Thumbnail

შუაღამით ვარჯიში, კლუბები და ფასტ-ფუდი - ფლოიდ მეივეზერის უჩვეულო ცხოვრება

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • მეივეზერის უჩვეულო ცხოვრების წესი - ბევრი გართობა და ბევრი ვარჯიში
  • ხშირად ის შუაღამით კლუბიდან გამოსვლის შემდეგაც ვარჯიშობს
  • მისი დიეტა სხვა ათლეტებისგან განსხვავდება

ფლოიდ მეივეზერი წინააღმდეგობრივი კაცია. როგორც მასზე დაწერილ ერთ კარგ წიგნშია - Great in the Ring, Shitty in Life - ძალიან დიდი რინგზე და ცუდი ადამიანი ცხოვრებაში. მეივეზერის ცხოვრებაში ბევრი რამ ყოფილა - რთული ბავშვობა, ციხე ოჯახური ძალადობისთვის, სტრიპტიზ-კლუბებში ფულის ჰაერში სროლა და, რაც მთავარია, 50 ბრძოლაში 50 გამარჯვება.

მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა ვინმეს მისი სტილი და გულშემატკივრობს მას თუ არა, ვერავინ უარყოფს ფაქტს, რომ ორ ათეულ წელიწადზე მეტია, მისი დამარცხება კი არა, მისთვის სახეში ხელის კარგად მირტყმაც ვერავინ შეძლო. კითხეთ ამის შესახებ მარკოს მაიდანას, კანელო ალვარესს ან მენი პაკიაოს და დაადასტურებენ.

მრავლისმთქმელია მისი ერთ-ერთი მეტსახელი - Pretty Boy ანუ "ლამაზი ბიჭი". ფლოიდმა კარიერა ისე დაამთავრა, სახეზე სისხლი არ ჰქონია.

მისი მეორე მეტსახელი Money, იმ დროიდან მოდის, როდესაც მან რინგზე ასეულობით მილიონის გამომუშავება და ფულის ჰაერში სროლა დაიწყო.

მენი პაკიაოსთან ბრძოლის წინ

მეივეზერს უჩვეულო ცხოვრების წესი და ვარჯიშის სისტემა აქვს. თუკი დიდი ჩემპიონების სამუშაო ეთიკაზე მხოლოდ კობი ბრაიანტის ან კრიშტიანო რონალდოს მაგალითი გახსენდებათ, ცდებით, მეივერზერს სხვა, ყველასგან, განსხვავებული სტილი აქვს.

სხვებს ძინავთ, ის ვარჯიშობს

ფლოიდ მეივეზერი ძალიან ბევრს ვარჯიშობს, ოღონდ მაშინ, როცა მას სურს. მისი საფირმო სტილი გვიან ღამით, გათენებამდე ვარჯიშია. მას სჯერა, რომ ეს მას კონკურენტებთან შედარებით ფსიქოლოგიურ უპირატესობას აძლევს - მათ სძინავთ, ის კი ვარჯიშობს.

მას შეუძლია ლას ვეგასში სტრიპტიზ-კლუბიდან გამოვიდეს და სავარჯიშო სამოსის გარეშე, უკან სასტუმროში სირბილით წავიდეს. სირბილს მის საწვრთნელ პროცესში განსაკუთრებული როლი აქვს.

"მაკგრეგორს ისე სცემს, სუნთქვა არ აუჩქარდება", - წინასწარმეტყველებდა კონორთან ბრძოლის წინ მისი ყოფილი ოპონენტი მარკოს მაიდანა.

2014 წელი - მეივეზერი და მაიდანა

მისი ბიძა როჯერი, მწვრთნელი და აღმზრდელი: "ის ვარჯიშზე შეშლილია. სადაც უნდა იყოს, რესტორანში, ღამის კლუბში, გამოვა და სირბილს დაიწყებს".

ფლოიდ მეივეზერი: "სხვა მებრძოლებს სხვანაირი გრაფიკი აქვთ. მე გვიანობით ტიმბელენდის ფეხსაცმლით, ჯინსით, მაისურითა და რაც მაცვია, იმით დავრბივარ".

მისი ერთ-ერთი ოპონენტი და შემდეგში სპარინგ-პარტნიორი დემარკუს კარლეი ადასტურებს, რომ არასოდეს იცი, როდის დაიწყებს ფლოიდი ვარჯიშს. მას შეუძლია კლუბიდან გამოვიდეს, მანქანიდან ფეხსაცმელი აიღოს და სარბენად წავიდეს, ვარჯიშს დილის 4 საათზე მორჩეს და მეორე დღეს გვიანობამდე იძინოს. შემდეგ ისევ ჯიმში დაბრუნდეს და თავდაუზოგავად ივარჯიშოს.

მისი გუნდის წევრებმა და გარემოცვამ იცის, რომ სულ მზად უნდა იყოს - ფლოიდმა ნებისმიერ დროს შეიძლება დარეკოს და სავარჯიშოდ გაყოლა ითხოვოს.

HBO-ს დოკუმენტურ ფილმში მისი მენეჯერი ლეონარდ ილერბი მაყურებელს ტელეფონს აჩვენებს და ამბობს, რომ მეივეზერმა ღამის ორ საათზე დარეკა და ის მას ჯიმში უნდა შეხვდეს.

მენი პაკიაოსთან ბრძოლის წინ ფლოიდის სპარინგ-პარტნიორი იხსენებდა, რომ მეივეზერის ვარჯიში 5 საათს გრძელდებოდა, რასაც 16-კილომეტრიანი კროსი მოყვებოდა, ამის შემდეგ კი მას შეიძლება გვიან ღამით დაერეკა და მორიგ ვარჯიშზე წასულიყო.

"ჩვენ 4-5 საათს ვვარჯიშობდით, ამას 16 კილომეტრიანი გარბენი მოყვებოდა. ღამის 2-ზე ეს შეშლილი ისევ რეკავდა და სარბენად გაყოლას მთხოვდა".

მეივეზერის ‘დიეტა’

ამ ტიპის ვარჯიში მეივეზერის ცხოვრების წესიდან მომდინაროებს - ის ბევრს ერთობა და ბევრს ვარჯიშობს. მრავალსაათიანი ვარჯიშის შემდეგ, მისი ნახვა კლუბებში მუდამ შეიძლება - მისი ორი მთავარი გასართობი "გემბლინგი" და სტრიპტიზ-კლუბებია. კარიერის მანძილზე მას მილიარდზე მეტი დოლარი აქვს ნაშოვნი, ამ ფულის მნიშვნელოვანი ნაწილი კი უკვე დახარჯული.

ფლოიდ მეივეზერის ჩვეული გართობა

ცხოვრების ამ წესიდან გამომდინარე, მისი "დიეტა" ბუნებრივად განსხვავდება სხვა ელიტური ათლეტების კვებისგან. მისი ნახვა ბურგერ-კინგშიც შეიძლება და პეპსით ხელშიც.

2014 წელს მარკოს მაიდანასთან ბრძოლის წინ, თავის ჯიმში მან ამაყად გამოაცხადა: "კოკა-კოლას ვსვამ, პიცას ვჭამ, მთელ დღეს გოგონებთან ერთად ვატარებ და ჩემი დამარცხება მაინც არავის შეუძლია".

კომენტარები

ბოლო ამბები