარჩენილი.

კომენტარები

ბოლო ამბები