Thumbnail
  • 'პირველი შეჯახების შემდეგ, მოვუბოდიშე, თუმცა, ცუდი რეაქცია ჰქონდა'
  • იტალიელმა მცველმა სკანდალური ეპიზოდის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა

იტალიის ნაკრების ყოფილ მცველს მარკო მატერაცის ინსტაგრამ-ლაივი ჰქონდა და სხვა საკითხებთან ერთად, ზინედინ ზიდანთან მომხდარ ინციდენტს კიდევ ერთხელ შეეხო.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ქომაგებისთვის დაუვიწყარი ეპიზოდი 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის დამატებით დროში მოხდა. მატერაციმ ფრანგი ვარსკვლავი გამოიწვია, რომელმაც მკერდში თავი ჩაარტყა და წითელი ბარათი მიიღო. ის შეხვედრა პენალტების სერიამდე მივიდა (ძირითად დროში გოლები სწორედ ზიდანმა და მატერაციმ გაცვალეს), სადაც იტალიელებმა 5:3 მოიგეს.

“ზიდანის დარტყმა? მართალი გითხრათ, არ ველოდი. გამიმართლა, რომ ეს უეცრად მოხდა, თორემ მზად რომ ვყოფილიყავი, დარწმუნებული ვარ, ვუპასუხებდი და ორივეს გაგვაძევებდნენ. იმ ეპიზოდამდე საჯარიმოს ფარგლებში ერთმანეთს რამდენჯერმე შევასკდით. მან პირველი ტაიმში გაგვიტანა და მარჩელო ლიპიმ მთხოვა, უფრო მკაცრი მეურვეობა დამეწესებინა. სხვათა შორის, პირველი შეჯახების შემდეგ, მოვუბოდიშე, თუმცა, ცუდი რეაქცია ჰქონდა. აი, მესამეჯერ რომ მოგვივიდა მცირე წაკამათება, უკვე მე ვუპასუხე უხეშად, მან კი, დამცინავად მითხრა, რომ მატჩის შემდეგ მაისურს მომცემდა. ვუთხარი, რომ მისი და მერჩივნა, შემდეგ კი, ყველაფერი თავად ნახეთ”.

სხვათა შორის, ამ ინციდენტის დეტალები დიდი ხნის განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო და თავად ზიდანი აღნიშნულზე საუბარს ყოველთვის ერიდებოდა. ფეხბურთის ქომაგებში დღემდე გაყოფილია აზრი იმის შესახებ, ზიზუ ფინალში სწორად მოიქცა თუ – არა.

კომენტარები

ბოლო ამბები