Thumbnail

'იზოლაციაში მივხვდი, რომ სიახლე მჭირდებოდა' - პაულო დიბალას ახალი გატაცება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელმა პაულო დიბალამ აღიარა, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის გამო, ფეხბურთი ენატრება. შეგახსენებთ, რომ არგენტინელ ფეხბურთელს COVID 19 აღმოაჩნდა და მეგობარ გოგონასთან ერთად, 40 დღეზე მეტია კარანტინში იმყოფებოდა.

არგენტინელს გუნდთან ერთად ვარჯიში ენატრება

"სიმართლე გითხრათ, არასდროს წარმომედგინა, ვარჯიში და თამაში ასე თუ მომენატრებოდა. ვგრძნობ, რომ მჭირდება ვარჯიში, თანაგუნდელებისა და მეგობრების ნახვა და თუნდაც ბურთთან შეხება, რადგან იზოლაციაში წვრთნა ის არ არის, რაც უნდა იყოს. მსურს ჩავიცვა ბუცი და ვირბინო, გავიტანო გოლი…

დიდი ხანია არ მივარჯიშია. ზუსტად არც ვიცით, როდის დავბრუნდებით. ეს არ ჰგავს დღესასწაულს, როდესაც იცი, რომ გარკვეული დროით დაისვენებ. ვიცი მხოლოდ ის, რომ ახლა ჩემი საქმე ფორმის შენარჩუნებაა.

შინ, თვითიზოლაციაში გატარებული ამდენი ხნის შემდეგ მივხვდი, რომ რაღაც ახალი მჭირდებოდა. მაგალითად, ახალი გატაცება მაქვს - იოგა, რომელიც მომწონს და ვხვდები, რომ ძალიან მეხმარება", - ამბობს დიბალა.

საშიში ინფექცია პაულოსა და ორიანასაც შეხვდათ

2019/20 წლების სეზონში პაულო დიბალამ სერია A-ს 24 მატჩში ითამაშა, გაიტანა 7 გოლი და მიითვალა 8 საგოლე პასი. ჩემპიონატში ჩატარებული 26 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილს იუვენტუსი 63 ქულით ლიდერობს.

იტალიაში საფეხბურთო სეზონი 10 მარტის შემდეგ, კორონავირუსის პანდემიის გამო შეაჩერეს. ამ კვირაში ფეხბურთელები ინდივიდუალური ვარჯიშის დაწყებას გეგმავენ, 18 მაისიდან კი უკვე გუნდური წვრთნის დაწყებაც იგეგმება.

კომენტარები

ბოლო ამბები