Thumbnail

ინტერიც ვარჯიშს იწყებს - უცნაური სიტუაცია იტალიაში

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • მთავრობის დადგენილებით, ფეხბურთელების ბაზების გამოყენება არ შეეძლოთ
  • პროტესტის შემდეგ, გუბერნატორებმა კლუბებს ბაზების გამოყენების ნება დართეს

იტალიურ ფეხბურთში უცნაური სიტუაციაა. კლუბები 4 მაისიდან ვარჯიშის დაწყების უფლებას ელოდებოდნენ. თუმცა, იტალიის პრემიერმა კონტემ მეორე ფაზაზე გადასვლის შემდეგ (4 მაისიდან), სპორტის ინდივიდუალური სახეობების წარმომადგენლებს ვარჯიშის დაწყების უფლება მისცა. ინდივიდუალურად ვარჯიში ფეხბურთელებსაც შეუძლიათ, თუმცა მხოლოდ საზოგადოებრივ სივრცეში - საკუთარი ბაზების გამოყენება მათ ეკრძალებათ.

ეს სიტუაცია გააპროტესტეს კლუბებმაც და ფეხბურთელებმაც. მათ მიიჩნიეს, რომ ანომალიურია ვარჯიშის უფლება გქონდეს პარკში და არა - ბაზაზე.

იტალიის სპორტის მინისტრი ვინჩენცო სპადაფორა ამ შეზღუდვებს ბოლომდე მხარს უჭერდა, თუმცა ზეწოლამ და პროტესტმა შედეგი გამოიღო და ადგილობრივმა გუბერნატორებმა კლუბებს მათ ტერიტორიაზე ვარჯიშის უფლება მისცეს. ასე მოხდა მაგალითად, კალაბრიაში, ემილია-რომანიაში, ლაციოში და ა.შ.  შედეგად გამოვიდა, რომ მთავრობის შეზღუდვის მიუხედავად, კლუბების უმეტესობას ვარჯიშის დაწყების უფლება მაინც აქვს.

ამ კლუბებს მიემატა მილანის ინტერიც, რომელიც ვირუსის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ ლომბარდიის რეგიონს წარმოადგენს. შედეგად, მთავრობა თავისი პოზიციის გადახედვას უკვე ოფიციალურად აპირებს და უახლოეს დღეებში ყველა კლუბი დაიწყებს ვარჯიშს.

ვარჯიშები ჯერ-ჯერობით მცირე ჯგუფებით და ინდივიდუალურად დაიწყება, 18 მაისიდან კი მთელი გუნდით ვარჯიშიც ნებადართული იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები