Thumbnail

კუმანი საავადმყოფოშია - ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელი გულმა შეაწუხა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • რონალდი ველოსიპედით სეირნობდა, როდესაც თავი შეუძლოდ იგრძნო
  • ბოლო მონაცემებით, მისი მდგომარეობა საგანგაშო არ გახლავთ

ნიდერლანდების საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი საავადმყოფოში იმყოფება და სპეციალური პროცედურები უტარდება.

წარსულში ცნობილი ფეხბურთელი კლინიკაში დღეს საღამოს მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც გულთან დაკავშირებული პრობლემები იგრძნო. რონალდი ველოსიპედით სეირნობდა, როდესაც შეუძლოდ შეიქმნა და ის საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანამ გადაიყვანა.

კუმანი ამსტერდამის კლინიკაში იმყოფება და მას უკვე ჩაუტარდა გულის კათეტერიზაცია. 57 წლის სპეციალისტის მდგომარეობა სტაბილურია და გამორიცხული არაა, ის შინ ორშაბათსვე გაწერონ.

შეგახსენებთ, რომ კუმანის ხელმძღვანელობით, ნიდერლანდელებმა ერთა ლიგის ფინალსა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა მოახერხეს, არადა, მანამდე გუნდს ევრო-2016 და 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ჰქონდა გამოტოვებული.

რონალდს აიაქსში, პსვ-ში, ბარსელონასა და ფეინოორდში სახელოვანი კარიერა ჰქონდა, სამწვრთნელო საქმიანობა კი, 1997 წელს დაიწყო და 2018 წელს ქვეყნის ეროვნული ნაკრების მესაჭეობამდეც მიაღწია.

კომენტარები

ბოლო ამბები