Thumbnail

TOP 5 თამაში, რომლებსაც 2020 წელს ველოდებით

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ

ვიდეოთამაშები ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება და იხვეწება: სტუდიები დიდი კონკურენციის პირობებში ცდილობენ, უფრო ლამაზი, მასშტაბური და ინოვაციური თამაშები შემოგვთავაზონ. ამ მხრივ, არც 2020 წელი იქნება გამონაკლისი.

Popsport წარმოგიდგენთ Top 5 თამაშს, რომელსაც 2020 წელს ვიხილავთ. ზოგიერთ მათგანს უკვე მრავალი წელია ველოდებით, ზოგიც 2019 წელს გამჟღავნებული, სასიამოვნო სიურპრიზი იყო.

1. cyberpunk 2077

გამოშვების თარიღი: 2020 წლის 17 სექტემბერი

Cyberpunk ის თამაშია, რომელსაც მთელი გეიმერული სამყარო წლებია ელის და ეს სიაც, მის გარეშე, არასრული იქნებოდა. საი-ფაი, როლური ჟანრის ამ თამაშის ავტორი CD Projekt-ია. მის შესახებ პირველად 2012 წელს შევიტყვეთ. სამწუხაროდ, თამაშის გამოშვება ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე გადაიდო და ის ამჟამად 2020 წლის სექტემბრით თარიღდება.

Cyberpunk-ის შემქმნელები ღია სამყაროს ტიპის თამაშს გვპირდებიან, რომლის სიუჟეტიც მომავლის მეგაპოლის Night City-ში ვითარდება. თამაშში V-ის როლს მოირგებთ. პერსონაჟის სქესის, გარეგნობისა და სექსუალური ორიენტაციის არჩევა თქვენი გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ. V დაქირავებული მკვლელია, თუმცა საინტერესო ფაქტია, რომ დეველოპერების განცხადებით, თამაშის დახურვა სხვა პერსონაჟების მოკვლის გარეშეც შესაძლებელია. ასევე ცნობილია, რომ თქვენი გადაწყვეტილებები სიუჟეტის განვითარებასა და დასასრულზე დიდ გავლენას მოახდენს. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს პირველ რუკას?

  • Vici Gaming
  • Newbee

საიბერპანკი ბოლო დროს სულ უფრო და უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს. სამწუხაროდ, ამ ჟანრში, არცისე ბევრი თამაში გვაქვს. იმის გათვალისწინებით, რომ CD Projekt ღია სამყაროს ტიპის თამაშებითაა ცნობილი, Cyberpunk 2077 ნამდვილად დიდი მოვლენა იქნება გეიმინგის სამყაროში. თანაც, თამაშში ყველასათვის საყვარელი კიანუ რივზიც გვხვდება - ჯონი სილვერჰენდის პერსონაჟის სახით. ასე რომ, თუ წელს ერთი თამაშის დახურვას მაინც აპირებთ, ის აუცილებლად Cyberpunk 2077 უნდა იყოს.

2. Outriders

გამოშვების თარიღი: 2020 წლის დეკემბერი

Outriders საბრძოლო ჟანრის კოოპერაციული სტილის თამაშია იაპონური დეველოპერული სტუდია Square Enix-ისგან. თამაში დისტოპიურ მომავალში მიმდინარეობს. დედამიწა განადგურების პირასაა. ადამიანთა პატარა ჯგუფი კოსმოსური ხომალდით სრულიად უცნობ პლანეტა ენოქზე ეშვება, რომელიც კაცობრიობის გადარჩენის ბოლო იმედია. თუმცა, ენოქი არცისე სტუმართმოყვარე ადგილია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს: პლანეტის უცნაური ელექტრონული ანომალია გმირებს ახალ ძალებს შესძენს. სწორედ აქ იწყება ბრძოლა გადარჩენისათვის. 

Outriders-ს Mad Max-ისა და Mass Effect-ის ნაზავია, თუმცა, თავისი უნიკალური თვისებებიც აქვს. სამწუხაროდ, საბრძოლო სისტემაზე ჯერ ბევრი არაფერი ვიცით, თუმცა ცნობილია, რომ თამაშის გავლა შეგიძლიათ როგორც მარტოს (NPC პერსონაჟებთან ერთად), ისე ონლაინ, 2 მეგობართან გუნდის შეკვრით. საი-ფაი სტილის თამაშები უცხო პლანეტებზე ყოველთვის ინტერესის აღმძვრელია. Outriders ჯერ-ჯერობით საკმაოდ შთამბეჭდავი ჩანს - როგორც ვიზუალურად, ისე სიუჟეტისა თუ საუნდტრეკის მხრივ. იმედია, Square Enix საშობაო სეზონზე გაგვახარებს და Outriders-ის სახით ახალ, უნიკალურ ფრენჩაიზს დაუდებს სათავეს. თანაც, მასზე Bulletstorm-ისა და Gears-ის ავტორები მუშაობენ.

3. Mortal Shell

გამოშვების თარიღი: 2020 წლის შემოდგომა

ალბათ არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ ლეგენდარული ფრენჩაიზი Dark Souls უკვე ცალკეულ ჟანრად იქცა. Souls-ის მსგავსი და, თანაც, კარგი თამაშის შექმნა ადვილი საქმე არაა; ფანებიც საკმაოდ პრეტენზიული ხალხია. ალბათ გასაკვირი არცაა, რომ Souls-ის დონის თამაშებად, სწორედ იმავე დეველოპერული სტუდიის, FromSoftware-ის მიერ შექმნილი Bloodborne და Sekiro: Shadows Die Twice მიიჩნევა.

თუმცა შესაძლოა, ამ სიას სულ მალე ახალი თამაში მიემატოს. ახალბედა სტუდია Cold Symmetry-ის მიერ დაანონსებული სათავგადასავლო-როლური ჟანრის Mortal Shell ნამდვილად იმედისმომცემად გამოიყურება.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • Wildcard Gaming
  • Team Ferox

Mortal Shell-ის შთაგონება რომ Souls-ია, ამას თრეილერიდანვე აშკარად ვხედავთ: გეიმფლეი მსგავსია, ატმოსფეროც და პერსონაჟის ჟესტებიც. ეს, ერთი მხრივ, Souls-ის ფანების ნოსტალიის გრძნობაზე თამაშობს, თუმცა მეორე მხრივ, ლეგენდარული თამაშის პრინციპების გამოყენება ბეწვის ხაზზე გავლაა: ერთია, რამიდან შთაგონების მიღება და მეორე - პლაგიატი. 

თუმცა Mortal Shell ნაცნობი თამაშის საკუთარ უნიკალურ ვერსიას გვპირდება: მისი სამყარო საოცრად დახვეწილი და მისტიკურია, რომელშიც მონსტრების მრავალ სახეობას ხვდებით. მათთან გასამკლავებლად იარაღის უამრავი არჩევანიც გაქვთ და მაგიის გამოყენებაც შეგიძლიათ.

საინტერესო ფაქტია, რომ Mortal Shell-ის  ავტორი გუნდი სულ 15 ადამიანისგან შედგება. მისი დამფუძნებლები, წარსულში Sucker Punch-სა და Blizzard-ში მუშაობდნენ. იმედია, სტუდიის პირველი დამოუკიდებელი პროექტი წარმატებული იქნება. 

Mortal Shell 2020 წლის შემოდგომაზე გამოვა. ზუსტი თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

4. Kerbal Space Program 2

გამოშვების თარიღი: 2020 წლის შემოდგომა-ზამთარი

Kerbal Space Program-ის მეორე ნაწილი Gamescom 2019-ის ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი სიახლე იყო. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ 2015 წელს გამოსული KSP ნამდვილი შედევრია, ალბათ, უნდა მივმხვდარიყავით, რომ თამაშის მეორე ნაწილსაც, ადრე თუ გვიან, ვიხილავდით.

KSP კოსმოსური მოგზაურობის სიმულატორია, რომელშიც მწვანე ფერის, ადამიანისებრი არსება ''კერბელები'' სხვადასხვა პლანეტებზე მოგზაურობენ. მოთამაშე სწორედ ამ არსებებს აკონტროლებს. კერბელებს შეუძლიათ კოსმოსური ბაზებისა და ხომალდების აგება, მინერალების მოპოვება და სხვა. მოთამაშე მათ დავალებებს აძლევს და მისიებზე აგზავნის. მისიები, შესაძლოა იყოს ამა თუ იმ ასტეროიდის გამოკვლევა, პლანეტების დაპყრობა და აშ. 

Kerbal Space Program-ის ერთ-ერთი საინტერესო ნაწილი ისაა, რომ ასტრონავტების აღჭურვილობა და მათი ხომალდები, რეალურ, NASA-ს მიერ გამოყენებულ დიზაინებზეა დაფუძნებული. 

გამოკითხვა

როგორი იქნება რუკების ზუსტი ანგარიში?
Vici Gaming vs Beyond Esports

  • 1:2
  • 2:1
  • 2:0
  • 0:2

Kerbal Space Program 2-ის გამოშვების ზუსტი თარიღი ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის. გეიმსქომზე გაკეთებული განცხადების თანახმად, თამაში 2020 წლის დასაწყისში უნდა გამოსულიყო, თუმცა ამ თარიღმა ჯერ აპრილამდე გადაიწია, შემდეგ კი - წლის ბოლომდე. მეორე თამაშზეც იგივე გუნდი მუშაობს, რომელმაც ფრენჩაიზის პირველი ნაწილი შექმნა, თუმცა ისინი ამჯერად დეველოპერულ სტუდია Star Theory-ში არიან გაერთიანებული. ეს სტუდია Monday Night Combat-ისა და Planetary Annihilation-ის ავტორია.

5. Ghost of Tsushima 

გამოშვების თარიღი: 2020 წლის 17 ივლისი

Ghost of Tsushima-ს ისტორია ფეოდალური ხანის იაპონიაში ვითარდება. მისი მთავარი გმირი, სამურაი, რომელსაც ''აჩრდილს'' უწოდებენ, მონღოლების იმპერიას ებრძვის. სიუჟეტი ისტორიულ მოვლენებს ეყრდნობა, რომელთა განვითარებაც 1274 წელს დაიწყო - როდესაც მონღოლებმა კუნძულ ცუშიმას დაპყრობა შეძლეს. მთავარი გმირის მიზანია, კუნძულზე შეიპაროს, მტრები გაანადგუროს და დაიბრუნოს იაპონიის ტერიტორია. 

Ghost of Tsushima-ს შესახებ პირველად 2018 წლის E3-ზე გახდა ცნობილი. თამაშის საოცარმა ვიზუალმა, ისტორიულმა სიზუსტემ და მოქნილმა საბრძოლო სისტემამ მაშინვე მიიქცია გეიმერთა ყურადღება. Ghost of Tsushima-ს ავტორი დეველოპერული სტუდია Sucker Punch-ია. კომპიუტერული თამაშების კრიტიკოსები და ჟურნალისტები თანხმდებიან, რომ ეს თამაში ამ სტუდიის ყველაზე მასშტაბური და ამბიციური პროექტია. სამწუხაროდ, ის PlayStation-ის ექსკლუზივია, შესაბამისად, ამ სტატიაში ნახსენები სხვა თამაშებისგან განსხვავებით, მისი გამოცდის ბედნიერება მხოლოდ ამ კონსოლის მფლობელებს ექნებათ.

როგორც ხედავთ, 2020 წელს, თამაშების მოყვარულებს მოწყენილობა ნამდვილად არ გვემუქრება: ამ ხუთი თამაშის გარდა, რომელიც სტატიისთვის შევარჩიეთ, უამრავი საინტერესო რამ გველოდება. მაგალითად: Wasteland 3, როლური ჟანრის ფრენჩაიზის მესამე ნაწილი, რომელიც 28 აგვისტოს გამოვა. ასევე Dying Light 2, რომლის გამოშვების თარიღიც, სამწუხაროდ, ისევ გაურკვეველია. New World, ღია სამყაროს ტიპის MMORPG თუ ახლად დაანონსებული Assassin's Creed: Valhalla. მოკლედ, როგორი გემოვნებაც არ უნდა გქონდეთ  თამაშებში, 2020 ბევრ საინტერესოს გპირდებათ!

კომენტარები

ბოლო ამბები